2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2.4%-ით შემცირდა - საქსტატი
2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9 პროცენტს გაუტოლდა.
2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1 პროცენტი შეადგინა (-4.0 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.3 პროცენტი (-2.1 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 6.7 პროცენტი (-1.3 პროცენტული პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 9.0 და 9.8 პროცენტი შეადგინა.
2024 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.