Trendyol-ს ინგლისური ენა დაემატება — Inex Group თურქულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Inex Group-ისა და თურქული სავაჭრო ონლაინ პლატფორმა Trendyol-ის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და კომპანიები ქართველ მომხმარებელს მათზე მორგებულ სერვისებს შესთავაზებენ. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ჩინური პლატფორმების საქართველოს ბაზარზე გააქტიურების შემდეგ გააქტიურება და ბაზრის ძველი წილის დაბრუნება გადაწყვიტა Trendyol-მაც.
„Inex Group-ი და Trendyol-ი რამდენიმე წელია თანამშრომლობენ, თუმცა მას შემდეგ რაც ქართულ ბაზარზე Taobao და Pinduoduo საკმაოდ გააქტიურდა Trendyol-მაც დაინახა საჭიროება და საქართველოში ეძებდნენ სანდო პარტნიორს. ამ მიმართულებით ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს, რადგანაც Inex Group-ი Trendyol-ს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, რასაც სხვა კომპანიები ვერ სთავაზობენ. ჩვენ თურქეთში გაქვს ჩვენი კომპანია. მომხმარებლებს Trendyol-ი სთავაზობს არჩევანს, რამდენიმე ქართულ კომპანიას და მომხმარებელი თავად არჩევს ვისი სერვისით სურს კონკრეტული ნივთის გამოწერა. ჩაწერს საკუთარი ოთახის ნომერს და შემდეგ ავტომატურად ემატება მისამართი. თუმცა ეს არის პირველი ეტაპი. Taobao-სგან განსხვავებით პირდაპირ ქართული მისამართის მიბმა არ ხდება“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
Inex Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, Inex Group-ი საქართველოში Trendyol-ის გენერალური პარტნიორი იქნება.
„Trendyol-თან სიტყვიერი შეთანხმება გაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით ერთმანეთისთვის გენერალური პარტნიორები საქართველოში და ამ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომ განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. პირველ ეტაპზე მე რამდენადაც ვიცი გადაწყვეტილია, რომ პლატფორმას დაემატოს ინგლისური ენა.
როდესაც Trendyol-ის დელეგაცია ჩვენთან იმყოფებოდა, მათ ავუხსენით ის სირთულე, რასაც ქართველი მომხმარებელი აწყდება. ვუთხარით ისიც, რომ როდესაც ახალი მომხმარებელი მისამართს ამატებდა სმს იგზავნებოდა მხოლოდ თურქულ ნომერზე. ახალი სისტემით, რომელიც უკვე ჩაშვებულია აღარ სჭირდება ტელეფონი და სმს, უბრალოდ მომხმარებელი აირჩევს Inex Group-ს, მიუთითებს ოთახის ნომერს და ავტომატურად დაემატება მისამართი. ეს იყო ის ერთ-ერთი სირთულე, რომელიც Trendyol-ს ავუხსენით და გაითვალისწინა. მეორე პრობლემას წარმოადგენდა ენობრივი ბარიერი. მათ ავუხსენით, რომ შესაძლოა ბევრი მომხმარებელი დავკარგოთ იმის გამო, რომ ვერ გაიგონ თურქული ენა. თუმცა ისინი დაგვპირდნენ, რომ ეტაპობრივად დაიწყება და Trendyol-ის ინგლისური ვერსიაც ჩაეშვება“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
Inex Group-ის მაგალითზე თურქული ამანათებიდან უშუალოდ Trendyol-ის წილი დაახლოებით 80%-ია. თუმცა საქართველოში Pinduoduo-სა და Taobao-ს გააქტიურების შემდეგ ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ჩინურ პლატფორმებზე საშოპინგოდ გადავიდა. ამას დაერთო ისიც, რომ თურქეთში პროდუქციის ფასები გაძვირდა.
თუმცა Trendyol-ს ახალი პოლიტიკის იმედი და ქართველი მომხმარებლების დაბრუნების იმედი აქვს.
„ეს ყველაფერი კეთდება არის პირველ რიგში მომხმარებლისთვის. იმიტომ, რომ მათ უკვე გაუადვილდათ მისამართის დამატება. პლუს ამას Trendyol-მა ახალი მომხმარებლებისთვის ერთჯერადი 40%-იანი ფასდაკლებაც გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჩვენს სოციალურ ქსელებში განთავსებულია. ეს არის კოდი, რომლის გამოყენებაც ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის უკან თურქეთიდან გამოწერილი პროდუქციის ფასები ჩვენი მომხმარებლებისთვის მისაღები იყო, რადგანაც იქ ლირა გაუფასურდა. ახლა ლირა ისევ გაუფასურებულია, თუმცა თავად პროდუქციის ფასმა მოიმატა. გაძვირდა თავად თურქული პროდუქცია“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.
