2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, გამოშვებამ და დასაქმებამ რეკორდული ოდენობა შეადგინა
2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და 60.3 მლრდ. ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება 23.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 13.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მეორე კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 15.1 პროცენტით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.3 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. 2025 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტლის ჭრილში რეკორდული რაოდენობა - 795.6 ათასი შეადგინა.
წელს ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით ბიზნეს სექტორის ბრუნვა 13.5%-ით გაიზარდა 116.3 მლრდ. ლარამდე, ხოლო ბიზნეს სექტორის გამოშვებამ 43.9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 14.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.
გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ზრდა 76.4%), ვაჭრობის (ზრდა 8.3%), მშენებლობის (ზრდა 3.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 15.1%) და დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.9%) სექტორებში გამოშვების ზრდამ.
2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე, გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212.1 ლარით - 10.1%-ით და 2,317.6 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, წინა წლის იგივე კვარტალთან შედარებით სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის ყველა სექტორში. დასაქმების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 12.0 ათასი კაცით, 5.5%-ით); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების (3.7 ათასი კაცით, 9.5%-ით); ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.2 ათასი კაცით, 5.3%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაციის (ზრდა 1.6 ათასი კაცით, 3.4%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (ზრდა 1.4 ათასი კაცით, 5.9%-ით) და დამამუშავებელი მრეწველობის (1.0 ათასი კაცით, 1.1%-ით) სექტორებმა შეიტანეს.
სხვა სიახლეები
მომავალი სამი წელიწადი იქნება მზისთვის ძალიან აქტუალური - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები l Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
13.03.2026.00:00
საქართველოში მზის ენერგეტიკის სექტორში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბაზარზე მზის ელექტროსადგურების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, მატულობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას უკვე რამდენიმე მსხვილ პროექტზე აქვს მუშაობა დაწყებული და, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ინვესტორები მზის ენერგიას მომავალის ენერგიად მიიჩნევენ და პროექტების განხორციელებას არ აპირებენ შეაჩერონ.
„ჩვენ უკვე დაახლოებით ოთხი წელია ვოპერირებთ ბაზარზე - მთლიანად კავკასიას ვფარავთ. გარდა ამისა, როდესაც შემოვედით ბაზარზე, შევქმენით ჰაბი, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ სრულიად საქართველოდან ხდებოდა დაფარვა ამიერკავკასიაში: სომხეთში, აზერბაიჯანში. მახსოვს იყო დრო, როცა პროდუქციას ვაწვდიდით უზბეკეთში, ყაზახეთში და, რაც უფრო შორს წავიდა საქმე, მონღოლეთშიც კი საქართველოდან გავიდა პროდუქცია.
შემდგომ შეიცვალა სურათი, და მთელი ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად სომხეთი იყო ბაზარზე. ისინი აქტიურობდნენ მაშინ, როცა ჩვენთან იყო ძალიან ნელი ფაზა, და ერთი-ორი პროექტი თუ სადღაც უფრო სწრაფად ვითარდებოდა. ამ პერიოდში სომხეთმა ააშენა 1000 მეგავატი მზის ელექტროსადგური, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70%-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. შემდგომ უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ვეღარ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება, რადგან ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყო. თუმცა ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ, რადგან ვიყავით ჩეხური კომპანია და ტრანზიტის პირობებში პროდუქცია კვლავ მივაწოდეთ. ამით ქვეყანამ გარკვეული შემოსავალი დაკარგა, რადგან საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზე, როდესაც უზარმაზარი პროექტი ხორციელდებოდა სომხეთში.
შარშან და წელს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ბიზნესმა იქ დაიწყო აქტიურობა და ახლა აპირებენ სთორიჯებზე, ე.წ. „შემნახველებზე“ გადასვლას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ბიზნესი „აფეთქდა“ - დაიწყო მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა, და ჩვენ მიწოდებას, მიღება-მიწოდებას ვეღარ ვახერხებდით, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა. თუმცა წელს ყურადღება ძირითადად დიდი სიმძლავრის პროექტებზეა გადატანილი და მოდიან სერიოზული და კვალიფიციური ინვესტორები. ვმუშაობთ რამდენიმე დიდ პროექტზე.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, მზის ბიზნესი არ გაჩერდება. ინვესტორები განაგრძობენ ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში და მზად არიან 20-25 მლნ დოლარიანი პროექტები ააშენონ. ტენდენცია არ წყდება, სურვილიც არა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს არის მომავლის ენერგია და მზის ენერგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში.
პირველ ეტაპზე სახელმწიფო ამბობს, რომ უნდა აშენდეს 1700 მეგავატი. აღსანიშნავია, რომ „დაბევებული“ პროექტები, ვისაც ჰქონდა, ჩამოერთმევა, ხოლო სამშენებლო მემორანდუმამდე დამამშვიდებელი ეტაპები მოითხოვება, რათა პროექტის რეალურობა დასტურდებოდეს. სახელმწიფო ამ მხრივ მკაცრად ოპერირებს და ზომებს იღებს. შესაბამისად, მომავალი სამი წელი მზის სექტორისთვის განსაკუთრებულად აქტიური იქნება - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები, რამდენიმე დიდი სიმძლავრის პროექტიც, დანარჩენი კი დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ყველაფრის თანმიმდევრულად ორგანიზებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნა Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა.