Tskaltubo Plaza Hotel მაღალი სეზონის მოლოდინში - ჩინური ტურისტული ბაზარი წყალტუბოს პოტენციალით ინტერესდება
Tskaltubo Plaza Hotel-ის მაგალითზე, მოთხოვნა გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯმენტკომპანია „კა გრუპის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარე წელს Tskaltubo Plaza Hotel-ით ისეთი სტაბილური ბაზარიც დაინტერესდა, როგორიც ჩინეთია.
„წინა წელთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა იდენტურია. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ჩინეთის ბაზარი წყალტუბოს მიმართულებით საკმაოდ გააქტიურდა, რაც ჩვენთვის ძალიან დადებითი ტენდენციაა, რადგან ჩინეთის ბაზარი სტაბილურობით გამოირჩევა“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.
Tskaltubo Plaza Hotel-ის მაგალითზე ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები აქტიურობენ: ყაზახეთი, უზბეკეთი და პოლონეთი. ასევე აქტიურია ადგილობრივი ბაზარიც.
Tskaltubo Plaza Hotel-ის გარდა განთავსებისა და ღამისთევისა საკუთარ სტუმრებს სპა მიმართულებებს და სამკურნალო პაკეტებსაც სთავაზობს. სასტუმრო აერთიანებს ასევე რესტორანს, ბარს და ღია აუზს.
„ექვსი ტიპის სამკურნალო პაკეტი გვაქვს. პაკეტები არის 7 დღიანი, 10 დღიანი და 12 დღიანი ძირითადად და ქვეყნები, რომლებიც ინტერესდებიან სამკურნალო პაკეტებით, არის: საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი და პოლონეთი“, - განმარტავს “კა გრუპის” დამფუძნებელი.
იმისთვის, რომ Tskaltubo Plaza Hotel-ისთვის 2026 წელი 2025 წელზე უკეთესი იყოს, სასტუმრო და მისი მენეჯმენტკომპანია საერთაშორისო გამოფენებზე წარდგნენ და გეგმაში კიდევ რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობაც აქვთ.
„ძირითადად ეს არის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები და B2B შეხვედრები. როგორც წესი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის დასასრულს გვიზიარებს ხოლმე მომდევნო წელს რომელ გამოფენებზე იღებს მონაწილეობას, მერე ჩვენ ვირჩევთ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებები რომელია და ამის მიხედვით მივდივართ გამოფენებზე თუ B2B შეხვედრებზე. 2026-ში რა მიმართულებებიც გვაქვს, ეს არის ყაზახეთის ბაზარი, GCC ბაზარი, ჩინეთის ბაზარი, ინდოეთის ბაზარი, ისრაელის ბაზარი. ინდოეთში და ისრაელში უკვე ვიყავით, გამოფენები იყო იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში. მარტში მივდივართ გერმანიის გამოფენაზე, შემდეგ მეზობელი ქვეყნები - აზერბაიჯანსა და სომხეთში არის აპრილში ჩანიშნული საერთაშორისო გამოფენები და B2B შეხვედრები. შემდეგ მაისის დასაწყისში არის დუბაის საერთაშორისო გამოფენა და მაისის ბოლოს არის ჩინეთის გამოფენა“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.
Tskaltubo Plaza Hotel-ის და ზოგადად წყალტუბოსთვის ყველაზე აქტიური პერიოდი ზაფხულია.
„ეს მიჰყვება ზოგად ტენდენციას, ანუ მაღალი სეზონი იწყება მაისის დასაწყისიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე“, - ამბობს „კა გრუპის“ დამფუძნებელი.
Tskaltubo Plaza Hotel-ი 75 სასტუმრო ნომერს აერთიანებს და აქვს ექვსი კატეგორიის ნომრები. სასტუმროს ჯამში189 ადამიანის განთავსება შეუძლია.
„გასულ წელთან შედარებით საფასო პოლიტიკა ეგრეთ წოდებულ დაბალ სეზონზე უცვლელი რჩება, რაც შეეხება მაღალ სეზონზე გვექნება 10-დოლარიანი ზრდა“, - ამბობს ირაკლი ჭიღლაძე.
წყალტუბო კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მსოფლიო აღიარებით სარგებლობს. მისი უნიკალური თერმული წყლები 70-მდე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. კურორტი მდებარეობს ქუთაისიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში, ხოლო თბილისიდან - 250 კილომეტრში. ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე წყალტუბო გამოირჩევა ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით, რბილი ზამთრითა და თბილი ზაფხულით.
წყალტუბოს კურორტი შეუდარებელია თავისი სამკურნალო თვისებებით. მისი წყლები უნიკალურია არა მხოლოდ მინერალურ, არამედ თერმულ წყლებს შორისაც. ბუნებრივი წყალი თბილია და ზუსტად შეესაბამება ადამიანის სხეულის ტემპერატურას, რაც საშუალებას იძლევა, იგი გამოყენებულ იქნას ყოველგვარი დამატებითი გაცხელების გარეშე - ამგვარად ნარჩუნდება მისი ყველა ორგანული სასარგებლო თვისება.
წყალტუბოს ბუნებრივი სამკურნალო რესურსები ასევე მოიცავს კარსტულ მღვიმეებს. მათ სპეციფიკურ მიკროკლიმატს წარმატებით იყენებენ ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონიის, პნევმონიისა და ნევროზის სამკურნალოდ. ხელსაყრელი ამინდის პირობებში, სტუმრებს ასევე აქვთ სამკურნალო მზის აბაზანების მიღების შესაძლებლობა.
ამ გამაჯანსაღებელი გარემოს შუაგულში მდებარეობს ფუფუნების კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კომფორტს, გამორჩეულ მომსახურებას და მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელ (Wellness) ობიექტებს დაუვიწყარი დასვენებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
უსაფრთხო გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და მრავალფეროვანი პროგრამები - როგორია „ია და ბავშვების“ თანამედროვე არაფორმალური განათლების სივრცის კონცეფცია
15.05.2026.18:00
„ია და ბავშვები“ არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც გაიხსნა პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. ცენტრი ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ია აფციაურს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ია და ბავშვები“ არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც გაიხსნა პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით. განათლების თანამედროვე სივრცე, რომელიც ბავშვების ჰოლისტურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ცენტრი ბაზარზე ოპერირებს 2025 წლიდან და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც აკადემიური, ისე ემოციური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამებს. ცენტრში ინტეგრირებულია სხვადასხვა მიმართულება - შემეცნებითი კლუბები, არტთერაპია, მენტალური არითმეტიკა, ჭადრაკი, უცხო ენები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები (2+ ასაკიდან), სხვადასხვა თემატური პროექტები და ვორქშოფები, მშობელთა კლუბი და ა.შ. რომლებიც თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო, მხარდამჭერი და მეგობრული გარემოს შექმნას, სადაც ბავშვი თავს თავისუფლად და დაფასებულად გრძნობს.

ცენტრის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში ჩვენი მთავარი ღირებულება ბავშვების სიყვარული იყო. არ მინდოდა, რომ "ია და ბავშვები" ყოფილიყო უბრალოდ მორიგი "წრეების" ცენტრი. ჩემი მიზანი იყო განათლების ბაზარზე შემეტანა მეტად მნიშვნელოვანი, ემოციურ კავშირსა და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული გამოცდილება: ურთიერთობა, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? რამდენად მზარდია ტენდენცია?
დღეს მშობლების მხრიდან მნიშვნელოვნად იზრდება ინტერესი ისეთი საგანმანათლებლო სივრცეების მიმართ, რომლებიც მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე არ არის ორიენტირებული და ბავშვის ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებასაც თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. თანამედროვე გარემო და სწრაფად ცვალებადი რეალობა მშობლებს უბიძგებს, შვილებისთვის შეარჩიონ სივრცეები, სადაც ბავშვები შეძლებენ არა მხოლოდ სწავლას, არამედ კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და დამოუკიდებელი უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების მიმართულება მზარდ ტენდენციად გვესახება და მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს. ეს არ არის ინვესტიცია, რომელიც სწრაფ ან გარანტირებულ მოგებას გვპირდება; ეს არის ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, ემოციებსა და მომავალში, რაც დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, ბევრად მეტ მოტივაციას და ძალისხმევას აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში, ვიდრე მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ია და ბავშვების“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა თითოეული ბავშვის მიმართ ინდივიდუალური, ჰუმანური და ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომაა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნდობაზე, მხარდაჭერასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, რაც თითოეული ადამიანისათვის კომფორტულ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ამასთანავე, კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგენს - ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ სფეროში კვალიფიციურები არიან, არამედ ბავშვებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, სითბოთი და ემპათიით გამოირჩევიან. ამასთანავე, ვცდილობთ, ჩვენი სერვისები და პროგრამები ფასობრივად ხელმისაწვდომი იყოს ბევრი ოჯახისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ხარისხიან და მზრუნველ საგანმანათლებლო გარემოზე წვდომა მაქსიმალურად მრავალ ბავშვს უნდა ჰქონდეს.
როგორია სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
კომპანიის განვითარების ხედვა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნას უკავშირდება - სივრცის, რომელიც კიდევ უფრო მეტ ბავშვსა და ოჯახს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი, თანამედროვე და ემოციურად მხარდამჭერი სერვისები.

ცენტრში უახლოეს პერიოდში იგეგმება პროგრამებისა და მიმართულებების გაფართოება. გვინდა, ბავშვებს შევთავაზოთ ისეთი თანამედროვე და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა STEM განათლება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული და ტექნოლოგიური უნარების განვითარება, შემოქმედებითი და კვლევითი პროექტები, სოციალური და ემოციური უნარების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამები. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, რათა სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო, პრაქტიკული და ინტერაქტიული გახდეს. აქვე, განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება „მშობლების კლუბის“ გაფართოებაც - სივრცის, სადაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა, დაესწრონ სხვადასხვა თემატურ შეხვედრებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს ბავშვის განვითარების, აღზრდისა და ფსიქოემოციური კეთილდღეობის მიმართულებით.

კომპანიის გრძელვადიანი მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ბავშვი, მშობელი და მასწავლებელი ერთიანი, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული საზოგადოების ნაწილად იგრძნობენ თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ია და ბავშვები“ ასოცირდებოდეს არა მხოლოდ განათლებასთან, არამედ სითბოსთან, ნდობასთან, ზრუნვასთან და იმ პოზიტიურ გამოცდილებასთან, რომელიც თითოეული ოჯახის ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.