მისივე თქმით, Inex Group-ისა და Trendyol-ის პირდაპირმა თანამშრომლობამ უკვე შედეგი გამოიღო და ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამომწერები გაზრდილია, ასევე დამატებულია ახალი მომხმარებლებიც. ამის ფონზე კი კომპანია თურქეთიდან სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
„ამ ეტაპზე თურქეთიდან რეისი კვირაში ერთხელ სრულდება, თუმცა აუცილებლად გაიზრდება. ერთი წლის წინ გვქონდა 3 რეისი და ვინაიდან შემცირდა ტვირთების რაოდენობა ჩვენც შევამცირეთ რეისები. თუმცა ზრდის ტენდენცია უკვე შესამჩნევია, მიუხედავად იმისა რომ პასიური სეზონია. ვფიქრობთ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სიხშირეებს გავზრდით“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
სხვა სიახლეები
10.09.2025.17:35
ბოლო პერიოდში საქართველოში მკვეთრად იზრდება ინტერესი ბიო და ნატურალური წარმოშობის კოსმეტიკისა და მედიკამენტების მიმართ. მომხმარებლის მხრიდან მზარდ მოთხოვნაზე ბაზარი სწრაფად რეაგირებს - კომპანიები არა მხოლოდ აძლიერებენ საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული უცხოური ბრენდების პოზიციონირებას, არამედ აქტიურად მუშაობენ ახალი პროდუქტებისა და სახელების შემოყვანაზე.
დღეისათვის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია Weleda, რომელიც 1921 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ბიოკოსმეტიკის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირდება. მისი ოფიციალური იმპორტი საქართველოში კომპანია Ecobrands Georgia-ს მეშვეობით ხორციელდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Ecobrands Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ჭინჭარაული აცხადებს, Weleda-ს ცნობადობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, რაც პირდაპირ აისახება ბრენდის პროდუქციის გაყიდვებსა და მომხმარებელთა ერთგულებაზე.
Ecobrands Georgia-ს ისტორია 1997 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია თბილისში შპს „ნატურაფარმის“ სახელით დაფუძნდა. მისი პირველი და გამორჩეული პროდუქტი სწორედ Weleda გახდა.
Ecobrands Georgia არის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მიზანმიმართულად აგრძელებს ბაზრის გაფართოებას. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, Weleda-ს გარდა, კომპანია საქართველოში 4 სხვა წამყვანი უცხოური ბრენდის ოფიციალური იმპორტიორიც გახდა.
მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება ნატურალური და სერტიფიცირებული პროდუქციით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯანმრთელობა, ეკოლოგია და მდგრადობა პრიორიტეტულ ღირებულებად ექცევა. გაყიდვების ტენდენცია პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, რაც მიუთითებს, რომ ბრენდის მიმართ ინტერესი მაღალია. აღსანიშნავია, რომ რეგულარული მომხმარებლების წილი წლიდან წლამდე მატულობს — ეს კი ერთგულების მკაფიო ინდიკატორია.
- რომელი მარკეტინგული და კომუნიკაციური ნაბიჯები გადადგით Weleda-ს ცნობადობის გასაზრდელად საქართველოში?
- Weleda-ს ცნობადობის გაზრდისათვის ჩვენ გამოვიყენეთ სტრატეგია, რომელიც მოიცავს:
· საგანმანათლებლო კამპანიებს - მომხმარებლების ინფორმირება პროდუქციის ინგრედიენტებისა და სერტიფიცირების მნიშვნელობაზე, ამ გზით ვცდილობთ გავზარდოთ ცნობიერება საზოგადოებაში ბიო პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის.
· ციფრული მარკეტინგი - აქტიური კომუნიკაცია სოციალურ მედიაში, ასევე საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO); ამ არხების საშუალებითაც ვაწვდენთ ხმას მომხმარებლებს და ვუხსნით თითოეული მცენარის, თითოეული პროდუქტის მნიშვნელობისა და ხარისხის შესახებ.
· ღონისძიებები და pop-up სივრცეები - პროდუქციის გამოცდილების გაზიარება უშუალოდ მომხმარებელთან;
· თანამშრომლობა ეკო-ორგანიზაციებთან - რის მეშვეობითაც ბრენდი ასოცირდება მდგრადობასთან და ეთიკურ მოხმარებასთან.
- Weleda-ს გარდა, კიდევ რომელ ბრენდებს წარმოადგენთ და როგორ მოხდა მათი დაინტერესება ქართული ბაზრით?
- EcoBrands Georgia არის კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარს ბუნებრივ, მდგრად და ეთიკურად წარმოებულ პროდუქტებს მრავალი წელია აწვდის. მისი მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს ისეთი ბრენდები, რომლებიც ზრუნავენ როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე.
