"ტელეგრაფი" უნიკალური პროექტია, როგორც თავისი ექსტერიერით, ასევე თავისი ინტერიერით - გიორგი რამიშვილი
თბილისის ისტორიულ ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს. როგორც სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი აცხადებს, სასტუმროს კონცეფციაზე ჯგუფმა დიზაინერებთან ერთად ბევრი იფიქრა.
„ეს პროექტი არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ არის რუსთაველზე. რუსთაველის გაგრძელებაა და მერე იწყება მელიკ აზარიანცი. კიდევ ერთი ჩვენი პროექტი და აქედან გამომდინარე ეს არის ქალაქის გული. გარდა ამისა, ეს არის რესპუბლიკის მოედნის განვითარების უდიდესი, უმნიშვნელოვანესი ნაწილი, სასტუმრო „ივერიას“ შემდეგ. თვითონ ეს სასტუმრო არის 5 ვარსკვლავიანი პლუსით და ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ჩვენ და დიზაინერებმა. უნიკალური პროექტია, როგორც თავისი ექსტერიერით, ასევე თავისი ინტერიერით. ასეთი შენობა, ასეთი ხარისხის არქიტექტურით, დიზაინით, კონტენტით, ანუ აქ არის 7 რესტორანი, ბიბლიოთეკა, რომელიც სპეციალურადაა მოწყობილი, რომ ჩატარდეს პოდკასტები. ეს ბიბლიოთეკა დაკავშირებულია პიტერ ბურგთანაც. იმიტომ, რომ მისი ბიბლიოთეკაა, აქ ჩამოვა და აქ განთავსდება. ბევრი საინტერესო რამ არის აქ გაერთიანებული. შვიდი რესტორანია ერთი მეორეზე საუკეთესო. აქ იქნება ჩვენი დიდი მეგობრის, თამაზ ყურაშვილის სახელობის კლუბი, რომელიც ძალიან კარგი აკუსტიკით არის აღჭურვილი, რომელშიც ყოველთვის იქნება live მუსიკა და ძალიან მაღალი ხარისხის.
ამ სასტუმროს მართავს silk hospitality, ანუ ჩვენივე ჯგუფი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სასტუმრო შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World-ს, სადაც გაერთიანებულია ძალიან ცნობილი სასტუმროები. ამის გარდა, ბოლო სართულზე არის Rolling Stone Rooftop ბარი. ჩვენ ვიყიდეთ Rollingstone magazine -ის ლიცენზია, რომელსაც როგორც იცით 60 მლნ მკითხველი ჰყავს და ეს არის პირველი ბარი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჟურნალთან, მაგრამ მეორეს მხრივ, მასში დაიბეჭდება აქ რაც სხვადასხვა ივენთები ჩატარდება. რომელიც თავის მხრივ ცნობადობას მიანიჭებს, როგორც ამ ბარს, ასევე ტელეგრაფს, ასევე თბილისს. ეს მე მგონი, რომ კიდევ ერთი კარგი და საინტერესო მომენტი არის“, - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
სასტუმროს განახლებულ დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Neri&Hu. იმუშავა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე, და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობის არქიტექტორები არიან ლადო ალექსი-მესხიშვილი და თეიმურაზ მიქაშავიძე. შენობის რეკონსტრუქცია ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა და გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.
ტელეგრაფი სილქ როუდ ჯგუფის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია. ახალი სასტუმრო ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ტელეგრაფის რეკონსტრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).