ამ ტემპის შენარჩუნება არის საკვანძო მნიშვნელობის იმისათვის, რომ მუდმივად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება - ირაკლი კობახიძე ეკონომიკურ ზრდაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა. საქსტატის მონაცემის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უშუალოდ ეკონომიკის მართვის კუთხით. მათ შორის ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით, რკინიგზის მიმართულებით, სხვა სფეროებში. ბუნებრივია, ეს თანდათანობით, კიდევ უფრო მეტად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე.
ჩვენ გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. წინასწარი პროგნოზით, დაახლოებით 5% უნდა ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა. თუმცა, იცით, რომ ჩვენ ყოველ წელს გადაჭარბებით ვასრულებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს. შესაბამისად, აქაც იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა გვექნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე არის გათვალისწინებული საბიუჯეტო პროგნოზით.
ჩვენ შარშან მოგვიწია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება კორუფციული რისკების პრევენციის მიზნით. ამის ხარჯზე საბოლოო ჯამში ვერ დაიხარჯა დაახლოებით 400 მილიონი ლარი გასული წელს. თუმცა, ეს 400 მილიონი ლარი გადმოდის მიმდინარე წელს. შესაბამისად, ესეც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.
ჩვენ გვყავს გამორჩეულად ძლიერი გუნდი, რომელიც ხელმძღვანელობს ეკონომიკის მიმართულებას - ვგულისხმობ ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის მინისტრებს. რა თქმა უნდა ესეც არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ წელს გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ ტემპის შენარჩუნება არის საკვანძო მნიშვნელობის იმისათვის, რომ მუდმივად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება”, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6759 ლარი გახდა
27.02.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1581 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6759 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6759 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1581 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1544 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.