„ანტრე“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - ბრენდი საერთაშორისო გაფართოების ახალ ეტაპზე გადადის | ინტერვიუ კომპანიის თანადამფუძნებელთან
ლონდონსა და ბაქოში წარმატებული გაფართოების შემდეგ, Entrée • ანტრე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლის გეგმას აქტიურად ამუშავებს. „ანტრეს“ თანადამფუძნებლის, ჟან მიშელ შარლის განცხადებით, საერთაშორისო ზრდა „ანტრეს“ სტრატეგიის ორგანული გაგრძელებაა, კომპანია გეგმავს გაფართოებას თუმცა პრემიუმ და ლიმიტირებული ფორმატით.
ბრენდი, რომელიც ქართულ, ფრანგულ და ხმელთაშუა ზღვის კულინარიულ კულტურებს აერთიანებს, ახალ ბაზრებზე შესვლას კვლავ საკუთარი რესურსით გეგმავს და არ განიხილავს ფრანშიზის მოდელს. სტრატეგია ეფუძნება ხარისხის კონტროლის სრულ შენარჩუნებას, ლოკალურ კულტურაზე მორგებულ კონცეფციას და თითოეულ ქალაქში შეზღუდული რაოდენობის - 15-20 ობიექტის - განვითარებას.
დეტალებზე Business Insider Georgia „ანტრეს“ თანადამფუძნებელს ჟან მიშელ შარლს ესაუბრა.
როგორ შეაჯამებდით 2025 წელს „ანტრესთვის“ ყველა ბაზარზე? რამდენად გამართლდა პროგნოზები გაყიდვების ზრდისა და მომხმარებელთა ნაკადის კუთხით?
2024 წელთან შედარებით, სამივე ქვეყანაში 10%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ, რაც ნამდვილად კარგი შედეგია და სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს როგორც გაყიდვების, ისე მომხმარებელთა ნაკადის ზრდის თვალსაზრისით.
2025 წელს ბრენდმა რამდენიმე ახალი პროდუქტის ხაზი დაამატა. რომელი მიმართულება ან პროდუქტი აღმოჩნდა წლის „ბესტსელერი“ და როგორ შეიცვალა მომხმარებლის გემოვნება პოსტპანდემიური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე?
2008 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან, „ანტრე“ ქმნის ცხოვრების სტილს, რომელიც ჯანსაღ არჩევანზეა დაფუძნებული. წარმოიდგინეთ მომხმარებლის რეაქცია 2008 წელს, როდესაც გახსნიდან პირველივე დღეს გამოვაცხადეთ, რომ „ანტრეში“ სიგარეტის მოწევა აკრძალულია! იმ დროისთვის ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გახლდათ და მომხმარებელთა დიდი ნაწილი პროტესტით შეხვდა. მათთვის წარმოუდგენელი იყო ყავისა და ფუნთუშის მირთმევა სიგარეტის გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოზიცია ურყევი დარჩა: სივრცეში, სადაც ხელოვნური საფუარისა და დანამატების გარეშე, დღეში სამჯერ, მჟავე ცომზე და სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებით ცხვება ფრანგული პური და მზადდება სხვა და სხვა ჯანსაღი პროდუქტები სიგარეტის კვამლს არაფერი ესაქმება. დღეს ეს პრაქტიკა ყველა კაფისა და რესტორნისთვის ნორმაა, თუმცა მაშინ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ჩვენი ხედვა დღემდე უცვლელია - ჯანსაღ გარემოში იქმნება ჯანსაღი პროდუქტები. აქტიურად ვმუშაობთ ვეგან, ვეგეტარიანულ ასევე უგლუტენო და უშაქრო ასორტიმენტის განვითარებაზე და გვახარებს, რომ მომხმარებელი ამ გზაზე აქტიურად მოგვყვება.
„ანტრეს“ უშაქრო და უგლუტენო “მაჩას დესერტი”, ერთ-ერთი უახლესი პროდუქტია, რომელიც ასორტიმენტს დაემატა და უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
რამდენად გაიზარდა მიტანის სერვისისა და „ანტრეს“ აპლიკაციის წილი მთლიან გაყიდვებში 2025 წლის განმავლობაში?
