ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნებიც - „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია
2024-25 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონს სასტუმროები დადებითად აფასებენ და ზაფხულის სეზონს დიდი მოლოდინებით ხვდებიან.
„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებლის პაატა კოკაიას განცხადებით, გაზაფხულზე სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია.
„ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, გაზაფხულიდან ქუთაისის აეროპორტს ფრენები ემატება დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, შეიძლება ისრაელიდანაც, რაც ზრდის ნაკადებს. აეროპორტის არსებობის გამო ქუთაისში მაღალი სეზონია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნებიც. რაც შეეხება ზამთარს, დეკემბერი, იანვარი, თებერვლის პერიოდში გუდაურში ძალიან კარგი სეზონი იყო თბილისის და ქუთაისისგან განსხვავებით, გორში დატვირთულობა კი 2024 წელს 2023 წლის მსგავსი იყო, კლება არ გვქონია“, - აცხადებს პაატა კოკაია.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
03.12.2025.10:43
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.
ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.