2025 წლის აგვისტო–სექტემბერში ექსპორტირებული თხილის საშუალო ფასი 39%-ით გაიზარდა
2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 36 %-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 39 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა და 1.0 ათასი ტონა შეადგინა. ევროკავშირის ბაზრებიდან ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302.1 ტონა), ესპანეთი (197.0 ტონა) და ჩეხეთი (119.4 ტონა). გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119.7 ტონა), რუსეთში (117.5 ტონა), თურქეთში (111.2 ტონა) და სხვა ბაზრებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.19:59
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულები, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.
საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები" და „იზიჯეტი" წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.