2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იყო და ამ ფონზე ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდა - ლაშა ქავთარაძის შეფასება
2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა იყო შენარჩუნებული და ამ ფონზე გაუმჯობესება გვქონდა ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის დასაწყისიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები შეიცვალა ისე, რომ Galt & Taggart-ს საკუთარი პროგნოზის გადახედვა რამდენჯერმე მოუწია.
„რომ გავაკეთოთ 2025 წლის შეფასება მაკროეკონომიკურ ჭრილში, წლის დასაწყისი უფრო პესიმისტური განწყობებით გამოირჩეოდა. იყო პროგნოზები, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალი იქნებოდა, ზოგიერთის პროგნოზით კი შესაძლოა უარყოფითიც ყოფილიყო. საერთაშორისო ორგანიზაციები ზოგადად გამოირჩევიან კონსერვატიული მიდგომებით და მათი პროგნოზებიც წლის დასაწყისში მოკრძალებული იყო. წლის დასაწყისში ჩვენი საბაზისო სცენარი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5%-ით გაიზრდებოდა. თუმცა შემდგომ მოვლენები სრულიად რადიკალურად შეიცვალა. პირველი კვარტლის ბოლოს, როდესაც დავინახეთ, რომ წინასწარი შეფასებები ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აჩვენებდა - იანვარში, თებერვალში უკვე გარკვეული ინდიკატორები მარტის მონაცემებზეც მიანიშნებდა - გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდის მიმართულებით. ამასთან, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც მნიშვნელოვნად გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მახსოვს, 5%-დან 6.8%-მდე გავზარდეთ, ხოლო შემდგომ, წლის პირველი ნახევრის ბოლოს კიდევ ერთი გადახედვის შედეგად, 7.5%-მდე ავწიეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. განახლებული პროგნოზით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებთან შედარებით ყველაზე მაღალი პროგნოზი გვქონდა“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
მისივე განმარტებით, 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე კვირაში დაიდება უკვე დეკემბრის მაჩვენებლები, რის შემდეგაც წლიური შეფასებაც გვექნება.
„სხვა პარამეტრებიც მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილო სავალუტო შემოდინებებზე, რომელიც 2025 წელს წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ძლიერი დარჩა. მაგალითად, თუ შევხედავთ ტურიზმს, ტურიზმის შემოსავლები 2025 წელს $4.7 მილიარდი იყო, რაც 6%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ფულადი გზავნილები $3.6 მილიარდს გაუტოლდა. ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო ვაჭრობის კუთხით - ექსპორტი რეკორდულად $7.3 მილიარდამდე გაიზარდა. იმპორტიც მაღალი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შიდა მოთხოვნა მაღალი იყო, და მთლიანობაში, ფაქტობრივად, სავალუტო შემოდინებები საკმაოდ სოლიდური იყო.
ასევე სოლიდური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ცხრა თვის მონაცემებზე დაყრდნობით. სავალუტო შემოდინებების მაღალ დონეზე შენარჩუნებამ ხელი შეუწყო იმას, რომ სებ-ს რეზერვები დაეგროვებინა, რომელიც 2025 წლის ბოლოს რეკორდულად გაიზარდა და $6.2 მილიარდი გახდა.
გაცვლითი კურსი 2025 წლის დასაწყისიდან გამყარდა დაახლოებით 4.2%-ით. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია იყო ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელმაც ზრდა დაიწყო მარტიდან მოყოლებული და წლის მეორე ნახევარში 4%-ს გადააჭარბა, ფაქტობრივად, პიკს მიაღწია ოქტომბერში. შემდგომ შენელდა და წლის ბოლოს 4%-ზე ჩამოვიდა. შედეგად, საშუალო წლიური ინფლაცია 3.9%-ის ფარგლებში დაფიქსრდა 2025 წელს.
ის, რომ ინფლაციამ ზრდა დაიწყო და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სებ-ს რეზერვები დაეგროვებინა, მოითხოვდა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში უცვლელად 8%-ის დონეზე შეინარჩუნა.
თუ მაკროეკონომიკურ ჭრილში ფისკალურ პარამეტრებსაც შევხედავთ, გაუმჯობესება გვქონდა როგორც მთავრობის ვალის, ასევე ფისკალური დეფიციტის კუთხით. ბიუჯეტის დეფიციტის საბოლოო მაჩვენებელი ჯერ უცნობია, თუმცა ჩვენი ვარაუდით, ის 2.5%-ზე დაბალი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. რაც შეეხება მთავრობის ვალს, მისი დონე მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.
მთლიანობაში, 2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იყო და ამ ფონზე ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
16.03.2026.04:53