„ცივის ყველი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს
ცივის ყველი -Tsivis Kveli, რომელსაც ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ცივის ყველის“ წარმომადგენელმა ნიკა ღაღაშვილმა განაცხადა, ყველის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ჩინეთთან. რაც შეეხება აშშ-ში „ცივის ყველის“ ექსპორტს, წელს ზრდა 15%-ის დონეზეა.
„მიმდინარე წელს აშშ-ში ექსპორტის კუთხით ზრდა გვქონდა - მცირე, მაგრამ მაინც ზრდა იყო. ჩვენი პროდუქცია აშშ-ში ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას შეაქვს და შემდეგ თავად ანაწილებს ქსელში. აშშ-ში გადის: ტრადიციული ქართული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, დაწნული ყველი, ჩხირები და ერთ-ერთი ჩვენი იმპროვიზაცია - სულგუნი შავ ღვინოში.
ექსპორტთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუბაიში და ჩინეთთან. ჩინეთში შებოლილ ყველზე არის მოთხოვნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველოს ბაზარზე გვქონდეს კონცენტრაცია, თუმცა საექსპორტო მოთხოვნასაც ვაკმაყოფილებთ“, - განმარტავს ნიკა ღაღაშვილი.
„ცივის ყველი“ დღეისათვის ძალიან ბევრ ობიექტში იყიდება. კომპანიას პროდუქცია შეაქვს „კარფურშიც“. „ცივის ყველი“ ბაზარზე 7 სახეობის ყველითაა წარმოდგენილი და თითო სახეობა დაახლოებით 10 ნაირსახეობას აერთიანებს.
„ცივის ყველის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული და ამიტომ ნედლეულს, ანუ რძეს საშუალო და დიდი ზომის ფერმებიდან იბარებს.
„ყველის ბაზარი სეზონურია. ზაფხულში მაღალი მოთხოვნაა, ზამთარში შედარებით ნაკლები. წლევანდელ ზაფხულზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ზამთარს, „კარფურში“ გავაგრძელეთ შეტანა და დაახლოებით 10%-იან ზრდას ველით“, — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
დღეისათვის საწარმო თვეში 3-დან 3.5 ტონამდე ყველს აწარმოებს, თუმცა პოტენციალი დაახლოებით 10 ტონა ყველია.
„ცივის ყველი“ საწარმოო პროცესის გასაცნობად ვიზიტორებსაც იღებს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან. უცხოელ სტუმრებსაც აქტიურად მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
08.10.2025.20:00
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.
„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.