ვისოლ ჯგუფი 2025 წელს ავტომაგისტრალებზე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსების მიმართულებით გაფართოებას გეგმავს
ვისოლ ჯგუფი, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება, 2025 წელს დასვენებისა და მომსახურების კომპლექსების მიმართულებით გაფართოებასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, მათი განვითარება ახალ მაგისტრალებზე მოხდება.
„ვისოლის 2025 წლის გეგმა არის რებენდინგის გაკეთება, ხოლო რაც შეეხება ქსელის გაფართოების მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ეს მოხდეს მაგისტრალურ გზებზე, რამეთუ ჩვენი კომპანია და ჯგუფი განსხვავდება ყველა სხვა ჩვენი კონკურენტი კომპანიისგან, რადგანაც ჩვენ ვახორციელებთ ერთიანი სერვისების მიწოდებას, სერვისების რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ნავთობპროდუქტებს. აქ შედის სხვადასხვა ტიპის სერვისები, სწრაფი კვება, მაღაზიის ინფრასტრუქტურა, ავტო-ტექ მომსახურება და სხვადასხვა. ამიტომ ჩვენს ნიშას ვუყურებთ, რომ მეტი განვითარება მოხდეს მაგისტრალებზე იმისდა მიხედვით, რა მაგისტრალებიც საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ დაემატება ქვეყანას“, - განაცხადა ვასილ ხორავამ
აღსანიშნავია, რომ ვისოლი დღეისათვის 150-მდე ავტოგასამართ სადგურს და 2 დასვენებისა და მომსახურების კომპლექსს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
30.07.2025.18:01
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.
მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის.
აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე.
ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა.
“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.
თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა „თაკარასთვის“ და კონკრეტული სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.
„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი
შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც.
ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია.
„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.