2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა - საქსტატი
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 7.0 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა ქ. თბილისსა (22.5 პროცენტი) და აჭარის ა/რ-ში (20.5 პროცენტი).
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2024 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 62.9 პროცენტს.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2024 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 610.5 ათას კვადრატულ მეტრს (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 616.5 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტი). 2024 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 113.5 ათასი შეადგინა, რაც 5.3 პროცენტით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ნომრების საერთო რაოდენობა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 51.2 ათასი შეადგინა.
2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 63.5 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 549.9 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.9 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 57.4 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 30.6 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 20.8 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ, უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 8.2 პროცენტს შეადგენდნენ.
2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (89.8 პროცენტი).
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 15.4 და 14.7 პროცენტი).
2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (53.3 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
28.08.2025.17:39
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ოთხშაბათს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, - წერს საელჩო.
შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით.
„ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს.
ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.