აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გახსნა.
სულხან თამაზაშვილმა, მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ამბიციური პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
,,წელს შუახევის მუნიციპალიტეტში შუამთობის დღესასწაულს განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით. ჩირუხის მთაზე აშენდა ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი. პროცესში ჩართული იყო იტალიური კომპანია. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. ჩირუხის ზიპლაინი გამორჩეული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
აჭარის რეგიონში აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამბიციური პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას" - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ზიპლაინის სიგრძე 1789 მეტრია. სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა.
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის
ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა
დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ
გოდერძთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. შესაბამისად, ახალი
ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს
შორის.
სხვა სიახლეები
04.08.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე 30 233.3 ათასი დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4 392.1 ტონა ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 3 953.9 ტონას შეადგენდა. ზრდა 11%-ია.
მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის საქართველოდან მოცვის ექსპორტის 93%-ი.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო მოცვს ყიდის:
რუსეთი - 4 077.8 ტონა;
პოლონეთი - 86.3 ტონა;
ნიდერლანდები - 63.2 ტონა;
სომხეთი - 61.5 ტონა;
გერმანია - 52.1 ტონა;
აღსანიშნავია, რომ წელს მოცვის ექსპორტი 8 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოდან მოცვის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის მაჩვენებლებით საზღვარგარეთ 4 988.4 ტონა მოცვი გადაიზიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 28 206.0 ათას დოლარს შეადგენდა.