წარმოების პარალელურად „ასკანელი“ ბაკურციხეში მრავალფუნქციური ტურისტული სივრცის მშენებლობას გეგმავს
კომპანია "ასკანელი" კახეთში, ბაკურციხეში, წარმოების სრული ციკლის პარალელურად, ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციის მშენებლობასაც გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე აცხადებს, ქარხანასთან ერთად ლოკაციაზე მოეწყობა მუზეუმი, მარანი და რესტორანი.
ბიზნესმენის თქმით, საბრენდე ქარხნის მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპზე დაიწყება ანუკ ლეჟანდრის ღვინის მუზეუმის მშენებლობა.
ეს მუზეუმი მიეძღვნება ქართული ღვინის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას და იქნება ქვეყნის უძველესი კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი.
„ჩვენ გავხსენით დიდი წარმოება, სადაც შეგვიძლია მეტი ყურძენი მივიღოთ და გადავამუშაოთ. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს – კომპანია იზრდება, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება. ამ ტერიტორიაზე გაკეთდება მუზეუმი, სადაც 3D ფორმატიც იქნება. მუზეუმი ბევრ ინფორმაციას მისცემს ნებისმიერ ტურისტს. მოეწყობა რესტორანიც და მარანიც. აქ იქნება მთელი ციკლი – ყურძნის მიღებიდან სპირტის მიღებამდე“, – აცხადებს გოჩა ჩხაიძე.
როგორც „ასკანელის“ დამფუძნებელი ამბობს, კომპანია ყოველწლიურად 20%-ით იზრდება, თუმცა მიმდინარე გაფართოება კომპანიის მაჩვენებლებს უფრო მაღალი პროცენტული ზრდით განავითარებს.
წარმოების გაფართოებასთან ერთად, „ასკანელი“ საექსპორტო არეალის ზრდაზეც მუშაობს.
„ტრადიციულ ბაზრებზე ჩვენ თავს ძალიან მყარად ვგრძნობთ, რადგან ამ ბაზრებზე ყოველ წელს გვაქვს ზრდა. რაც შეეხება ალტერნატიული ბაზრების მოძიებას – ეს ყველასთვის დიდი მონაპოვარია. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. შევედით დუბაის ბაზარზე, ასევე ინდოეთთან გავაფორმეთ კონტრაქტი“, – ამბობს „ასკანელის“ დამფუძნებელი.
გოჩა ჩხაიძის შეფასებით, „ასკანელის“ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან მომხმარებელი ხარისხიან პროდუქტს მარტივად ითვისებს.
„როდესაც აწარმოებ კარგ და საინტერესო პროდუქტს, მასზე მოთხოვნა ჩნდება. უამრავი ქართული რესტორანია გახსნილი და ყოველწლიურად ახალი ემატება. იხსნება სხვა ტიპის რესტორნებიც, რომელთაც ქართული ღვინო ძალიან მოსწონთ. უკვე იტალიურ რესტორნებშიც არის ჩვენი ღვინო. „ასკანელი“ ლონდონში მიშლენის 11 რესტორანში იყიდება.
ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ვცდილობთ, ალტერნატიული ბაზრები გავამყაროთ“, – აცხადებს გოჩა ჩხაიძე.
აღსანიშნავია, რომ ბაკურციხის პროექტის კულტურული სივრცე მიზნად ისახავს საქართველოს უნიკალური იდენტობის წარმოჩენას და ქვეყანაში ღვინის ტურიზმის შემდგომ განვითარებას.
20-მილიონიანი პროექტის პარტნიორი თიბისი ბანკია, საწარმო 14 მილიონი ლარით მათი დაფინანსებულია. კომპანია "ასკანელი" აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლს (ვენახებიდან მზა პროდუქციის შენახვამდე), რაც უმაღლესი ხარისხის საბრენდე ღვინომასალების წარმოების გარანტიაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარე უბნების პოპულარობა, ინვესტორთა სტრატეგიები და NB TOWER-ის როლი უძრავი ქონების ტრანსფორმაციაში
სხვა სიახლეები
20.10.2025.20:34
“ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა პოლონურმა ბიზნეს გამოცემა Strefa Nieruchomości - Magazyn Inwestora-მ. სტატიაში საუბარია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის პოტენციალზე, ასევე პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე პოლონელი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ბოლო წლებში აქტიურად ინტერესდებიან.
ზემოაღნიშნულ გამოცემაში პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიანა ჟღენტის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნის შესაძლებლობებზე ისაუბრა:
„დაბალი გადასახადები, გამარტივებული ბიუროკრატია და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო და მდგრადი პარტნიორი მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი, ძლიერი ინსტიტუციებითა და სანდო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებით, რომელმაც ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩვენი წარმატება მხოლოდ ციფრებში არ არის. საქმე ეხება სტაბილურობისა და შესაძლებლობების შექმნას ჩვენი ხალხისთვის და პარტნიორებისთვის. საქართველო ცნობილი გახდა თავისი საიმედო, მდგრადი და ღია ბიზნეს გარემოთი.”
პროექტ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ მომზადებულ ვრცელ სტატიაში თავმოყრილია პოლონელი პარტნიორების შეფასებებიც. „ამბასადორი აილენდ ბათუმი - შავი ზღვის პირველი ხელოვნური კუნძული ის საინვესტიციო შესაძლებლობაა, რომელიც თავისი მასშტაბით შთამბეჭდავია და აქვს შანსი შეცვალოს საქართველოს იერსახე“ - ამ სათაურით წარმოგიდგენთ ჟურნალი ინტერვიუებს მარიუშ გაჟევსკისთან, ბარტოშ შუბასთან, გოჩა კამკიასთან და კლაუდია ბარტოსიევიჩთან. Exclusive Poland-ის ბიზნესის განვითარების მმართველი მენეჯერი მარიუშ გაჟევსკი აცხადებს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ხარისხის, ინოვაციისა და ნდობის ახალი სიმბოლოა საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე.
„ამბასადორი აილენდის” გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია Strefa Nieruchomości-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანია დღითიდღე აღრმავებს ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს აღმოსავლეთ ევროპასთან, მათ შორის პოლონეთთან, სადაც ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალი, მზარდი პოტენციალის მქონე ბაზრებით, ხოლო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ინოვაციებისადმი ღიაობა საქართველოს საინვესტიციო ბაზარს კიდევ უფრო უნიკალურ და მიმზიდველ გარემოდ აქცევს. „პოლონელი ინვესტორები ჩვენთვის საინტერესო პარტნიორები არიან. ამ ქვეყანას სწრაფად მზარდი ეკონომიკა, გლობალური ამბიციები და მდგრადი სახელმწიფოს რეპუტაცია აქვს. ამავდროულად, იზრდება პოლონეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო ლოკაციის თვალსაზრისით. „ამბასადორი აილენდ ბათუმთან” პარტნიორობით, პოლონელ ინვესტორებს შეუძლიათ ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ ინვესტირება შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ბაზარზე, ამავდროულად, გაამყარონ ორმხრივი კავშირები ჩვენს ორ ქვეყანას შორის”.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი" სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი," რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.