კომპანია ეძებს და ავითარებს ბრენდებს, რომლებიც საკუთარი მიზნებითა და ღირებულებებით საზოგადოებას, თანამშრომლებსა და პლანეტას ემსახურებიან. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, რომ მიზანი უფრო გლობალურია, ვიდრე მოგება და მოიაზრებს პასუხისმგებლობას გარემოსა და ადამიანების წინაშე.
Weleda-ს გარდა EcoBrands Georgia წარმოადგენს რამდენიმე პრემიუმ კლასის საერთაშორისო ეკო-ბრენდს:
1. Sonett – ეკო საწმენდი და სარეცხი საშუალებები;
2. Cytoplan - ბიო და ვეგანური საკვები დანამატები;
3. Bamboovement - ბამბუკის აქსესუარები;
გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენს პარტნიორებს დაეხმარათ ის ფაქტი რომ ჩვენ 27 წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ Weleda-სთან. ასევე, ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ფასეულობები, ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა ადამიანისა და გარემოს მიმათ თანხვედრაშია მათ ფასეულობებთან, სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც ბაზარზე.
მოლაპარაკებების დროს ჩვენი არგუმენტი არის:
· გააზრებული სტრატეგია ბრენდის ლოკალიზაციისთვის;
· გადაჭარბებული დაპირებების გარეშე, პრაგმატული და ეთიკური მიდგომა;
· მდგრადობისადმი ერთგულება და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.
- აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან და რამდენად ღია ხართ საერთაშორისო პარტნიორობისთვის?
- დიახ, EcoBrands Georgia მუდმივად აკვირდება გლობალურ ეკო-ტენდენციებს და პოტენციურ პარტნიორებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ ბრენდთან, რომლებიც არიან ლიდერები ბიო და ნატურალურ წარმოებაში. საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ ბიზნესის გაფართოება, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული კოლაბორაციაა.
- რა არის თქვენი კომპანიის მთავარი მისია და ხედვა ნატურალური კოსმეტიკის ინდუსტრიაში?
- ჩვენი მისიაა, გავავრცელოთ ცნობიერება ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მოვლის საშუალებების შესახებ და დავეხმაროთ მომხმარებლებს გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ვხედავთ EcoBrands Georgia-ს როგორც პლატფორმას, რომელიც:
· ხელს უწყობს მდგრადი მოხმარების კულტურას;
· უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას ხარისხიან ეკო-პროდუქტებზე;
· ხელს უწყობს მომხმარებლში ცნობიერების ამაღლებას.
- რომელ ბაზრის სეგმენტზე ხართ ფოკუსირებული: პრემიუმ, საშუალო ფასის თუ მასობრივ მომხმარებელზე?
- ჩვენი ძირითადი სეგმენტი არის საშუალოდან პრემიუმამდე. ვთვლით, რომ ხარისხი და სერტიფიცირებული ნატურალური ინგრედიენტები ვერ იქნება მასობრივი ბაზრის ფასად, თუმცა ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ბალანსი: ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც აფასებს ღირებულებებს და ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქცია ყველა მომხმარებლისთვის.
- როგორ განსაზღვრავთ თქვენი ბრენდების პოზიციონირებას კონკურენტულ გარემოში?
- ჩვენი ბრენდები პოზიციონირდება როგორც სანდო, სერტიფიცირებული და ეთიკური არჩევანი. მაშინ, როდესაც ბევრ პროდუქტს "ნატურალური" მხოლოდ მარკეტინგული მიზნით უწერია შეფუთვაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური სერტიფიკატები (NATRUE, UBT, b-CORP და სხვ.), წარმოების გამჭვირვალობა და სრულად გონივრული მიწოდების ჯაჭვი. ჩვენ, პარტნიორის შერჩევის პროცესში ვართ ძალიან კრიტიკულები. ვცდილობთ ადგილზე ვეწვიოთ კომპანიას, დავაკვირდეთ პროცესებს, კომპანიაში არსებულ გარემოს და პროცესებს. გვაქვს ძალიან მკაცრი შერჩევის კრიტერიუმები. ჩვენი მიზანია, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს არ დასჭირდეს იმაზე ფიქრი თუ რამდენად რეალურად უსაფრთხოა პროდუქცია, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. შესაბამისად გვაქვს ძალიან დიდი ნდობა მომხმარებლების მხრიდან, გვყავს ძალიან ლოიალური მომხმარებელი, რომლებმაც შეიყვარეს ჩვენი ახალი ბრენდები ისევე როგორც Weleda.
- როგორ აფასებთ ნატურალური და ორგანული კოსმეტიკის ბაზრის განვითარებას საქართველოში - ბოლო წლებში დაინტერესება გაიზარდა თუ მაინც ნიშურ სფეროდ რჩება?