„ანტრე“ არასოდეს ყოფილა ჩართული მიტანის სერვისების პროგრამებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანთან ფიზიკური ურთიერთობა - გვიყვარს, როცა მომხმარებელს პირადად ვხვდებით, ვემსახურებით, ვუსმენთ და ვიმახსოვრებთ მის პრეფერენციებს, რათა შემდეგ ვიზიტზე ზუსტად ის შევთავაზოთ, რაც უყვარს, „ანტრეში“ არა მხოლოდ პროდუქტისთვის არამედ ემოციისთვის მოდის მომხმარებელი და სწორედ ეს ემოცია აბრუნებს მას ყოველდღიურად უკან.
თქვენი გამოცდილება ლონდონში ქართული ბიზნესისთვის ერთგვარი მაგალითია. რა არის შემდეგი ეტაპი დიდ ბრიტანეთში - იგეგმება თუ არა ქსელის გაფართოება ლონდონის გარეთ?
ლონდონის ათვისების პროცესი გრძელდება, თუ თბილისში „ანტრე“ ფრანგულ ასორტიმენტით არის სახელგანთქმული და ფრანგული საცხობების ქსელის სახელწოდებას ატარებს, ლონდონში მე და ჩემს ქართველ პარტნიორს ამოცანა სხვა გვქონდა: „ანტრეს“ ბრიტანული ვერსია - Entrée Tbilisi, ოდნავ სახეცვლილი ფორმატით და ქართული უნიკალური კერძების აქცენტით წარმოვადგინეთ, ამ ფორმატმა წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი და საკუთარი აუდიტორია უკვე შეიძინა. დღეს ლონდონში ოთხი „ანტრე“ ფუნქციონირებს და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება.
აზერბაიჯანისა და ბრიტანეთის შემდეგ, რომელი ბაზრებია თქვენს რადარზე?
ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე. მათ შორის, უკვე მუშავდება ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარების გეგმა. ლონდონსა და ბაქოში მიღწეულმა წარმატებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „ანტრე“ უნიკალურია თავისი შეთავაზებით და დიდი პოტენციალი აქვს ნებისმიერ ქვეყანაში.
როგორ ახერხებს „ანტრე“ პრემიუმ ხარისხის შენარჩუნებას ფასების ზრდის პირობებში?
ჩვენ ყოველდღიურად ერთ იდეას ვემსახურებით - შევქმნათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. მაგალითად, პურის მიმართულებით, საფრანგეთში რამდენიმე წისქვილთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც სპეციალურად ჩვენთვის ფქვავენ ფქვილს. უკვე 17 წელია, მის იმპორტს თავად ვახორციელებთ. „ანტრეს“ პური არ შეიცავს საფუარს და მზადდება მჟავე ცომის ბაზაზე, ვაშლისა და ფორთოხლის ცედრის ბუნებრივი ბაქტერიების გამოყენებით. ასეთ ცომს მინიმუმ 24 საათი სჭირდება ამოსასვლელად, თუმცა შედეგად ორგანიზმისთვის გლუტენის გადამუშავება გაცილებით მარტივია. მჟავე ცომზე დამზადებული პური — sourdough ჯანსაღია და მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებით. იგივე მიდგომა გვაქვს ყველა დანარჩენ მიმართულებაში - იქნება ეს სალათები, სენდვიჩები თუ ყავა. ერთი წელია, რაც დიდ ბრიტანეთიდან Specialty Coffee Monmouth ჩამოგვაქვს, რომელმაც უკვე ბევრი ერთგული მომხმარებელი შეიძინა თავისი გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და არომატის გამო.
საერთაშორისო გაფართოებისას იყენებთ თუ არა ფრანშიზის მოდელს?
