3 ეკონომიკური ეფექტი, რაც სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას ექნება
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა შოთა ბერეკაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა ეხება სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას.
„რომლის მიზანია: პირველი - ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა; მეორე - გაცხადებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში სიგარეტის იმპორტიორთათვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენა; და მესამე - შედეგობრივად დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების სახით.
რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეხება სიგარეტზე აქციზური გადასახადის ცვლილებას. სიგარეტის ბაზრის ბოლო 4 წლის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ადგილობრივი წარმოების წილი მცირდება. კერძოდ, თუ 2020 წელს ადგილობრივი წარმოების წილი შეადგენდა მთლიანი ბაზრის 10–12%-ს, დღეს აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 5–6%-მდე. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში, სადაც 1000-მდე საოჯახო მეურნეობაა დასაქმებული და დამატებით საწარმოო პროცესში ჩართულია 1000-მდე ჩვენი მოქალაქე. აქედან უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი საგადასახადო ტვირთის პირობებში ადგილობრივ წარმოებას არ აქვს შესაბამისი რესურსები, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას. შედეგად მოსალოდნელია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის კიდევ უფრო შემცირება ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდება იმით, რომ იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლებს ადგილობრივს, რაც ნიშნავს 1000-მდე საოჯახო მეურნეობის შემოსავლისა და 1000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება მთლიანად არ ჩაანაცვლოს იმპორტმა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ლიმიტირებული მოცულობის ფარგლებში საშეღავათო აქციზის განაკვეთის დაწესება. კერძოდ - ადგილობრივი წარმოების 35 მლნ კოლოფ სიგარეტზე 1.3 ლარი ფიქსირებული და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადის დაწესება.
ასევე საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოცულობა შეადგენს სამომხმარებლო ბაზრის მხოლოდ 10%-ს.
რაც შეეხება მეორე მიზანს, რაც გახლავთ სიგარეტის იმპორტიორთათვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის დადგენა - აქ არის შემდეგი სიტუაცია: არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში მიზანშეწონილად მიგვაჩნია ყოველწლიურად სიგარეტზე სააქციზო გადასახადის გადახედვა ზრდის მიმართულებით, თუმცა აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია სააქციზო გადასახადის იმგვარი ზრდა, რომ არ გამოიწვიოს ინფლაციური წნეხი, რადგან მთლიანი ბაზრის 95%-ს შეადგენს იმპორტირებული სიგარეტი.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთის გაზრდა 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე, ხოლო ადგილობრივი ადვალური განაკვეთის შემცირება 30%-დან 20%-მდე. აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე 35 მლნ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტს.
ფისკალური ეფექტი, აღნიშნულ ცვლილებას დადებითი ფისკალური ეფექტი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე. კერძოდ, ფიქსირებული აქციზის განაკვეთის ზრდა 85 თეთრით ნიშნავს თითოეულ გაცემულ აქციზზე 85 თეთრიან საბიუჯეტო შემოსავალს“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ვისაც შეგვიძლია და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობა - შეეცადოს, რომ მეტი ფული მოიზიდოს საქართველოში l ირაკლი რუხაძე
24.11.2025.12:32
2025 წელი კარგი წელი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ კარგი წელი იყო საქართველოს საბანკო სისტემისთვის, - ამის შესახებ კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ ეკონომიკურ ფორუმის დაწყებამდე განაცხადა, რომლის თემაც „საფინანსო სექტორი 2025: შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.
ირაკლი რუხაძის თქმით, ეკონომიკის მთავარი დამფინანსებელი დღეს საბანკო სექტორია.
„საქართველოს საბანკო სფერო და ქართული ბანკები არის მთავარი დამფინანსებლები საქართველოს ეკონომიკის. დღე ასეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს რაღაც ამბავში შეიცვალოს და გაჩნდეს სხვადასხვა დაფინანსების წყაროები, მაგრამ საბანკო სფერო აფინანსებს დღეისათვის საქართველოს ეკონომიკას - ეს არის მთავარი დამფინანსებელი. ამასთან ერთად, არსებობენ სხვადასხვა კერძო ჯგუფები, რომლებიც ასევე აფინანსებენ საქართველოს ეკონომიკას. მე ბანკის ერთ-ერთი თანამფლობელიც ვარ და ასევე სხვადასხვა ბიზნესებში მაქვს ინვესტიცია, და ამიტომ ვიცი, რომ საბანკო სექტორის გარეშე ჩვენ იმის ნახევარიც ვერ გავაკეთებდით, რასაც ვაკეთებთ. ამიტომ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სფერო არსებობს და ასეთი ძლიერია, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ წელი კარგი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის - და წელი ნამდვილად კარგი იყო - ასევე კარგი იყო ქართული ბანკებისთვის“, - აცხადებს რუხაძე.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორმა და მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მეტი ფული მოიზიდოს საქართველოში, რადგან მეტი დაფინანსების წყაროების გაჩენა შეამცირებს დაფინანსების ფასს.
„საერთოდ, მოთხოვნის თემა არის და რაც უფრო მეტი მიმწოდებელი იქნება ფულის, საქართველოს ეკონომიკისთვის უფრო ნაკლები ღირებულება ექნება ამ ფულს. ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ, ვისაც შეგვიძლია, და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობა - შეეცადოს, რომ მეტი ფული მოიზიდოს საქართველოში. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ფული შემოვა, ახალი დაფინანსების წყაროები გაჩნდება, საქართველოში გაჩნდება მეტი კონკურენცია ბანკებისთვის და მით უფრო შემცირდება დაფინანსების ფასიც. უნდა გავაჩინოთ ბევრი ალტერნატიული წყარო საქართველოს ეკონომიკის დაფინანსებისთვის“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.