ვცდილობთ ნატურალური პროდუქტის მოხმარება გავამარტივოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ადამიანისთვის - „ჰობი“
ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია ჰობი • HOBY, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, საკუთარ მომხმარებლებს მაღალმთიანი სოფლის პროდუქციას სთავაზობს. წლების განმავლობაში ასორტიმენტის ზრდასთან ერთად „ჰობი“ ექსპორტზეც გავიდა და აშშ-სა და იაპონიაში იყიდება. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ ჭიღლაძემ განუცხადა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია "ჰობი" 2020 წელს დაარსდა და პირველი პროდუქტი რისი წარმოებაც დავიწყეთ იყო თაფლი. ჩვენ ოჯახური მეფუტკრეობა 250 ფუტკრის სკას მოიცავდა. „ჰობის“ იდეა გაჩნდა მაშინ როცა მივხვდით, რომ ბაზარზე არ არსებობდა პრაქტიკული შეფუთვის თაფლი. შეფუთვა, რომელიც გაამარტივებდა თაფლის მოხმარებას. ამის გამო დავამზადეთ "Spout Pouch" შეფუთვები და პირველად „ორი ნაბიჯის“ ქსელში შევიტანეთ. ჩვენი თაფლი მაღალმთიანი სოფლის პროდუქტია, შესაბამისად ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი პირველივე წელს მომხმარებლის მატებამაც დაადასტურა. 2022 წელს გადავწყვიტეთ თბილისთან ახლოს, კერძოდ ნატახტარში აგვეშენებინა ქარხანა, სადაც მოხდებოდა იმერეთიდან ჩამოტანილი პროდუქტის დაფასოება და შემდგომ თბილისის ბაზარზე რეალიზაცია. ეს ყველაფერი განვახორციელეთ და დღემდე ზრდას ვაგრძელებთ.
როგორია კომპანიის ასორტიმენტი?
როგორც უკვე ვახსენეთ ჩვენი მთავარი პროდუქტი თაფლია, მაგრამ 2025 წლიდან დავიწყეთ აჯიკის, ტყემლის, ჩირის და ტყლაპის წარმოება, რომელსაც 2025 წლის ბოლოსთვის ვეცდებით, რომ ქსელებში მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ჩვენმა პროდუქტმა საკმაოდ გაითქვა სახელი ბოლო 4 წლის მანძილზე მოთხოვნა ყოველდღიურად იმატებს, ვცდილობთ ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად დაბალი ფასებით გავახაროთ და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ასევე ვახდენთ ექსპორტს შეერთებულ შტატებში და იაპონიაში. წლის მანძილზე ვესწრებით მუდმივად გამოფენებს საიდანაც ყოველთვის დიდი დაინტერესება ჩანს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა სიმარტივეშია, პირველ რიგში ის, რომ ვცდილობთ ნატურალური პროდუქტის მოხმარება გავამარტივოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ადამიანისთვის. მაგალითად, ჩვენ მიგვაჩნია რომ თაფლი ყველა ოჯახში უნდა იყოს. შესაბამისად, არ უნდა ღირდეს იმდენად ძვირი ქართველი მომხმარებლისთვის, რომ მისი ყიდვა ვერ შეძლოს. მეორე, ის რომ პროდუქტის მოხმარება სირთულეებთან არ უნდა ასოცირდებოდეს და მისი მაღაზიიდან სახლამდე მიტანა და მოხმარება რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს. მესამე კი ხარისხია. „ჰობის“ მიზანი არასდროს ყოფილა ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც მავნებელი იქნება ადამიანისთვის, შესაბამისად ჩვენს კომპანიაში პირველ რიგში ხარისხს და ნატურალურობას ვუყურებთ და შემდგომ სხვა დანარჩენს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩემი ოცნებაა შევქმნა ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ისეთი ცნობადობა ექნება, როგორებიც არიან "Heinz", "Nestle", "Danone" და სხვები.
ძირითადად, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ამის ღრმად მჯერა სულ ცოტა იღბალი და მაქსიმალური მონდომებადა ეს ოცნება მიღწევადია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ მეფუტკრეებთან. კომპანიისთვის, ხარისხი და მდგრადობა არის ყველაფრის საფუძველი. „ჰობი“, მომხმარებელს შეფუთვის ორ გამორჩეულ ვარიანტს სთავაზობს: კლასიკური მინის ქილები, რომლებიც ასახავს თაფლის ხელოსნურ ხარისხს და მოსახერხებელი ჩანთები მათთვის, ვინც მოგზაურობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.12:20
კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.
„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.