ადგილობრივ ექსპორტში კვლავ უშუალო სამეზობლო და ევროკავშირი დომინირებს - TBC Capital
2024 წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო შემოდინებების 21.6% ევროკავშირზე მოდიოდა, - ამის შესახებ საუბარია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომლის მიხედვითაც ცნობიი ხდება, რომ 2024 წელს ფულადი გზავნილების კუთხით აშშ-მ რუსეთის წილს გადააჭარბა.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო შემოდინებების (საქონლის ექსპორტი, ტურიზმი, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) 21.6% ევროკავშირზე მოდიოდა, როგორც მთავარ წყაროზე, ხოლო რუსეთის წილი 13.9%-ით განისაზღვრა. ევროკავშირისა (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით) და აშშ-ს წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – 50%-ზე მეტი – იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ნაკადებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ფულადი გზავნილების კუთხით აშშ-მ რუსეთის წილს გადააჭარბა, გზავნილების მთავარ წყაროს კი ევროკავშირი წარმოადგენდა, 44.3%-იანი წილით.
ევროკავშირის წილი შედარებით მოკრძალებული, დაახლოებით 13.0%, იყო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელშიც კვლავ ახლო სამეზობლოს ქვეყნები და ისრაელი დომინირებენ, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან მოყოლებული დახურული რჩება. ამასთან, ეროვნული ბანკი ტურიზმის სტატისტიკიდან გამორიცხავს იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებიან ან აპირებენ დარჩენას. მიგრაციის ეფექტი მნიშვნელოვანი რჩება სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროების, მათ შორის, განსაკუთრებით IT სექტორის შემოსავლების კუთხით, თუმცა ეფექტის შეფასებისას, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ხელთ არსებული შეფასებებით, რუსეთის ფედერაციაზე მიგრანტთა შემოსავლების მხოლოდ დაახლოებით ერთი მეოთხედი მოდის. უშუალო სამეზობლოს მიღმა აღნიშვნის ღირსია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს თითქმის 170,000 ტურისტი ეწვია, რაც მთლიანი ვიზიტების მხრივ მე-6 ყველაზე მსხვილი მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია ტურისტული ნაკადები უზბეკეთიდან და საუდის არაბეთიდან, რაც აზიური ბაზრებიდან მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაში.
მათივე ცნობით, მოცულობით ყველაზე მსხვილი სავალუტო შემოდინების - საქონლის ექსპორტის კუთხით, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ბოლო წლებში ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე საქართველოს მთლიან ექსპორტში ყაზახეთისა და ყირგიზეთის წილის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ადგილობრივ ექსპორტში კვლავ უშუალო სამეზობლო და ევროკავშირი დომინირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ფაქტორი განსაკუთრებით საექსპორტო დარგების მიერ დამატებული ღირებულების შექმნის კუთხითაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან რე-ექსპორტზე გასული ნაკადებიდან ადგილობრივ ეკონომიკაში დარჩენილი წმინდა შემოსავლები, იმპორტის კომპონენტის მაღალი წილის გამო, შედარებით დაბალია.
„რა შეგვიძლია ვთქვათ უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე? საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ თებერვალში 7.7% შეადგინა, რაც ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით მაღალია. ჩვენი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საბაზრო განწყობებზე დასაკვირვებლად რამდენიმე ინდიკატორს გამოვყოფთ. მათ შორისაა გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა. თებერვალში თიბისის არხებით აღნიშნულ საქონელზე გაწეული ხარჯები კვლავ შემცირდა. ამავდროულად, საქსტატის მონაცემებით, შემცირდა გრძელვადიანი მოხმარების საქონლის იმპორტიც, რამაც თებერვალში მთლიანი იმპორტის წლიურ კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, 28 მარტის მდგომარეობით, თიბისის არხებით მოცემულ პროდუქციაზე ხარჯები გააქტიურებულია. ზრდა შეინიშნება ხარჯების სხვა კატეგორიებშიც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მე-4 კვარტლის შემდეგ თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელებულია, მოსალოდნელია, რომ მარტში თებერვალთან შედარებით ხარჯების მაღალი ზრდა დაფიქსირდება. აქტივობის მამოძრავებელ მნიშვნელოვან ფაქტორად ნარჩუნდება საკრედიტო აქტივობაც, რომელიც, თებერვალში გარკვეული შენელების მიუხედავად, კვლავ ძლიერია.
