2024 წელს, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 86 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე $8500 მეტი იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი
კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა, 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში.
„მე მინდა დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთო განცხადება, გავავრცელო და მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს.
პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრს, ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ახალ ბიუჯეტზე. მოკლედ შევაჯამებდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში. მინდა ვთქვა, რომ კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.
ასევე, ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-სთან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, მეგობრებო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა.
მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. ანუ, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას. 86 მილიარდი ლარი. და დოლარში 8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში.
ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.