ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „მთავარია გჯეროდეს“
საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს. ამ პროცესს უამრავი განსხვავებული ემოცია ახლავს თან: ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიების სურვილი, აღფრთოვანება, ხშირად შიშიც კი, რომლის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღად გამბედაობა იქცევა ხოლმე. 31 მაისსა და 1 ივნისს, სწორედ ვორქშოფ ფესტივალი იქცა იმ ადგილად, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად, გამბედაობა მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „მთავარია გჯეროდეს“.
ფესტივალმა ერთი დიდი შემოქმედებითი სამყარო შექმნა, სადაც ადამიანები ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მიმართულებით საკუთარ თავს ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღმოაჩენდნენ და შთაგონებით ივსებოდნენ. სტუმრებს, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ ხატვა, ცეკვა, პიცის მომზადება და კიდევ უამრავი რამ არ შეეძლოთ, დარწმუნდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.
ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მიეცათ, დიდი ხნის ნანატრი ჩანაფიქრები აესრულებინათ. ესწავლათ, როგორ უნდა გასინჯონ ღვინო, მოუარონ შინაურ ცხოველებს, გაუწიონ ადამიანებს პირველადი დახმარება, შექმნან კერამიკული ჭურჭლები და ა.შ. ფესტივალი სტუმრებს დაეხმარა, რომ თავიანთი შესაძლებლობებისთვის აქამდე დაწესებული საზღვრები გაბედულად გაერღვიათ და აქამდე შეუძლებელი, დაუჯერებელი გამოცდილებები რეალობად ექციათ.
მზიანი ამინდი, კარგი მუსიკა, ფესტივალის მხიარული დინამიკა, საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილით შეკრებილი ადამიანები ერთად ქმნიდნენ გაზაფხულის საუკეთესო დასასრულსა და ზაფხულის საუკეთესო დასაწყისს. თითოეული ვორქშოფი ახსენებდა ადამიანებს, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ თვითრწმენის უსასრულო გაღვივებაა.
„ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სივრცე არის განკუთვნილი ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება გიყვარდეს ძერწვა, კერვა, ხატვა, ცხობა, ალკოჰოლის მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ფესტივალი ნებისმიერი სახის ადამიანს დააკმაყოფილებს. ფერადი და სიცოცხლით სავსე გარემო კი გაძლევს სურვილს, რომ თავი სხვადასხვა კუთხით გამოცადო,“ -ქეთევან ჯანიაშვილი, ფესტივალის სტუმარი
სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ იმ მომენტში იწყება, საკუთარ თავს აქამდე წარმოუდგენელი ვერსიით სწორედ იმ მომენტში პოულობ, როდესაც დაიჯერებ. „მთავარია გჯეროდეს“ არ ყოფილა გზავნილი, რომელიც ვორქშოფ ფესტივალის კედლებზე დარჩა, ის ყველა სტუმარმა ყოველი ვორქშოფისას მთელი არსებით იგრძნო და საკუთარ თავზე ახლებურად გამოცადა.
„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ განსხვავებულ და უცნობ რამეს ეცნობიან არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ ბავშვებიც. ასევე, ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ და მომავალშიც უფრო საინტერესოდ ვითარდები“, -მარიამ გაბრიჩიძე, ფესტივალის სტუმარი
ასე რომ, ვორქშოფ ფესტივალმა დაგვაჯერა - ახალი დასაწყისი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. და რომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები მოულოდნელად, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება. ის ემოციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა, ადამიანებს ცხოვრების გზაზე სამუდამოდ გაჰყვებათ, რადგან ფესტივალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.