აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა - საქსტატი
2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.8 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.1 პროცენტი), თევზეული (1.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე (1.5 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.8 პროცენტი), თევზეული (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.09.2025.15:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ილაპარაკა. მანვე დააფიქსირა პოზიცია ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა.
„ჩვენი ახლანდელი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ვიყოთ ძალიან ქმედითები, მოქნილები, გამჭვირვალე და ღია, რათა ყველა, მათ შორის კი უპირველესად ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს. ამ კუთხით, დღეს გვაქვს გამოკვეთილი ხედვები, მათ შორის, ხაზს გავუსვამ რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ენერგეტიკულ უწყებებში მასობრივი ოპტიმიზაცია და მათი გაჯანსაღება, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაცია. შედეგად, დაზოგილი სახელმწიფო რესურსები მიიმართება იმ პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს სექტორს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ვადაგადაცილებული მემორანდუმების და ხელშეკრულებების საკითხს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრის და რეალური ინვესტორებისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.
„ჩვენი გუნდის, მთავრობის სახელით გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო იქნება მთლიანად ენერგეტიკის სექტორის, სწორი პროექტების გამორჩეული მხარდამჭერი. ერთად უნდა უზრუნველვყოთ მათი განვითარება, რაც ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზაა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ შიდა გენერაციის ზრდაზე, ასევე ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის გაძლიერებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა დღეს ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა - მისი მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე.