ადმინისტრაციული მონაცემების წილი სტატისტიკაში 38%-მდე გაიზარდა - გოგიტა თოდრაძე
ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. გოგიტა თოდრაძის, სამინისტროები და სხვა უწყებები არა მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლები არიან, არამედ ადმინისტრაციული მონაცემების მნიშვნელოვანი წყაროც, რის შედეგადაც ბოლო წლებში ადმინისტრაციული მონაცემების წილი ოფიციალურ სტატისტიკაში დაახლოებით 36–38%-მდე გაიზარდა, რაც რესურსების დაზოგვასა და რესპონდენტების დატვირთვის შემცირებას უწყობს ხელს.
„ჩვენს ქვეყანაში მოქმედი უწყებები, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი გახლავთ ოფიციალური სტატისტიკის ნაწილი - მათთან ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული თანამშრომლობა, თუმცა ასევე გამოვყოფდი სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობასაც. ისინი არა თუ ჩვენი ინფორმაციის მომხმარებლები არიან, არამედ ისინი ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს წარმოადგენენ ჩვენთვის და ჩვენც მაქსიმალურად ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს და თუ დავაკვირდებით ეს აისახება კიდეც ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაზე. მაგალითად, თუ 10 და 15 წლის წინანდელ პერიოდში ადმინისტრაციული მონაცემების წილი იყო დაახლოებით 20-25 პროცენტი მთელ სტატისტიკაში, დღეს დაახლოებით 36-38 პროცენტს შეადგენს. ანუ ამით ჩვენ ვზოგავთ რესურსებს ეს ერთი და მეორე - ვამსუბუქებთ რესპონდენტის ტვირთს. ანუ ჩვენ ვცდილობთ რესპონდენტისგან ნაკლებად ავიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროში. ანუ სტატისტიკური მიზნებისთვის ვიყენებთ ამ ინფორმაციას და ჩვენ მათთან თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით ჩვენს წინაშე არსებული ამოცანების დაძლევას“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
სხვა სიახლეები
ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 220 ათასს შეადგენს, რაც სამუშაო ძალის 13.9%-ია - გოგიტა თოდრაძის განმარტება
16.03.2026.23:30
საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის გაანგარიშება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებზე დაყრდნობით ხდება. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც ბოლო კვირაში არ მუშაობდა, გასული თვის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამსახურს და მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.
„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკის გაანგარიშებისას, ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვინ არის უმუშევარი ამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ეს არ გახლავთ ჩვენი, საქსტატის მოგონილი ეროვნული მაჩვენებელი. უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ანუ მაგალითად, თუ პირი არ მუშაობს, მაგრამ არ ეძებს სამუშაოს სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ის არათუ უმუშევრად ითვლება, არამედ კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილია.
ასევე შეიძლება პირი არ მუშაობს, ეძებს სამუშაოს, მაგრამ არ არის მზად მუშაობის დასაწყებად, ანუ მაგალითად ვგულისხმობ არა აქვს მას შესაბამისი კვალიფიკაცია, ან შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება მუშაობის დასაწყებად. ასეთი პირიც კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ. ზოგადად რომ ავიღოთ, უმუშევრობის სტატისტიკისთვის ჩვენ ვიყენებთ მოსახლეობას 15 წლის და ზემოთ, ანუ მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. ასეთი კატეგორიის მოსახლეობა გახლავთ 3 მილიონი. ეს 3 მილიონი იყოფა ორ ნაწილად: პირველია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მეორე გახლავთ დაახლოებით... ანუ პირველი არის დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი, 650 ათასი და დანარჩენი არის ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ.
პირველი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შედგება ორი ნაწილისგან: დასაქმებულები და უმუშევრები, ოღონდ უმუშევრები სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით. დასაქმებული ორ მიმართულებას აერთიანებს: პირველი არის დაქირავებული პირი, რომელიც დაკონტრაქტებულია დამსაქმებელთან და რომელსაც ერიცხება ხელფასი, ხოლო თვითდასაქმებული შეიძლება იყოს საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირი, რომელიც მის მიერ მოწეული მაგალითად პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს ყიდის ბაზარზე ან ბარტერის სახით იღებს რაღაც გაცვლიდან მიღებულ შემოსავალს. აქ შედის მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები, რომლებიც ხელფასს კი არა იღებენ, შემოსავალს თავიანთი თვითდასაქმებიდან. შესაბამისად უმუშევრობის დონე იანგარიშება ამ უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილით სწორედ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. ანუ უმუშევართა რაოდენობა არის დაახლოებით 220 000 ამ კრიტერიუმის მიხედვით და მისი პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან სწორედ გვაძლევს ამ 13.9-იან მაჩვენებელს“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.