2025 წლის პირველი ნახევარი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მნიშვნელოვანი რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო - გივი დავითაშვილი
2025 წლის პირველი ნახევარი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მნიშვნელოვანი რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო, - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი. მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი გაზრდილია 14%-ით, ანალოგიური ზრდაა ტვირთბრუნვის მიხედვითაც.
„2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 3 მლნ 600 ათასზე მეტ მგზავრს, რაც 14 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. შესრულდა 17 ათასამდე ავიარეისი, რაც ასევე 14%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გაქვს ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით. კერძოდ, საქართველოს აეროპორტების მიერ 16 ათას 550 ტონამდე ტვირთი გადაიზიდა, რაც 50%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს“, - აცხადებს გივი დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 358 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 11%-ი შეადგინა. პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450 330 მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 3 874. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (16 731) 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.
მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები. კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. სულ, იანვარ-ივნისში 139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);
Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი).
სხვა სიახლეები
15.07.2025.12:45
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოებს იწყებს.
შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც სანაპირო ზოლი, ისე მასზე არსებული ინფრასტრუქტურა. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო მდინარის შესართავთან - 50-60 მეტრით არის უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სანაპირო ინფრასტრუქტურას და აფერხებს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზიული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 თვე სამუშაოების დაწყებიდან.
სანაპირო ზოლების განვითარება ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო ტურიზმის ზრდას, გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მათ ეკონომიკურ აქტივობას.