მთლიანი ხარჯების აჩქარების მიუხედავად, მარტში შედარებით სუსტი რჩება თიბისის არხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც, სეზონური შესწორების შემდეგ, ჯერ კიდევ ნოემბრის მაჩვენებელზე დაბალია. საპირისპიროდ, თიბისის ბარათებით რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების ხარჯები მარტში, ბოლო თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის მომატებული.
სავალუტო კონვერტაციების კუთხით, რაც სენტიმენტების მხრივ ასევე ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, ჩვენი შეფასებით, მარტში, თებერვლის მსგავსად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იკვეთება. როგორც ყოველთვის, გამოვყოფთ, რომ გასათვალისწინებელია გასულ პერიოდში განხორციელებული სავალუტო კონვერტაციები, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების კუთხით. აღნიშნული, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და, სენტიმენტების გაუმჯობესების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას განაპირობებს“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
საერთო ჯამში, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, როგორც იკვეთება, შედარებით უფრო მაღალ ნიშნულზეა ნორმალიზებული, ვიდრე ერთი ან მეორე მიმართულებით არსებით ცვლილებას ჰქონდეს ადგილი.
ამავე დროს, თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, სადღეისოდ ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ ნიშნულთან ახლოა. ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას დიდწილად იმპორტის კლების შედეგად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ნორმალიზება უწყობს ხელს.
„აგრეთვე, გამოვყოფთ თურქული ლირის ბოლოდროინდელ გაუფასურებას, რაც, შესაძლოა, ლარისთვის ნეგატიური ფაქტორი იყოს. გადაცემის მექანიზმის დეტალურ ანალიზს უფრო სიღრმისეული და განახლებული კვლევა სჭირდება, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლირის გაუფასურება ლარს, როგორც წესი, მაშინ გადაეცემა, როდესაც დოლართან მიმართებით რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება. ამავდროულად, სუსტი ლირა/ლარი მეტწილად ორმხრივ სავაჭრო ბალანსზე მოქმედებს, ვიდრე მთლიანზე, ანუ თურქეთიდან შედარებით იაფი იმპორტული საქონელი, უმრავლეს შემთხვევაში, კონკურენციას უფრო სხვა იმპორტულ პროდუქციას უწევს, ვიდრე - ადგილობრივად წარმოებულს“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
15.07.2026.15:34
ბოლო ოთხ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გარეშე, დადებითია.
პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). ერთი მხრივ, დადებითი ბალანსი წინა სამ კვარტალთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ პროფიციტი შენარჩუნდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად რაც, მათ შორის, მარტში ექსპორტის მხრიდან ტურიზმის დანაკლისისა და ნავთობის გაძვირებული იმპორტის დაბალანსებას უკავშირდება.
პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო, ანუ უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. მიმდინარე ანგარიში სწორედ ამ ბალანსს ასახავს - ქვეყანა მეტ შემოსავალს იღებს თუ მეტს ხარჯავს დანარჩენ მსოფლიოსთან საგარეო ვაჭრობისა და ფულადი ნაკადების (მათ შორის, ფულადი გზავნილები, შრომის ანაზღაურება, დივიდენდები, რეინვესტიცია, საპროცენტო ხარჯები) ჭრილში. სარკისებური პრინციპით, ფინანსური ანგარიში მიუთითებს, თუ როგორ დაიხარჯა პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან (მაგალითად, პირდაპირი ან პორტფელური ინვესტიციების გზით).
2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე. 2025 წლის მეორე კვარტლიდან კი ეს ბალანსი, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული გასული ერთ წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსისა და სავალუტო რეზერვების ზრდის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენს.
