2021 – 2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5% იყო - ვახტანგ ცინცაძე
2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა - საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.4% შეადგინა. ამასთან ერთად, დაზუსტდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და წინა წელს 7.5%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2021 – 2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5% იყო.
„აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 – 2025 წლებში მოლდოვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2.5% იყო, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მას თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა. რა თქმა უნდა, ამის შედეგია, რომ ფაქტობრივად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით საქართველოს შემთხვევაში, მოლდოვის მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აჭარბებს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერი იქნება არამხოლოდ რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის, არამედ გლობალურადაც“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.