2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები - კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელმაც 25.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ექსპორტის მაჩვენებლების მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2025 წლის დეკემბერშიც - ის 22.5%-ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით და 673.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2025 წლის დეკემბერში ის 8.5%-ით გაიზარდა და 1,843.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,516.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.
საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ერთი მხრივ ქვეყნის საჭიროებები უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი პროდუქციით, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.
„ამისთვის მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უზრუნველყოფს საექსპორტო არეალის გაფართოებას. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Eagle Hills Georgia-ს მსგავს პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5%-ით გაზარდოს - მოჰამედ ალაბარი
13.01.2026.20:31
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.
„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.
ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.
ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.
„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.
„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.
აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.