2025 წლის ივნისში ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 639.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა
2025 წლის ივნისში ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა წინა წლის ივნისთან შედარებით და მოცულობამ 639.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ჯამურად, იანვარ-ივნისში ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას 3.2 მლრდ აშშ.დოლარს გაუტოლდა.
იმპორტი 2025 წლის ივნისში 0.9%-ით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა.
2025 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვა 2.0 მლრდ აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 11.9 მლრდ აშშ. დოლარამდე (12.7%-ით) გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მლრდ აშშ.დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მლრდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
15.07.2025.12:45
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოებს იწყებს.
შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც სანაპირო ზოლი, ისე მასზე არსებული ინფრასტრუქტურა. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო მდინარის შესართავთან - 50-60 მეტრით არის უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სანაპირო ინფრასტრუქტურას და აფერხებს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზიული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 თვე სამუშაოების დაწყებიდან.
სანაპირო ზოლების განვითარება ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო ტურიზმის ზრდას, გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მათ ეკონომიკურ აქტივობას.