2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი დაფიქსირდა
საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.
გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%); იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%). ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან +22.3%; სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან +16.9%; იტალია +10.1% და საბერძნეთი +9.7%.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - ნათია თურნავა
18.11.2026.18:23
მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე, ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკი, ქართულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთად არის წარმოდგენილი. საქართველოს მიმართ ინტერესი მართლაც მაღალია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა და მოვიზიდოთ მეტი ინოვაციური კომპანია და ტექნოლოგიური გადაწყვეტა საქართველოს საფინანსო სექტორში", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე განაცხადა.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის პავილიონით არის წარმოდგენილი, რომელმაც ქართულ საფინანსო და ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. პავილიონი ქართული საფინანსო სექტორის შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დამყარებასა და საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესის ზრდას ემსახურება.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მათ შორის, გერმანიის, ესპანეთის, დანიისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო პავილიონები დაათვალიერა და სხვადასხვა კომპანიის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს გაეცნო.
სინგაპურში ვიზიტისას ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები წამყვანი საერთაშორისო ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და მათთვის საქართველოს საფინანსო სექტორში ახალი ინვესტიციებისა და ინოვაციების გაცნობა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორში უკვე განხორციელებულია სინგაპურული ინვესტიციები და არსებობს მათი შემდგომი გაფართოების პოტენციალი.
„ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საქართველო მართლაც მიმზიდველია. მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურში წარმოდგენილი ვართ ქართულ ბანკებთან და ქართულ ფინტექ კომპანიებთან ერთად. ფინტექ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, მათ შორის გამოვყოფდი სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე. საქართველოს საფინანსო სექტორში ჩვენ უკვე გვაქვს სინგაპურული ინვესტიციები და ვფიქრობ, ეს ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა წამყვანი ინოვაციური კომპანიის და ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ფინანსური სექტორის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება 70 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის არიან ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, წამყვანი ბანკები, საგადახდო სისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარი თემებია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საგადახდო სისტემების ინოვაციები და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია.