თუ მიმდინარე კონფლიქტი სწრაფად დასრულდება, ტურიზმიც მალევე აღდგება, რადგან სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მსგავს გამოწვევებს უკვე შეეგუა - „კა გრუპის“ დამფუძნებელი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ტურიზმის სწრაფი აღდგენის გზებზე იდეების გაცვლას ემსახურებოდა, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩინეთიდან ფრენების გაზრდა და ახალი ქალაქების დამატება განიხილება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „კა გრუპის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად იმართება.
„კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეხვედრები საკმაოდ ხშირად იმართება. ეს შეხვედრაც უფრო მეტად იდეების გაცვლას ემსახურებოდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლევადიან პერსპექტივაში ტურიზმის დასახმარებლად, რათა სექტორი სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების რელსებს. რასაც დავამატებდი, არის გარკვეული კონკრეტიზაცია. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთიდან შესაძლოა ფრენები კიდევ დაემატოს და ამავე ბაზარზე ახალი მიმართულებები გაიხსნას. ასევე, განიხილება აზერბაიჯანთან ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლის დანიშვნა, რაც სექტორს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
საჭიროა მეტი აქცენტი მეზობელ ქვეყნებზე გაკეთდეს. ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა სავალალო ან კატასტროფულია. თუ მიმდინარე კონფლიქტი სწრაფად დასრულდება, ტურიზმიც მალევე აღდგება, რადგან სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მსგავს გამოწვევებს უკვე შეეგუა. შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება არსებობს და ადაპტაციას სწრაფად შევძლებთ“, - განმარტავს ირაკლი ჭიღლაძე.
მისივე განცხადებით, სასტუმრო სექტორმა 2026 წელი პოზიტიურად დაიწყო და იანვარ-თებერვალში კარგი შედეგები დაფიქსირდა, თუმცა მისი თქმით, ინდუსტრია ოპერირებს წინასწარ განსაზღვრული ზრდის მოლოდინებით, რომლებიც, როგორც წესი, წლიურად 7-15%-ს შეადგენს და ოპტიმისტურ შემთხვევაში 20-25%-მდე იზრდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წელი წარმატებული გამოდგა და ტურიზმი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა, 2026 წლის ბიუჯეტი სასტუმროების უმეტესობაში ამბიციურად დაიგეგმა და 20-25-პროცენტიანი მატება ჩაიდო. იანვარსა და თებერვალში, განსაკუთრებით სამთო კურორტებზე, იმაზე ბევრად მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ, ვიდრე დაგეგმილი 20-25-პროცენტიანი ზრდა იყო, რამაც რეალურად დააზღვია მარტის თვის დიდი ჩავარდნა“.
როგორც აღინიშნა, გუდაურისთვის მარტის ჩავარდნა კრიტიკულად მძიმე აღმოჩნდა, თუმცა იანვარსა და თებერვალში დაფიქსირებული კარგი შედეგების წყალობით, ე.წ. Year to Date მაჩვენებლით, სხვადასხვა სასტუმროში პირველი კვარტალის მონაცემები მაინც მცირე ზრდით დასრულდა.
ამჟამად აქცენტს მეზობელ ქვეყნებზე ვაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთში ოთხ სასტუმროს ვმართავთ, ამ ქვეყანასთან მრავალწლიანი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში მსხვილ ტუროპერატორებთან ერთად უკვე ჩავატარეთ B2B შეხვედრები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თურქეთში, რიზეში ვიზიტს, რათა იქაც შევხვდეთ B2B პარტნიორებს. ჩვენი მიზანია, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ“,- აღნიშნა „კა გრუპის“ დამფუძნებელმა.
ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორი ყურადღებას ამახვილებს შედარებით სტაბილურ ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და ევროპის ქვეყნები, სადაც ნაკლებია გლობალურ რყევებზე დამოკიდებულება. მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, მათ შორის გამოფენები და B2B შეხვედრები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის სწრაფად ადაპტაციისთვის შესაძლო გრძელვადიან გამოწვევებთან.
სხვა სიახლეები
TOP 5 სადაზღვევო კომპანია სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში
16.04.2026.11:00
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 5,1%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2025 წლის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან 15,882,837 ლარის პრემია მოიზიდეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15,112,075 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2025 წლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 29.96%-ი მოდის.
ჯი პი აი ჰოლდინგმა 2025 წლის განმავლობაში 4,759,850 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2025 წლის სტატისტიკით 2,757,030 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 17.36%-ი მოიპოვა.
სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო კომპანია იმედი L, რომელიც ბაზრის 12.45%-ის მფლობელია და 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1,977,751 ლარის პრემია მოიზიდა.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც 2025 წელს 1,350,525 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 8.5%-ის მფლობელი გახდა.
TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 1,200,752 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 7.56%-იც დაიკავა.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2025 წლის განმავლობაში 482,901 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49.36%-ით მეტია, რადგანაც 2024 წლის 12 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გადაზღვევის პრემია 323,306 ლარი იყო.
გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2025 წელს 306,847 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას რისკების სადაზღვევო კომპანია უნისონი იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 65,602 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო, სადაზღვევო კომპანია უნისონზე და რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაზე გადანაწილდა
არსებული მაჩვენებლებით, 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 15,882,837 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 482,901 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 3,04% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2025 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.