რა განსაზღვრავს საგარეო ბალანსს? ბოლო ოთხ კვარტალში, სავალუტო შემოდინებების მხრივ, ყველაზე მსხვილი კომპონენტები საქონლის ექსპორტი (მშპ-ის 26.4%), ტურიზმიდან შემოსავლები (12.3%), წმინდა ფულადი გზავნილები (10.9%) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტი (3.8%) იყო. გასავლების კუთხით, ყველაზე მსხვილი ნაკადი კვლავ საქონლის იმპორტია (44.1%), ხოლო დივიდენდებსა და საპროცენტო ხარჯებზე ერთობლივად მშპ-ის 4.5% მოდიოდა. საერთო ჯამში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიმდინარე ანგარიში რეინვესტირებული შემოსავლების გამოკლებით პროფიციტშია, მისი ჩათვლით (მშპ-ის 2.9%) კი დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის პირველ კვარტალს, სეზონური ფაქტორების გამორიცხვამდე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსში 298 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი ფიქსირდებოდა. ამასთან, დეფიციტი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 271 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 48%-ით არის შემცირებული. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას, ისევე როგორც 2025 წელს, მეტწილად ICT სექტორის მომსახურების ექსპორტი განაპირობებდა, რომელიც წლიურად 167 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. დამატებით 190 მილიონი აშშ დოლარის ზრდა მოდიოდა ფულადი გზავნილების მატებაზე, გადახდილი დივიდენდების შემცირებაზე, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებასა და უცხოეთში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე. საპირისპიროდ, 84 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა ტრანსპორტირების მომსახურების წმინდა ექსპორტი, სატვირთო გადაზიდვების მომსახურების როგორც ექსპორტის კლების, ასევე იმპორტის ზრდის ფონზე.
ფინანსური ანგარიშის მხრივ, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, პირველ კვარტალში 110 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და, წინა წლების დინამიკის მსგავსად, შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება.
პორტფელური ინვესტიციებიდან წმინდა შემოდინებებმა 452 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც 265 მილიონი აშშ დოლარი რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების რეალიზაციაზე მოდიოდა - ძირითადად, სავალო ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად - ხოლო 187 მილიონი აშშ დოლარი - საზღვარგარეთიდან მოზიდულ ახალ სახსრებზე. ამ ფონზე, საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში არსებული უცხოური პორტფელური აქტივების მოცულობა, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მარტის მდგომარეობით, 2025 წლის ბოლოსთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა 4.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც მშპ-ის 11.7%-ია.
ამავდროულად, ქვეყანამ 137 მილიონი აშშ დოლარით მეტი საგარეო ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, რაც გასული წლის დინამიკასთან თანხვედრაშია. მათ შორის, მთავრობის ვალის წმინდა კლებაზე 73 მილიონი აშშ დოლარი მოდიოდა.
ჯამურად, ვინაიდან ერთობლივი შემოდინებები გასავლებს აღემატებოდა, მთლიანი სავალუტო რეზერვები პირველ კვარტალში 148 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, ზრდა მეორე კვარტალში კიდევ უფრო დაჩქარდა, რაც სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებულ სიჭარბეს უკავშირდება. ივნისის მდგომარეობით, მთლიანმა რეზერვებმა 7.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 800 მილიონი აშშ დოლარით მეტია. ამავე პერიოდში წმინდა სავალუტო რეზერვებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე (469 მილიონი აშშ დოლარი), ჩვენი შეფასებით, 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მეორე კვარტალში დამატებით გაუმჯობესდა. წლის მეორე ნახევარში საბაზო სცენარი კვლავ სავალუტო შემოდინებების შედარებით ნორმალიზებას მოიაზრებს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ხელახალი ესკალაციის ფონზე გაურკვევლობის დონე კვლავ გაზრდილია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.5% იქნება, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით კი პროფიციტი, დაახლოებით, 1%-ს მიაღწევს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007587-macro-update-georgia