Trendyol ბიზნესმოდელს ცვლის - Boxette Georgia თურქულ პლატფორმაზე დაგეგმილ სიახლეებზე
Trendyol პოლიტიკას ცვლის და განსხვავებულ ბიზნესმოდელზე გადადის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან გადამზიდავი კომპანია Boxette Georgia-ს დირექტორმა, სოსო ჩხიკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, Trendyol-ის მიერ ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდების მოდელი Pinduoduo-ს მოდელს დაუახლოვდება.
„დაახლოებით 3 თვის წინ Trendyol-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება და პლატფორმაზე დავემატეთ, როგორც პარტნიორი გადამზიდი. შესაბამისად, Trendyol-ზე ამანათის შესყიდვისას შესაძლებელია აირჩიო Boxette, როგორც გადამზიდი, რაც იყო ერთადერთი ინტეგრაციის ფორმა, რომელიც იმ დროს Trendyol-ზე იყო ხელმისაწვდომი.
თუმცა Trendyol-მა პოლიტიკა შეცვალა და 8 ოქტომბრიდან ახალ ბიზნესმოდელზე გადავიდა, რომელიც მოიაზრებს ამანათების პირდაპირ ტრანსპორტირებას თვითონ Trendyol-ის ორგანიზებით. მომხმარებელი Trendyol-ზე შესვლის შემდეგ შეძლებს პირდაპირ აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი (მაგალითად: თბილისი → საბურთალო → ყაზბეგის გამზირი) ისე, რომ აღარ იქნება საჭირო გადამზიდის მითითება. ამისთვის საჭიროა დამატებითი ინტეგრაცია, რომლის დასრულებაც ჩვენი მხრიდან დაახლოებით 5 ნოემბრამდეა დაგეგმილი. რეალურად, 8 ოქტომბერს წყდება ყველა ხელშეკრულება, რომელიც Trendyol-ს მანამდე ჰქონდა, და პლატფორმაზე დარჩებიან მხოლოდ გადამზიდავები, რომლებიც უკვე დაინტეგრირდნენ ან ინტეგრაციის პროცესში არიან. ჩვენ ინტეგრაციის პროცესს დავასრულებთ 5-10 ნოემბრის პერიოდში და ამის შემდეგ ისეთივე ფორმით ვიქნებით წარმოდგენილები პლატფორმაზე, როგორც დღეს ვართ.
რეალურად, ეს იქნება Pinduoduo-ს მსგავსი მოდელი, ვიდრე TEMU-ს მსგავსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მოდელს შორის ბევრი მსგავსებაა“, - აცხადებს Boxette Georgia-ს დირექტორი.
სოსო ჩხიკვაძის თქმით, ახალი მოდელი, რაზეც Trendyol გადადის, კარგი იქნება, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე გადამზიდი ბიზნესისთვისაც.
„მომხმარებლისთვის ახალი ფორმატი უფრო ხელსაყრელია, რადგან აღარ მოუწევს დამატებითი შუამავლების გამოყენებით თურქეთის მისამართებზე მიტანა და სხვა პროცესები.
ეს არ იქნება ცუდი არც ჩვენთვის, შუამავლისთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობები გაიზრდება თურქეთიდან. ამ მოდელში ტარიფირებას აკეთებს პარტნიორი კომპანია, ამ შემთხვევაში ჩვენ. TEMU-ს შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საერთოდ არ ირჩევს, ვინ უნდა ჩამოიტანოს მისი ამანათი, TEMU თავად ანაწილებს შიდა პარამეტრების მეშვეობით. Trendyol-ზე კი ქალაქის და მისამართის არჩევის შემდეგ მომხმარებელი თავად ირჩევს, ვინ უნდა ჩამოიტანოს. თითოეულ გადამზიდავს შესაძლოა განსხვავებული სატარიფო ბადე ჰქონდეს და ჩვენნაირი კომპანიისთვის ეს მოდელი ხელსაყრელია, რადგან შესაძლებელია კონკრეტული მოდელით მუშაობა“, - ამბობს Boxette Georgia-ს ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
22.10.2025.16:00
შოკოარტი არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ, უმაღლესი ხარისხის შოკოლადს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „შოკოარტის“ დამფუძნებელს ეთო სამქანაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
"შოკოარტი"-ის საქმიანობა შოკოლადის ხელოვნებაზეა დაფუძნებული. ჩვენ 2019 წლიდან ვქმნით ხელნაკეთ შოკოლადებს, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს, გემოსა და ესთეტიკას. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ინდივიდუალურად შექმნილ შოკოლადს. თითოეული ნაკრები იქმნება სიყვარულით, დეტალებისადმი ყურადღებით და მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვან ხაზს: ბონბონებს, შოკოლადის ფილებს, ცხელი შოკოლადის ნაკრებებს, შოკოლადის თაიგულებსა და სეზონურ შოკოლადებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასაჩუქრე კომპოზიციები და პერსონალიზებული ფილები წარწერებით, რომლებიც ხშირად იქცევა ემოციურ და დასამახსოვრებელ საჩუქრად.
გარდა ინდივიდუალური შეკვეთებისა, ვამზადებთ კორპორატიულ შეკვეთებსაც - ბრენდირებული შეფუთვით, კომპანიის სიმბოლიკით და სასაჩუქრე კონცეფციით, რომელიც მორგებულია თითოეული ბრენდის იდენტობაზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„შოკოარტი"-ის მთავარი უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ შეკვეთასთან. ჩვენ არ ვქმნით შოკოლადს მასიურად - ყოველი პროდუქტი ხელით იქმნება და დიდ ყურადღებას მოითხოვს.
განსაკუთრებულ უპირატესობას გვანიჭებს ხარისხი, ესთეტიკა და პერსონალიზაცია - მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს შოკოლადის ფილაზე დატანილი წარწერა.
შოკოლადს ვუდგებით როგორც ხელოვნებას - მხატვრული ხედვა, კომპოზიციური განაწილება და ფერების შეხამება ქმნის სრულყოფილ ვიზუალს, რომელიც ჩვენს თითოეულ ნამუშევარს გამოარჩევს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენთვის შოკოლადი არასდროს არის უბრალოდ ტკბილი საჩუქარი. ვცდილობთ, მასში იგრძნობოდეს ის სიყვარული და ემოცია, რაც ადამიანს აქვს, როცა მისთვის ძვირფასი ადამიანისათვის მზრუნველობით შეუკვეთა საჩუქარი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე ვართ განვითარების აქტიურ ფაზაში. „შოკოარტი"-ის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს სურთ არა მხოლოდ გემრიელი შოკოლადი, არამედ იმ სივრცის ხილვაც, სადაც ეს გემო იქმნება.
ამ იდეამ წარმოშვა კაფე „მალული შოკოარტისგან" - ადგილი, სადაც სიმყუდროვე, ესთეტიკა და გულით შექმნილი ტკბილეულია.
„მალული" სულ ორი თვეა რაც გაიხსნა და ჩვენი სამომავლო გეგმებიც მთლიანად ამ ადგილის განვითარებას უკავშირდება. გვინდა, რომ სტუმრებმა შოკოლადი მხოლოდ საჩუქრად კი არ შეიძინონ, არამედ თავადაც ისიამოვნონ ჩვენი ხელნაკეთი შოკოლადით, განსაკუთრებული ცხელი შოკოლადით, კარგი ყავით და სასიამოვნო ატმოსფეროთი.
ცნობისთვის, კაფე ნინო ჩხეიძის 10 ნომერში მდებარეობს.