Turkish Airlines-ი საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, საქართველოში საქმიანობას კიდევ უფრო მეტად აფართოებს.
კომპანიის ცნობით, ფრენების არსებულ განრიგს 5 ახალი ყოველკვირეული რეისი დაემატება, აქედან თბილისის მიმართულებით 2, ბათუმის მიმართულებით კი 3 რეისი. მთლიანობაში თურქეთსა და საქართველოს შორის Turkish Airlines-ი კვირაში 48 რეისს შეასრულებს.
ამ გაფართოების შედეგად, მზავრებისთვის Turkish Airlines-ის რეისებზე მოქნილობა და წვდომა გაიზრდება, სულ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 34 რეისს, ბათუმის მიმართულებით კი 14 რეისს შეასრულებს.
„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდი ბაზრის პოტენციალის მიმართ. კვირაში 48 რეისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ქართველ მოგზაურებს მეტი არჩევანით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურული გაცვლისთვის“, - აცხადებს საქართვეოში Turkish Airlines-ის მენეჯერიკენან ინჯე.
კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის. ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს სთავაზობს მსოფლიო დონის მომსახურებას და შეუფერხებელ კავშირს კომფორტთან და ტრადიციულ თურქულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად.
Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან რეისების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტის, მობილური აპლიკაციის, გაყიდვების ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.
სხვა სიახლეები
ემოციების ჰაბი „ფორმაცია“ - ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერთიანდება
16.03.2026.12:00
„ფორმაცია“ არის ადგილი, სადაც ხელოვნება და ფსიქოლოგია ერწყმის ერთმანეთს. ეს არის ჰაბი, სადაც მოზარდები და ზრდასრულები კვალიფიციურ გუნდთან ერთად, საინტერესო და ინოვაციური კურსების საშუალებით, ივითარებენ თვალსაწიერს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia „ფორმაციის“ დამფუძნებელს, ირმა გოგოლაძეს ესაუბრა.
„ფორმაცია“ არის ემოციების ჰაბი, რომელიც ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. ვაერთიანებთ ფსიქოლოგიასა და ხელოვნებას. ჩვენს გუნდში მუშაობს სერტიფიცირებული, კვალიფიციური არტ-თერაპევტი, ანა დედაბრიშვილი.

ჩვენ, ზოგიერთი არსებული თერაპია ვაქციეთ პროდუქტად. მაგალითად, კალიგრაფია, რომელსაც თერაპიასთან ვაკავშირებთ. ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ვუზიარებთ ამ უნიკალურ ხელოვნებას: ვაცნობთ, რა არის კალიგრაფია, სად და როგორ იყენებდნენ მას და როგორ განვითარდა სხვადასხვა ეპოქაში. შემდეგ ეს პროცესი იღებს თერაპიულ სახეს. წერა კარგი თერაპიაა, ხოლო ლამაზად წერა კიდევ უფრო ეფექტურია, რადგან ადამიანი ერთდროულად წერისა და ხელოვნების სამყაროში ერთვება. პროცესი ერთდროულად, თერაპიულადაც და შემოქმედებითადაც გამდიდრებულია.

კალიგრაფია გვაქვს როგორც ერთჯერადად ვორქშოფის ფორმატში, ასევე სრული კურსის სახით. ვმუშაობთ ტურისტებზეც: ვაცნობთ მათ ქართულ კალიგრაფიას, ვარჩევთ ფრაზას, რომელსაც მონაწილეები თავად წერენ, ამას ვურთავთ ღვინოსა და მუსიკას, რაც ქმნის სასიამოვნო და დასამახსოვრებელ საღამოს.

ასევე, ჩვენ შევქმენით Self-მარკეტინგის კურსი, სადაც მოზარდები (11–15 წელი) სწავლობენ, როგორ იპოვონ საკუთარი თავი, შექმნან პერსონალური ბრენდი და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული სამყაროსკენ.

გარდა ამისა, ზრდასრულებისთვის გვაქვს ერთჯერადი კურსი - „ცეცხლთან თამაში“, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სახალისო ფორმით გაიცნონ საკუთარი თავის ჯერ კიდევ შეუცნობელი მხარეები, აღმოაჩინონ დასწავლილი ქცევის პატერნები და განივითარონ თვითანალიზის უნარი. ეს არის ჯგუფური თამაში და სხვა ადამიანებთან ურთიერთობით სხვადასხვა გამოწვევის გადალახვას გულისხმობს. თამაში აგებულია თვითანალიზისა და თვითდაკვირვების პრინციპებზე.
„ცეცხლთან თამაში“ ოთხი ძირითადი ეტაპისგან შედგება. თამაშის პროცესში მონაწილე აკვირდება, თუ როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და საკუთარ თავში ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათია, ექსპრესია, სიხარბე და ღიაობა. თითოეულ ამ თვისებაზე ის თავად აყალიბებს მსჯელობას.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და შემიძლია ვთქვა, რომ იდეამ გაამართლა. ჩვენთან მოსული თითოეული ადამიანი სივრცეს დადებითი ემოციებით, ბედნიერი და კმაყოფილი ტოვებს, შემდეგი შეხვედრის მოლოდინით “, - აცხადებს ირმა გოგოლაძე.
კომპანიის მთავარი სამომავლო მიზანი ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა.
„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ცნობადობის გაზრდა და ადამიანებისთვის მეტი აქტივობის შეთავაზებაა. სწრაფ გაფართოებაზე მეტად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარება იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური. ამიტომ, კონკრეტული ახალი გეგმა ჯერ არ გვაქვს - ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ჰაბში ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის სერვისიც, რომელიც მუშაობს ინტეგრაციული მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ თერაპიული პროცესი სრულად არის მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. პრაქტიკა ეფუძნება ფსიქოთერაპიის რამდენიმე წამყვან მიმართულებას: კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას (CBT), ფსიქოდინამიკურ მიდგომას, პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და მაინდფულნეს პრაქტიკებს.
სპეციალისტი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ემოციური სირთულეები, თვითშეფასება და თვითიდენტობა, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, ცხოვრებისეული კრიზისები და ცვლილებები, ასევე ფსიქოსომატური ჩივილები.

ჰაბი ქალაქ თბილისში, ინგოროყვას 19 ნომერში მდებარეობს.