ვმუშაობთ ახალი სახეობის შექმნაზე, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი - „მელაანური ჩაი“
2025 წელს დადებითად ვაფასებთ. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რის საფუძველზეც გავაფართოვეთ როგორც ასორტიმენტი, ისე წარმოება , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „მელაანური ჩაის“ დამფუძნებელმა, თეონა თაბორიძემ განუცხადა.
„საბოლოო ჯამში, 2025 წელი „მელაანური ჩაისთვის“ დადებითი აღმოჩნდა. ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც გახდა საფუძველი წარმოების გაფართოებისთვის და ახალი სახეობების დამატებისთვის.
თავდაპირველად მომხმარებელს სამი სახეობის ჩაის ვთავაზობდით, თუმცა უკუკავშირის საფუძველზე, მიმდინარე ზაფხულს ვიმუშავეთ ახალი გემოების შექმნასა და სამკურნალო თვისებების სინთეზზე. ამ ყველაფრის შედეგად, ასორტიმენტი 10 სახეობამდე გავზარდეთ, რაც ბაზარმა ძალიან კარგად მიიღო. გაიზარდა როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების რაოდენობა, ისე პარტნიორი ობიექტების რიცხვი, რომლებიც იმავე მიმართულებით საქმიანობენ.
ასევე 2025 წელს შევქმენით ახალი პროდუქტის ხაზი - სასაჩუქრე ბოქსები, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო საახალწლო პერიოდში. გვქონდა მაღალი გამოხმაურება და გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ჩაის ცნობადობა და მოთხოვნა ბაზარზე “, - აცხადებს თეონა თაბორიძე.

კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტში ახალი სახეობის ჩაის დამატებას გეგმავს, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.
„ჩვენი სურვილია გვქონდეს ცალკე მდგომი ჩაის საწარმო, რადგან ბრენდი ვითარდება და მოთხოვნაც, ისევე როგორც მომხმარებელთა რაოდენობა, მუდმივად იზრდება. გვსურს მცირე საწარმოო ერთეულის შექმნა, სადაც გაერთიანდება როგორც წარმოება, ასევე მასტერკლასები, ჩაის ცერემონიები და დეგუსტაციები.
პროექტი გათვლილი იქნება ტურისტულ მიმართულებაზეც. მიზანი კი გამოცდილების გაზიარებაა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.
ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლები ხშირად ითხოვდნენ ჩაის ისეთ სახეობას, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის იქნებოდა სასარგებლო. სწორედ ამ სახეობის შექმნაზე ვართ აქტიურად ორიენტირებულები. 2026 წელს ძირითადად, ეს ორი გეგმა გვაქვს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ხოლო მიწოდების სერვისი ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სხვა სიახლეები
„ბრავიტონი“, რომელიც ბაზარს 25 წელია სამშენებლო მასალებით ამარაგებს, ონლაინ გაყიდვებს იწყებს
20.02.2026.18:00
კომპანია ბრავიტონი • Braviton-ი (შპს „აღმშენებლობა“), რომელიც ბაზარს 25 წელია სამშენებლო მასალებით ამარაგებს, ონლაინ გაყიდვებს იწყებს და e-commerce-ის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ზურა ბაკურაძემ განაცხადა, კომპანია ვებგვერდს ონლაინ გაყიდვებისთვის ამზადებს, სადაც ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი.
„საიტს უკვე ვამზადებთ ონლაინ გაყიდვებისთვის, რომელშიც ჩაშენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. ის მომხმარებელს დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში და შესთავაზებს საჭირო პროდუქციას. ვთქვათ, მომხმარებელმა არ იცის, რომელი საღებავი რამდენი უნდა გამოიყენოს, რა კომპონენტები სჭირდება და ასე შემდეგ ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი დაეხმარება. საკმაოდ ინოვაციური პროდუქტია საქართველოს ბაზარზე“, - აღნიშნა „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.
მისი თქმით, e-commerce პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება ხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, აღჭურვილობა, სახარჯი მასალები, მათ შორის საჭრელი დისკები და ბურღები, ასევე სრულად - სამღებრო სექცია. გამონაკლისი იქნება მხოლოდ მძიმე სამშენებლო პროდუქცია, როგორიცაა სამშენებლო რკინა.
ონლაინ პლატფორმაზე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება საქართველოს მასშტაბით 3-დან 5 სამუშაო დღემდე განხორციელდება.
„ბრავიტონი“ ფიზიკურ მაღაზიებს ფლობს ბათუმში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სამშენებლო და რემონტისთვის საჭირო პროდუქცია.
ბოლო პერიოდში „ბრავიტონმა“ საქმიანობა გააფართოვა - კომპანიამ დასავლეთ საქართველოში ააშენა მაღალი ხარისხის საწარმო, სადაც მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს ამზადებს.