ვდგამთ ნაბიჯებს ექსპორტის მიმართულებით, რათა ქართული ხილით შექმნილ პროდუქტს სხვა ქვეყნებშიც გაეცნონ - „ცუმბო პოპსი“
„ცუმბო პოპსი“ პირველი ქართული ხილის პოპსების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ ჯანსაღი, სეზონური და ადგილობრივი ინგრედიენტები. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მარიამ ჭუმბურიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
"ცუმბო პოპსი" არის პირველი ქართული ხილის პოპსების ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სეზონური ხილითა და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი სეზონურ ხილზეა დამოკიდებული, რადგან ვიყენებთ მხოლოდ ადგილობრივ და ჯანსაღ ნედლეულს. ამ ეტაპზე გვაქვს მარწყვის, ჟოლოს, მაყვლის, ბანანის, ალუბლის, ნესვისა და სხვა გემოების პოპსები. ყოველი პარტია ხელით, დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული ყურადღებით მზადდება.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოხარულები ვართ, რომ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი ერთგული მომხმარებლების რიცხვი მუდმივად მატულობს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მათგან გამოხატული კმაყოფილება და მხარდაჭერა, რაც გვაძლიერებს და მოტივაციას გვაძლევს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა სიჯანსაღე და გულწრფელობაა. არ ვიყენებთ არანაირ ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებსა თუ დანამატებს. ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, რძეს და გლუტენს. მხოლოდ ჯანსაღი ხილით მზადდება, ამიტომ თამამად შეუძლიათ მისი მოხმარება, როგორც ბავშვებს, ისე დიდებს. მომხმარებელი ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას გრძნობს და ამას განსაკუთრებით აფასებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია, რომ "ცუმბო პოპსი" კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს თბილისის სხვადასხვა უბანში, რეგიონებში და საერთაშორისო ბაზარზე. ვმუშაობთ მიტანის სერვისის გაფართოებაზე და პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს ექსპორტის მიმართულებით, რათა ქართული ხილით შექმნილ პროდუქტს სხვა ქვეყნებშიც გაეცნონ.
აღსანიშნავია, რომ "ცუმბო პოპსი" იქმნება ფერადი და გრილი დღეებისთვის.
სხვა სიახლეები
30.07.2025.18:01
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.
მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის.
აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე.
ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა.
“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.
თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა „თაკარასთვის“ და კონკრეტული სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.
„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი
შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც.
ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია.
„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.