როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია | დეტალური ინსტრუქცია
როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან, რა არიის პრევენციის გზები და თუ მაინც გავხდით თაღლითების მსხვერპლი, როგორ უნდა მოვიქცეთ - ამ საკითხზე საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით თაღლითობის შემთხვევები. მან მოუწოდა მოქალაქეებს, უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულები არ გახსნან და პერსონალური მონაცემები არ გააზიარონ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მაინც გახდა კიბერთაღლითობის მსხვერპლი, ქარჩავას თქმით, მან სასწრაფოდ უნდა დაბლოკოს საბანკო ბარათი, ან დაუკავშირდეს მომსახურე კომერციულ ბანკს.
„ჩვენ რაიმე განსაკუთრებულთან არ გვაქვს შეხება, მსგავსი თაღლითური შეტყობინებები მუდმივად არის. თუ ადრე ელ. ფოსტაზე იღებდნენ შეტყობინებებს, უკანასკნელ პერიოდში ეს შემთხვევები SMS-ის სახითაა გახშირებული. სცენარი ტიპურია - შესაძლოა სატრანსპორტო, ან საფოსტო გადამზიდავის სახელით მიიღოს მომხმარებელმა შეტყობინება, რომ მის სახელზეა ამანათი გამოგზავნილი, ამ ამანათის მისაღებად კი მოუწოდებენ შეტყობინებაში არსებულ მავნე ბმულზე გადასვლისკენ და შემდეგ უკვე ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას. ხშირ შემთხვევაში ეს არის, ინტერნეტ ბანკის მონაცემები. მსგავსი ტიპის შეტყობინებები უნდა უგულებელვყოთ. ზოგადი პრაქტიკა და პრევენციული ქმედებაა ის, რომ არ მივყვეთ მესამე მხარის მოწოდებას. უნდა მივაქციოთ ვებგვერდის დასახელებას ყურადღება. თუ მომხმარებელს ეჭვი გაუჩნდა, რომ მონაცემები შეიყვანა თაღლითურ ვებგვერდზე, აუცილებლად უნდა გამოცვალოს პაროლი, დაუკავშირდეს ბანკს და განაცხადოს სავარაუდო თაღლითურ გვერდზე მონაცემების განთავსების თაობაზე. თუკი მომხმარებელმა შეიყვანა საბარათე მონაცემები, რაშიც ჩვენ ვგულისხმობთ ბარათის სრულს ნომერს, ბარათის მოქმედების ვადას და ბარათის ნამდვილობის სამნიშნა კოდს, ამ შემთხვევაში უმალვე უნდა დაბლოკოს ბარათი. თუ ეს ორივე არხი მომხმარებლისთვის მოუწვდომელია, უნდა დაუკავშირდეს მომსახურე კომერციულ ბანს და დააბლოკვინოს ეს ბარათი. იმ ანგარიშზე, სადაც მომხმარებელს ბარათი აქვს დამზადებული და ამ ბარათს სისტემატურად იყენებს ონლაინ შესყიდვებისთვის, ამ ბარათზე განათავსეთ მცირე ოდენობის თანხა, რომელიც საჭიროა კონკრეტული ნივთის შესაძენად ან ყოველდღიური საჭიროებისთვის“, - განაცხადა ქარჩავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
სხვა სიახლეები
06.10.2025.12:41
ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის.
ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?
ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.
რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?
რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?
1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!
2. შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;
3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ;
4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები
5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.