ნებისმიერ ბაზარზე საკუთარი რესურსით შევდივართ - განვითარების ეს ფორმატი ჩვენთვის უფრო მისაღებია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული ქვეყნისა თუ კულტურის თავისებურებების შესახებ მეტი ცოდნა დავაგროვოთ. “ანტრე” - დღეს გახლავთ ისეთი კულტურების ნაზავი როგორიცაა: ქართული, ფრანგული და ხმელთაშუა ზღვა, საერთაშორისო ბაზარზე განვითარებისას განსაკუთრებულ აქცენტს ქართული კულინარიის წარმოჩენაზე ვაკეთებთ, ამიტომაც ვთვლით მის წარმოჩენას ვერცერთი ფრანშიზა ისე ვერ შეძლებს როგორც ჩვენ ამ რწმენით და მისი საფუძვლიანი ცოდნით.
როგორ უმკლავდებით კადრების დეფიციტს მომსახურების სფეროში?
მიუხედავად იმისა, რომ კადრების დინამიკა მომსახურების სფეროში ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ გუნდში უმეტესად 10- და 15-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები გვყავს. ახალი კადრის აყვანისას სრულიად გამოუცდელ ადამიანებს ვანიჭებთ უპირატესობას, გვირჩევნია თავად გამოვზარდოთ პროფესიონალები სწორი ღირებულებებით.
რამდენად ეხმარება ბრენდს მისი ქართული წარმომავლობა საერთაშორისო ბაზარზე?
ქართული წარმომავლობა „ანტრეს“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა და ბრენდს გამორჩეულს ხდის ბრიტანულ თუ სხვა ბაზარზე. ლონდონის „ანტრეში“ შეგიძლიათ შეხვდეთ ლეგენდარული ჯგუფის Pink Floyd-ის სოლისტ დევიდ გილმორს, რომელიც ქართულ ფხალს და აჭარულ ხაჭაპურს მიირთმევს. ასევე, Balenciaga-ს არაერთხელ შეუკვეთავს ქართული კერძები ლონდონის „ანტრესგან“ იმ პერიოდში, როდესაც დემნა გვასალია ბრენდის კრეატიული დირექტორი იყო და განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობდა. ლონდონის „ანტრე“ აერთიანებს როგორც ტრადიციული ფრანგული კულინარიის მოყვარულებს, ისე აუდიტორიას, რომელიც ახალ და განსხვავებულ გემოებს ეძებს.
რა აღმოჩნდა ყველაზე დიდი სირთულე საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას?
ჩვენთვის ახალი გამოწვევები პროცესის ბუნებრივი ნაწილია. სწორი ლოკაციის შერჩევა და ისეთი ასორტიმენტის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არამედ ხვალინდელ მოთხოვნებს აყალიბებს, ანტრეს წარმატების მთავარი ფორმულაა.
გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავთ თუ არა „ანტრეს“ როგორც გლობალურ ბრენდს, თუ სტრატეგია რჩება შერჩეულ პრემიუმ ბაზრებზე კონცენტრირებული?
დაარსების დღიდან ვიცოდით, რომ „ანტრე“ მხოლოდ საქართველოსთვის არ იქმნებოდა. იდეა სწორედ ქართული და ევროპული კულტურების შერწყმა იყო, რათა შეგვექმნა უნიკალური ბრენდი სხვადასხვა ბაზრისთვის. ტექნოლოგია, რომლითაც ვმუშაობთ, ძირითადად ხელნაკეთ წარმოებაზეა დაფუძნებული, ამიტომ მისი მასობრივი წარმოება შეუძლებელია. ჩვენი ხედვაა განვითარდეთ ევროპის და ამერიკის დიდ ქალაქებში სადაც თითოეულ მათგანში ლიმიტირებული რაოდენობის 15-20 კაფე იქნება წარმოდგენილი და არა 100 და 200.
სხვა სიახლეები
მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს - კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი ნათია გურგულია
11.02.2026.15:38
ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს - ამის შესახებ კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გურგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გურგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.
„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს.
იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ - მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს — ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება“ - განაცხადა გურგულიამ.