ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ინვესტორები უსაფრთხო აქტივების ძიებაში არიან - TBC Capital
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ინვესტორები უსაფრთხო აქტივების ძიებაში არიან. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მყისიერად გაიზარდა ტრადიციული უსაფრთხო აქტივების ფასი, როგორებიცაა აშშ დოლარი, შვეიცარიული ფრანკი და ოქრო.
„ამავდროულად, თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ აშშ დოლარი გასული წლის განმავლობაში განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც ავლენდა, რასაც დიდწილად საშუალო და გრძელვადიანი სტრუქტურული ფაქტორები განაპირობებდა. ეს ფაქტორები, თავისთავად, კვლავ სახეზეა; ამდენად, აშშ დოლარის მოკლევადიან გამყარებას რისკებიც ახლავს თან. ამ ყველაფრის ფონზე, ხომ არ შეიძლება, პირიქით, განვითარებადი ეკონომიკის ვალუტაც, ნაწილობრივ მაინც, უსაფრთხო აქტივად განვიხილოთ? რამდენად შესაფერისია ამ როლისთვის უზბეკური სუმი?
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი ჩვენი პუბლიკაციების სერია უზბეკურ სუმში ინვესტირების შესახებ. ამ მხრივ, სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე პირველად 2024 წლის ოქტომბერში ვისაუბრეთ, გასული წლის ივნისში კი უკვე პროგნოზებს დავუბრუნდით და მათი მართებულობა შევაფასეთ. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა?
მიმდინარე მოვლენები, მოკლევადიან პერიოდში, კიდევ ერთხელ მიუთითებს უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობაზე, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს. ეს, თავის მხრივ, სუმის სტაბილურობის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია. მართლაც, რეგიონის სხვა ვალუტებისგან განსხვავებით, ბოლო დღეებში სუმი აშშ დოლარის მიმართ, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა.
რაც შეეხება საშუალოვადიან ფაქტორებს, ინფლაციისა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირება გრძელდება, დაკრედიტების ზრდა ნორმალიზდა, საგარეო ბალანსი კი უმჯობესდება. ამდენად, საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზი უცვლელია: სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - შესაძლოა, დამატებით გამყარებაც კი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა
14.04.2026.19:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.