ამ დროისათვის შიდა ფრენები ნატახტრის აეროდრომიდან სრულდება, თუმცა გვინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოვიტანოთ - ლევან მოსეშვილი
აქტიურად ვმუშაობთ, რომ შიდა ფრენების კუთხით ახალი მიმართულებები დავამატოთ, სიხშირეები გავზარდოთ, უფრო მეტი სერვისი და კომფორტი შევთავაზოთ მგზავრებს, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მოსეშვილის განმარტებით, შიდა ფრენებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სამომავლოდ შესაძლოა შიდა ფრენები ისე განვითარდეს, რომ სუბსიდია საჭირო აღარც კი გახდეს.
„წლებია საქართველოში შიდა ფრენები ხორციელდება და მოთხოვნაც ყოველწლიურად მზარდია. დღესდღეობით ჩვენს ფრენებს ვასრულებთ სახელმწიფოს დახმარებით და სუბსიდიით. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მგზავრს, რომ არ დააწვეს ბილეთის თვითღირებულება სახელმწიფო გვეხმარება, რომ პირველ ეტაპზე განვავითაროთ. როდესაც გაძლიერდება და ფეხს მოიკიდებს შიდა ფრენები თავის თავს შეინახავს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ზაფხულში გავაორმაგოთ სიხშირეები მესტიის მიმართულებით.მესტია ძალიან აქტუალურია. მახსოვს მესტიის აეროპორტის პირველი დღეები, როდესაც მესტიის აეროპორტის განვითარება დავიწყეთ ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი მოსახლეობა. დღეს რადიკალურად სხვა სურათი გაქვს. მესტიაში აბსოლუტურად სხვა სეგმენტის ტურისტი გვაქვს. ძალიან მოთხოვნადია. ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ტურისტებს შევთავაზოთ უფრო მოქნილობა. ტურისტისთვისაც მომხიბვლელია საჰაერო გადასვლა, საჰაერო მიმოსვლა, რაც თავისთავად დროს ზოგავს. წარმოიდგინეთ თბილისიდან მესტიაში საშუალოდ 8 საათი გვჭირდება ავტოტრანსპორტით, რომ წავიდეთ. მაგრამ როდესაც ფრენა შესრულდება მგზავრობას 1-1,15 საათი სჭირდება. დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ბათუმის მიმართულებითაც. კი ავტობანი მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საათზე ნაკლებ დროში იქ აღმოჩნდები ეს უკვე ძალიან დიდი კომფორტია“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, შიდა რეისებით საქართველოს მოქალაქეების გარდა აქტიურად სარგებლობენ უცხოელი ტურისტებიც. მათი პროცენტული გადანაწილება კი ამ შემთხვევაში 50/50-ზეა.
„გვაქვს იმის მოლოდინები და ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ, სიხშირეები გავზარდოთ, უფრო მეტი სერვისი და კომფორტი შევთავაზოთ მგზავრებს და უფრო ცნობადი გავხადოთ შიდა ფრენები მოსახლეობაში. ამ დროისათვის შიდა ფრენები ნატახტრის აეროდრომიდან სრულდება. თუმცა გვინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოვიტანოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოსული მგზავრისთვის უფრო მოსახერხებელია, რომ პირდაპირი კავშირი ჰქონდეს. და თბილისის აეროპორტიდან ნატახტარში წასვლა ავარიდოთ და პირდაპირ დედაქალაქის აეროპორტიდან მოხდეს დაკავშირება სხვადასხვა ქალაქებთან. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და მომავალში მივიღებთ ალბათ ახალ სურათს“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.23:18
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად ინტენსიურად მუშაობს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, 15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს ემატება ახალი ავიაკომპანია Air Serbia, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კი ახალი მიმართულება - ლიონი ემატება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ავიაკომპანიებთან. British Airways-ი ეს ერთ-ერთი პრესტიჟული და ძველი ავიაკომპანიაა ევროპაში. ძალიან რთული იყო ეს პროცესი, რომ British Airways-თან მოლაპარაკებები გვეწარმოებინა, რათა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსულიყო. მით უმეტეს ლონდონის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. სლოტის პოვნა, რომ British Airways-ს საქართველოს მიმართულებით სლოტი ჩაესვა ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. ერთი რაც შემიძლია სასიხარულო ინფორმაცია აღვნიშნო ჩვენ სრულად ახალი მიმართულება გვემატება. 15 ივნისს ველოდებით Air Serbia-ს. საქართველოს მიმართულებით Air Serbia-ს პირველი ფრენა შესრულდება 15 ივნისს. თბილისისთვის ეს სრულად ახალი მიმართულებაა და იმედი გაქვს, რომ ამ მიმართულებიდან ახალი ტურისტული ნაკადები შემოვა. პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირი მიმოსვლა კომფორტიც არის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ბიზნეს სექტორიც. ბიზნეს პარტნიორებთან უფრო მარტივი და მოქნილია, როდესაც არის პირდაპირი მიმოსვლა. ავიაციას ხუმრობით დროის მანქანასაც ვუწოდებთ. საჰაერო მიმოსვლა დროს გვიზოგავს ძალიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ივნისს ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებას ვხსნით. ლიონი ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ჩვენი საამაყო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს ლიონში და გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულოა და მის თამასებზე შეუძლიათ თამამად ჩავიდნენ. ველოდებით ახალ მიმართულებაზე დატვირთვას. პოზიტივს ვინარჩუნებთ და გაქვს იმის იმედი, რომ ყველა მიმართულება ზაფხულში იქნება ძალიან დატვირთული. ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენც სერვისებს უმაღლეს დონეზე შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს და ყველა იქნება კმაყოფილი, რომ კვლავ დაგვიბრუნდნენ საქართველოში“, განაცხადა ლევან მოსეშვილმა.