საქართველოში ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 46 ლიტრს აღწევს - TBC Capital
თიბისი კაპიტალი „ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორის მიმოხილვას“ აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ძირითადი გასაღების ბაზრებში, FMCG და HORECA ინდუსტრიებში, მომდევნო წლების განმავლობაში მდგრადი ზრდის ტემპების შენარჩუნებაა მოსალოდნელი.
„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა ძირითადად უცვლელად შენარჩუნდა, ფასების ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოებული პროდუქციის ღირებულება.
ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია. წლიურ მაჩვენებლებში ასევე ჩანს იმპორტირებულ ლუდზე გაზრდილი მოთხოვნა.
გაზრდილი შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმპორტირებულ ლუდზე, იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და ექსპორტის შემცირებაში გამოიხატება.
უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება როგორც აბსოლუტურ, ასევე ღირებულების ჭრილში, და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
უალკოჰოლო სასმელებზე შიდა მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, რაც ბოლო წლებში თითქმის უცვლელი იმპორტის მოცულობებით დასტურდება.
უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წელს 150 მილიონ ლიტრს მიაღწია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ლუდის წარმოების მოცულობაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებითი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ხოლო 2024 წელის ზრდის მხრივ ყველაზე ნელი აღმოჩნდა - წლიურმა ზრდამ მხოლოდ 1%-ი შეადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ წარმოების მოცულობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, საშუალო საცალო ფასების ზრდამ საქართველოში წარმოებული ლუდის ღირებულების მკვეთრი ზრდა გამოიწვია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ლუდის მოხმარებაში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. ირკვევა, რომ საქართველოში ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 46 ლიტრს აღწევს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.19:00
ხელოვნურ ინტელექტს შრომით ბაზარზე გავლენა ექნება, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
სოსო გიორგაძის თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, თუმცა მისვე განმარტებით „პროგრესი მუშახელს არ ამცირებს“.
„შრომით ბაზარზე დიდი ალბათობით მას ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებას. ყველაფერი თავის დროზე, დაწყებული ჩარხით, ტრაქტორით, ან სხვა ნებისმიერით, რაც ტექნოლოგიური გაუმჯობესება იყო ქმნიდა გარკვეული მუშახელის გაქრობის საშიშროებას. ასეთი რისკი ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტული ტიპის სამუშაო სფეროზე, აღარ იყოს საჭირო ადამიანური მუშახელი კონკრეტულ სეგმენტში, მაგრამ პროგრესი მუშახელს არ ამცირებს. სამუშაო ადგილები დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მუშახელი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იყოს პრაგმატული, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, ისე როგორც ბიზნესის დონეზე. წარმოიდგინეთ არსებობს ძალა, რომელსაც თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, კონკურენტები აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად ისინი წინ იქნებიან, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომას. არამხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას, არამედ ინფორმაციის სწრაფ ანალიზს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი არაფერი არ იცის, რაც ადამიანმა არ მოიფიქრა. მაგრამ ერთი, ან თუნდაც 100 ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წვდომა ჰქონდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე და უფრო სწრაფად გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტთან იმისთვის, რომ კონკურენციას არ ჩამორჩეს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.