2025 წლის ნოემბერში ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ზრდამ 44.2% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ექპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 782.3 მლნ. აშშ. დოლარი, ზრდამ წინა წლის ნოემბერთან შედარებით 44.2% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე რეკორდულია იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელიც, კერძოდ, ჯამურად იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და 6,618.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
„აღნიშნული მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში აქამდე არ დაფიქსირებულა ექსპორტის მიმართულებით. თუ შევხედავთ 11 თვის მაჩვენებლებს, ასევე რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს - 11 თვის მონაცემებით ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,237.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია. ამასთან, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 9.5%-ით გაიზარდა 23,216.2 მილიონ აშშ. დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა. ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ არსებული მაღალი მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
„მთავრობის პოლიტიკა ერთი მხრივ მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის, ზოგადად კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ. მეორე მხრივ საქართველოს მთავრობა აფართოებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან. მთავრობის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი - როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი საფრანგეთის მანქანათმშენებლობის კომპანიის „ალსტომის" მმართველ დირექტორს შეხვდა
15.12.2025.16:02
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საფრანგეთის მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიის „ალსტომის" მმართველ დირექტორს დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში ჟერომ ბოიეს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესზე, რომელიც ასევე მოიცავს რკინიგზის სავაგონე შემადგენლობისა და სალოკომოტივო პარკის განახლებას.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის განვითარებისა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.
აღსანიშნია, რომ „ალსტომის" მმართველ დირექტორთან შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ფილიპ ტაბაროსთან, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.