100%-ით მხარს ვუჭერ პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას, რადგან შინაურ ცხოველებში იწვევს სტრესს, იღუპებიან ფრინველები - ძაღლების ფსიქოლოგი
პიროტექნიკასთან დაკავშირებული ხმაური ცხოველებში დიდ სტრესს იწვევს, ხოლო ფრინველები ვერ უმკლავდებიან ამ შიშს და კვდებიან. ცალკე საკითხია ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რაც საახალწლოდ პიროტექნიკის მასიურ გამოყენებას უკავშირდება.
,,ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნოდარ მანჩხაშვილი ხელისუფლებას პიროტექნიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ მისი გამოყენება მინიმუმამდე შემცირდეს.
,,აუცილებელია, ასი პროცენტით ვუჭერ მხარს, პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს. ფეირვერკების მასიური გამოყენების გამო ფრინველები იხოცებიან, ეშინიათ ცხოველებს და განიცდიან სტრესს. არა მარტო მათ, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზეც. თუმცა ვინაიდან ცხოველებსა და ფრინველებზე ვსაუბრობთ, ადვილად წარმოსადგენია, თუ რა მძიმე განსაცდელში ვაგდებთ მათ პიროტექნიკის გამოყენების გამო, ფრინველები ამ შიშს ვერ უძლებენ და იხოცებიან, საახალწლო დღეებში კორპუსების მიმდებარედ მკვდარი ჩიტები და მტრედები ბევრს და პირადად მეც მინახავს, რაც მძიმე სანახავია. ჩემი რეკომენდაციაა, სახელმწიფოს ნებართვით პიროტექნიკის გამოყენება შესაძლებელი იყოს ქალაქისგან მოშორებულ ადგილას, რისთვისაც რამდენიმე ლოკაცია უნდა შეირჩეს. ფეიერვერკების გაშვება დასაშვები იქნება, ისიც იმ რაოდენობით, რომ რისკი ნაკლები იყოს ეკოლოგიის (ჰაერის დაბინძურება) კუთხით და ხმაურის გამო ცხოველები არ დაიზაფრონ", - ამბობს ნოდარ მაჩხანაშვილი.
როგორც ძაღლების ფსიქოლოგი აღნიშნავს, ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია შიშის დაძლევა, რასაც ცხოველები ძნელად უმკლავდებიან და პროფესიონალის დახმარებას საჭიროებენ.
,,ძაღლების მეპატრონეების დიდი ნაწილი მთხოვს, რომ როგორც გადავაჩვიო მათი შინაური ბინადარი შიშს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საახალწლოდ პიროტექნიკებისგან ადამიანებიც ვერ იღებენ სიამოვნებას და ცხოველები კი ამ შიშს ძნელად უმკლავდებიან. შეიძლება, ამ დროს მოეფერო, ჩაეხუტო, ნაკლებად ვინერვიულოთ მათი თანდასწრებით და მხიარულად მოვაჩვენოთ თავი, ამით ვაგრძნობინებთ, რომ ეს ხმაური უსაფრთხოა. თუმცა ცხოველები რა მდგომარეობასაც განიცდიან, ეს უნდა შეფასდეს, როგორც სტრესი. შიშისგან კანკალებენ, ყეფენ, იმალებიან, ყველა ძაღლი ინდივიდუალურად გამოხატავს", - ამბობს ფსიქოლოგი.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მაჩხანაშვილი პირველია საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას ძაღლების შესახებ რჩევა მისცა და მოქალაქეებს ძაღლების სწორად აღზრდაში ეხმარება.
როგორც მანჩხაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, საქმიანობა თავდაპირველად მოხალისედ დაიწყო, მერე თანდათან ჰობი პროფესიად იქცა. დღეს პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შინაური ცხოველებს ქცევით უნარ-ჩვევებს უყალიბებს.
როგორც თავად ამბობს, „ძია ნოდარი“ თავისი პაციენტების პატრონების შერქმეული სახელია და ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებაში ძირითადად ასე იცნობენ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.