თურქული პრემიუმ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Kebir-ი ქართულ ბაზარზე გაყიდვების მზარდ ტენდენციას აჩვენებს
თურქული პრემიუმ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Kebir-ი ქართულ ბაზარზე გაყიდვების მზარდ ტენდენციას აჩვენებს. როგორც საქართველოში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი „ქებირ გეო“-ს (KebirGeo) დირექტორი ზაურ ბოლქვაძე აცხადებს, ყოველკვარტალურად გაყიდვები 50%-ით იზრდება.
„ქებირ გეო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლის 9 მაისიდან ოპერირებს და უკვე 600-ზე მეტ მეწარმესთან თანამშრომლობს. ესენია როგორც მცირე და საშუალო ზომის მაღაზიები, ისე მსხვილი სავაჭრო ქსელები, საცხობები, საშაურმეები და HoReCa სექტორის წარმომადგენლები.
ამჟამად Kebir-ის პროდუქცია დასავლეთ საქართველოში იყიდება, მათ შორის „უნივერსამის“, „სპარისა“ და „ჯიბეს“ ფილიალებში. კომპანიის გეგმის თანახმად, 2026-2027 წლებში ის აღმოსავლეთ საქართველოს ბაზარზეც შევა, რაც დაფარვის არეალს კიდევ უფრო გაზრდის.
ზაურ ბოლქვაძის თქმით, გაყიდვების გასაზრდელად „ქებირ გეო“ მოლაპარაკებებს რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტთან აწარმოებს და იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე პროდუქცია კიდევ უფრო მეტ ობიექტში იქნება ხელმისაწვდომი.
აირანი, მაწონი, კარაქი, ნაღები და სხვადასხვა სახეობის ყველი - ეს Kebir-ის პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც ის ქართულ ბაზარზე ყიდის. თუმცა კომპანია მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების შესაბამისად ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს.
ზაურ ბოლქვაძის განმარტებით, Kebir-ის პროდუქტებიდან ქართულ ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი აირანი და თურქული მაწონია.
საქართველოში Kebir-ის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია ასევე სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებიც.
თურქული კომპანია Kebir დაარსდა 1940 წელს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.08.2025.16:00
„ქართული ზეთისხილი“, რომელიც ბაზარზე Geolive-ს ბრენდით ოპერირებს, მიმდინარე წელს მოსავლის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, ზეთისხილის კრეფის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. კომპანიის მოლოდინით, წელს საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 700–800 ტონა ზეთისხილის აღება იგეგმება.
მისი თქმით, მოსავლიანობა ხის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც ყოველწლიურად უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ზეთისხილის ბაღები, ჯამში 100 ჰექტარზე. გარდა ამისა, „ქართული ზეთისხილი“ იბარებს სხვა ფერმერებისა და კომპანიების მიერ მოწეულ ნაყოფსაც და ახორციელებს მის გადამუშავებას. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სხვადასხვა მეპატრონეთა საკუთრებაში დამატებით 2 500 ჰექტარზე გაშენებული ბაღებია.
„ასევე გვაქვს მომსახურება, რომლის ფარგლებში ფერმერები და კომპანიები ჩვენს საწარმოში წურავენ ზეთს და შემდეგ საკუთარ სახელით ყიდიან. თუმცა ბაზარზე დამკვიდრება მარტივი არ არის, რის გამოც მრავალი მათგანი საბოლოოდ მაინც გვაბარებს მოსავალს და პროდუქციას ჩვენს მეშვეობით ყიდის. ამჟამად ჩვენი ზეთისხილის ზეთი იყიდება „კარფურში“, „ფრესკოში“ და „ევროპროდუქტში“. საკუთარ მაღაზიები გვაქვს გორგასლის N77-ში და აბაშიძის N44-ში,“ – აცხადებს ნელი გეთიაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიის მაღაზიებში პროდუქცია მომხმარებელს პირველადი ფასებით მიეწოდება, გაყიდვების ზრდამ კი თბილისში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნის აუცილებლობა განაპირობა.
„2025 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, გაყიდვები 70%-ით არის გაზრდილი. უკვე შევნიშნეთ, რომ მომხმარებელმა ისწავლა ხარისხიანის და უხარისხოს გარჩევა. თავადაც ვუწევთ კონსულტაციებს გაყიდვების დროს და ვუხსნით, რომ ჩვენი ზეთი პრემიუმ ხარისხის Extra Virgin კატეგორიას მიეკუთვნება და პირველადი ცივი დაწურვით მიიღება. ჩვენი პროდუქტის მჟავიანობა არის მხოლოდ 0.2%, რაც იმ დროს, როდესაც Virgin-ის ზეთის მაქსიმალური დაშვებული მჟავიანობა 0.8%-ია, განსაკუთრებული ხარისხის მაჩვენებელია. ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელს ჰგონია, რომ ეტიკეტზე არსებული სიტყვა Virgin ავტომატურად ნიშნავს საუკეთესო ხარისხს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის - კონტრკეტიკეტზე დაკვირვებით ირკვევა, რომ ზეთის ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს,“ - განმარტავს გეთიაშვილი.
მისივე თქმით, მათი კონსულტაციებისა და შეთავაზებების შედეგად გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დიდი მოთხოვნაა საქართველოში გამოყვანილ ზეთისხილის ნერგებზე. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მათი სანერგე მეურნეობიდან ნერგების ექსპორტი უკვე განხორციელდა აზერბაიჯანში. მიმდინარე წელს სანერგეში 400,000 ნერგი გამოიყვანეს, რომელთა რეალიზაცია შემოდგომაზე დაიწყება. ზეთისხილის გადარგვის სეზონი კი ნოემბრიდან იწყება.