ადამიანს სჭირდება სამუშაო ადგილი და სტაბილური გარემო, ამ ყველაფერს კი ახალი ინვესტიცია ქმნის - ნინო ლაცაბიძე
რუსთავი ბოლო წლებში ახალი ბიზნესებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება და ქალაქში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, თუ 2021 წელს ქალაქში განხორციელებული ინვესტიციები დაახლოებით 116 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024-2025 წლებში ეს მაჩვენებელი 230 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი სამშენებლო სექტორს უჭირავს.
„მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის, რომ ცოტა კიდევ სხვა რაკურსით შეგვიძლია ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ მაყურებელს. ზოგადად მგონია, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა, იმიტომ რომ იმის გარდა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის ჭრილში განიხილება ხოლმე დღეს მუნიციპალიტეტების საქმიანობა, რას ემსახურება და რა გავლენას ახდენს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მიზნები აბსოლუტურად სხვა გვაქვს. პირველი მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქალაქი ინდუსტრიული ქალაქი, ალბათ ჰაბი ერთ-ერთი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონული ეკონომიკური განვითარების ნაწილში, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ხდება ახალი ბიზნესისთვის.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალური მიზნები, იმის გარდა, რომ კომფორტული ყოფილიყო ქალაქში ცხოვრება, თვითმყოფადი ყოფილიყო ქალაქი ყველა იმ სერვისით, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდებოდა, მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, ბოლო არის ის, რომ ადამიანს სჭირდება სამუშაო ადგილი, სჭირდება ძლიერი ეკონომიკური სტაბილური გარემო და ამ ყველაფერს ქმნის ახალი ინვესტიცია. და ახალი ინვესტიცია ინტერესდება იქ, სადაც გარემოა კარგი და ოთხი წლის განმავლობაში თუკი რამ პროექტი განვახორციელეთ, აი მთავარი მიზნის გარდა, რომ კარგი გარემო შეგვექმნა, იყო, რომ საინვესტიციოდ საინტერესო გამხდარიყო ჩვენი ქალაქი და მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები. და თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს ინვესტიციების. თუ ავიღებთ, რომ 2021 წელს დაახლოებით 116 მილიონი ლარი თუ იყო ინვესტიციის კუთხით, 2024-25 წლები 230 მილიონ ლარზეა ასული ინვესტიცია. დიდი წილი ბოლო პერიოდში უკვე უკავია სამშენებლო სექტორს, იმიტომ რომ სამშენებლო სექტორი საკმაოდ დაინტერესებულია“, - განმარტავს ნინო ლაცაბიძე.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა, რომ რუსთავში მზარდ საინვესტიციო ინტერესთან ერთად, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, მუნიციპალიტეტი ურბანული განვითარების სწორ ბალანსზე აკეთებს აქცენტს. ქალაქის მერის განცხადებით, ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილებსა და საბინაო ფონდის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილმა სამშენებლო აქტივობამ ქალაქის ურბანული იერსახე არ დააზიანოს და განვითარება ჰარმონიულად გაგრძელდეს.
„ახალი ინვესტიციები, განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით, აუცილებელია, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქმნის უკეთეს გარემოს, საბინაო ფონდი მატულობს, თუმცა ამასთან ერთად სიფრთხილე მუნიციპალიტეტს ნამდვილად მართებს, რომ სწორი ურბანული განვითარება მოხდეს და მომატებულმა სამშენებლო ინტერესმა არ დააზიანოს ქალაქის ურბანული იერსახე. სწორედ ამ პოლიტიკის დაბალანსებაში ვართ, რომ შევუწყოთ ხელი ინვესტიციებს, მათთვის საუკეთესო გარემო იყოს და ამასთან ერთად გავითვალისწინოთ ქალაქის ურბანული სწორი განვითარება, რომ ჰარმონიულად მოხდეს ინვესტიციების შემოსვლა ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს ქალაქ რუსთავის მერი.
სხვა სიახლეები
ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეტყობა ქალაქს და ამ საკითხს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით - რუსთავის მერი
10.03.2026.13:00
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორ ურბანულ დაგეგმარებას უკავშირდება, რადგან ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები ქალაქს წლების განმავლობაში ეტყობა. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ქალაქის ურბანული განვითარება სწორად და გრძელვადიანი ხედვით განხორციელდეს.
„შეცდომებზეც ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე ჩვენზე ბევრად მეტი აქვს. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტიც გვყავდა მრჩევლად, რომ სწორი მიმართულებები აგვეღო. სულ ვამბობ - ვინც საქმეს აკეთებს სადღაც შეიძლება შეცდომაც დაუშვა. შეცდომა დაუშვა სოციალური მიმართულებით და გამოასწორო ინფრასტრუქტურით, თუმცა ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს ეტყობა და აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ახალი ინვესტიციები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იგივე ახალი სამუშაო ადგილების კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორედ“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების 68% სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, ხოლო ახალი მსხვილი პროექტები, მათ შორის „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ქალაქში ბიზნესის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის და რუსთავს ინდუსტრიულის გარდა ეკონომიკურად უფრო მრავალფეროვან ცენტრადაც აქცევს.
„ისევ და ისევ სამუშაო ადგილები იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. ბოლო პერიოდში, 2025 წლის მთლიანი საინვესტიციო ნაწილიდან 68% სამშენებლო მიმართულებით მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და „იგლ ჰილსი“ კიდევ გაზრდის ამ ინტერესს ქალაქთან მიმართებაში. სამუშაო ადგილები და ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დღეს ქალაქში ვიწყებთ... ბევრიც გაკეთებული გვაქვს, თუმცა ამ ტიპის მასშტაბი არ გვქონია, რაც ძალიან მახარებს და ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს მისცემს ჩვენს ქალაქს და არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ ჭრილში საინტერესო, სადაც ძალიან დიდი საწარმოები გვაქვს, მათ შორის არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. ამას თავისი სირთულეებიც აქვს ეკოლოგიის ჭრილში, თუმცა რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს ქალაქზე, გავლენას ახდენს პოზიტიური ჭრილით და დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც სწორი ბალანსი, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საინვესტიციო გარემოს შექმნით, აისახება ჩვენი ქალაქის შემოსულობებზე, საკუთარი შემოსავლის ზრდაზე, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ძლიერი წყარო საკუთარი შემოსავლების, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი დავგეგმოთ, რაზეც შეიძლება გულიც გვწყდება ხოლმე და ვთქვათ ფინანსები არ გვყოფნის. სწორი სტრატეგიით ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თანადგომით ძალიან მნიშვნელოვან გზას გადის ქალაქი განვითარების ამ ეტაპზე“, - აცხადებს რუსთავის მერი.