6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი აქციზი
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით.
„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების შესახებ
12.03.2026.15:39
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული, როგორც ბიზნესსექტორის, ისე მოსახლეობის ინტერესები.
„6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, შეიცვალა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. კერძოდ, ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან. ნაცვლად ამისა, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების, მათ შორის, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.