- წინა წლებთან შედარებით ინტერესი რა თქმა უნდა გაზრდილია. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა მომხმარებლებში, გამოკითხვამ აჩვენა რომ მომხმარებელს აქვს მოთხოვნა და სურვილი, რომ შეიძინოს ბიო და ნატურალური პროდუქტები, თუმცა მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს განასხვაოს რეალურად ბუნებრივი და მარკეტინგულად შეფუთული პროდუქტები ერთმანეთისგან. მომხმარებელმა კარგად არ იცის რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოს პროდუქტები, რა მიმანიშნებლებს უნდა მიაქციოს ყურადღება.
- რომელი გლობალური და ლოკალური ტენდენციებია დღეს აქტუალური და როგორ ეხმიანებიან მათ თქვენი ბრენდები?
აქტუალური გლობალური ტენდენციებია:
· Zero waste და refill-პაკეტები;
· ვეგანური და cruelty-free პროდუქცია;
· სუფთა სილამაზე (clean beauty);
· მიკრობიომის მხარდამჭერი კანის მოვლა.
ჩვენი ბრენდები — განსაკუთრებით Weleda და Sonett — ამ ტენდეციებს თავად ქმნიან, ისინი არიან ლიდერები და ინიციატორები მრავალი მწვანე ინიციატივის განვითარებისა და დანერგვის.
"ველედა" ყოველ წლიურად მართავს გარემოს დაცვით კამპანიებს, მაგალითად წინა წლებში განახორციელეს აქტიური კამპანია - „გადაარჩინე დედამიწის კანი“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიადაგის დაცვითი ქმედებები განხორციელდა. მათი ბიოდინამიური მეურნეობები ხელს უწყობს ნიადაგის გადარჩენას და მისი საჭირო რესურსების შენარჩუნებას.
სონეტის ბრენდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაიცვას წყალი რომელიც ბინძურდება მავნე ნივთიერებებით, რაც აზიანებს ყველა ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე. სონეტის პროდუქცია გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ არის უსაფრთხო ადამიანებისთვის, არამედ იმიტომაც რომ ის არ აზიანებს გარემოს.
როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა EcoBrands Georgia-ს ძირითადი ღირებულებები, როგორ ახერხებთ მდგრადობის პრინციპების დაცვას პრაქტიკულ საქმიანობაში?
EcoBrands-ისთვის ბიზნესის კეთილსინდისიერება ნიშნავს:
ეთიკურ წარმოებას – პროდუქტები მზადდება ეთიკური სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს შრომის სამართლიან პირობებსა და გარემოზე ზრუნვას.
მდგრად განვითარებას – კომპანია აქცენტს აკეთებს მდგრადობაზე, რაც ნიშნავს რესურსების გონივრულ გამოყენებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.
კორპორაციულ მდგრადობას – EcoBrands აქტიურად მონაწილეობს სოციალურ პროექტებში და მუდმივად აფინანსებს სხვადასხვა აქტივობას.
თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვას – კომპანიის პრიორიტეტი თანამშრომლების კეთილდღეობა და მომხმარებლის კმაყოფილებაა.
ეს პრინციპები ასახულია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და პარტნიორების შერჩევის პროცესში. კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, რომლებიც იზიარებენ ამ ღირებულებებს და მოქმედებენ კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში.
- ფიქრობთ თუ არა ოფლაინ სივრცის გაფართოებას, გამოცდილების მაღაზიის ან ეკო-სალონის ტიპის კონცეფციების დანერგვას?
- EcoBrands-ი სამომავლოდ გეგმავს ახალი მაღაზიების დამატებას თბილისსა და რეგიონებში, პროდუქტების პორტფელის კიდევ უფრო გაფართოებას და B-corp -ის სერტიფიკატის მოპოვებას.
EcoBrands Georgia-ს მიერ B-Corp სერტიფიცირების პროცესში ჩართვა წარმოადგენს მის ღირებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის სოციალური, ეკოლოგიური და ეთიკური პასუხისმგებლობების საერთაშორისო დონეზე აღიარებას. სერტიფიცირება კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის, ნდობისა და გრძელვადიანი განვითარების განმტკიცების თვალსაზრისით. ამ პროცესით EcoBrands იღებს შესაძლებლობას, გაზომოს და გააუმჯობესოს თავისი ზეგავლენა საზოგადოებასა და გარემოზე, გაწევრიანდეს გლობალურ ქსელში, მოიზიდოს ღირებულებებზე ორიენტირებული მომხმარებლები, პარტნიორები და თანამშრომლები და განიმტკიცოს ადგილი პასუხისმგებლიანი ბიზნესის ლიდერთა რიგებში.
ჩვენ გვინდა ამიერკავკასიაში შევქმნათ პრეცედენტი, გავაზიაროთ გამოცდილება და სხვა კომპანიებსაც მივცეთ ამის მაგალითი.