„თოლია“ სანაყინეების ქსელის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს
კომპანია თოლია - Tolia, რომელიც საქართველოს მასშტაბით სანაყინეების ქსელის გაფართოებას განაგრძობს, პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. სულ ახლახან „თოლიამ“ საკუთარ მენიუს უგემრიელესი ჩაი დაამატა.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, მენიუში დამატებულია სამი სახეობის ჩაი, ესენია: შავი, მწვანე და ხილის არომატით.
„დავამატეთ სამი სახეობის ჩაი. პირველ ეტაპზე საცდელად გავუშვით და ვნახოთ, როგორი იქნება მოთხოვნა. ჩაი უკვე ყველა ფილიალშია, ის დამზადებულია ჩვენი რეცეპტით, თუმცა დამზადებულია პარტნიორი უცხოური კომპანიის მიერ“, - განმარტავს ბერდია ბედიაშვილი.
ამ დროისთვის „თოლია“ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ სანაყინეს ფლობს.
„თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეული მენიუთი და კონცეფციით, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.
„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს მომხმარებელს როგორც ინდუსტრიულ, ისე ჩამოსასხმელ ნაყინებს სთავაზობს.
„თოლიას“ სანაყინეები მომხმარებლებს მდიდარ მენიუს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ვანილის ნაყინი სარგებლობს, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია გაყიდვებში. პოპულარობით მას მოსდევს შოკოლადის ნაყინი.
ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ძლიერი იმიჯია, რომელიც წლების განმავლობაში შექმნა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, რაც დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ლოიალობას.
სხვა სიახლეები
„შოკოჰოლიკმა“ საახალწლო შეკვეთების მიღება დაიწყო და ასორტიმენტს ახალი პროდუქტიც დაამატა
20.11.2025.16:00
არტიზანული შოკოლადის საწარმო Chocoholic - შოკოჰოლიკმა, რომელიც 6 სახეობის ნუგასა და სხვადასხვა სახის შოკოლადს აწარმოებს, საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, სეზონურობის გათვალისწინებით საახალწლოდ „შოკოჰოლიკმა“ ასორტიმენტს შტოლენი დაამატა. „ნუგებთან დაკავშირებით ასორტიმენტი იგივე გვაქვს და ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია, რომ 2 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა სახეობის ნუგა გვაქვს. რაც შეეხება შოკოლადებს - ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლების გემოვნებას და შოკოლადს წინასწარი შეკვეთების საფუძველზე ვამზადებთ. ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს. დამატებით პროდუქტებში კი ყოველთვის ვითვალისწინებთ სეზონურობას. მაგალითად, სააღდგომოდ გვაქვს პასკა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად - შტოლენი. წელს პირველად ავიღეთ შტოლენზე შეკვეთები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და წლევანდელი შტოლენი, სხვა შოკოლატერიებისა და საცხობებისგან განსხვავებით, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, ნარჩევი ინგრედიენტებით. ჩვენ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე, ამიტომაც რაოდენობა ყოველთვის შეზღუდულია,“ - განმარტავს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
„შოკოჰოლიკის“ საახალწლო შეთავაზება საახალწლო თემატიკით მორთულ ბოქსებს მოიცავს.
„საახალწლოდ ყოველთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები. კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს ვუგზავნით პრეზენტაციებს, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და დასურათებული. გვაქვს საახალწლო თემატიკის ნუგების ბოქსები. თავად ფილები ძალიან პრეზენტაბელური და ლამაზია. საახალწლო სიახლეა ასევე შტოლენიც, რომელიც ისეთი უნდა იყოს, რომ მასზე მთელი თბილისი ლაპარაკობდეს,“ - ამბობს თეა ედიშერაშვილი.
„შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი შეკვეთების კუთხით გასული წლისგან განსხვავებული იქნება და კომპანია მეტ შეკვეთას მიიღებს.
„შარშანდელი წინასაახალწლო პერიოდი ქვეყანაში აქციების პერიოდს დაემთხვა და პრაქტიკულად 2024 წლის სეზონი ჩავარდა. ჩავარდა კორპორატიული შეკვეთებიც, რადგან სამსახურებში კორპორატიული წვეულებები გაუქმდა. წელს, წინასაახალწლო პერიოდის შესაფასებლად ჯერ ადრეა და სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2025 წლის სეზონი გასულის მსგავსი არ იქნება და უფრო მეტი შეკვეთა შემოვა,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
დღეისათვის „შოკოჰოლიკის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე „სმარტის“ ფილიალებში.
„ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგ კომპანიასთან. მცირე მეწარმეებსა და დიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ხშირად დამოკიდებულია მარჟასა და პროცენტებზე, და ამ მხრივ ძალიან გვჭირდება ხელშეწყობა. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, და ამ შემთხვევაში ბევრ ჩვენნაირ მცირე ბიზნესს წარმოვადგენ. საჭიროა არსებობდეს სტანდარტი, რომ ყველა კომპანიასთან ერთიდაიგივე მიდგომა არ ჰქონდეთ და გარკვეული შეღავათები იყოს. სამწუხაროდ, ეს შეღავათები არ არის. „სმარტს“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობით დავიწყეთ თანამშრომლობა და დღემდე ასე გრძელდება. კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ „სმარტს“ და უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება პატარა მეწარმეებს,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში შოკოლადის და ზოგადად სხვადასხვა ინგრედიენტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა „შოკოჰოლიკმა“ მოახერხა, რომ ფასები დღემდე შენარჩუნებული აქვს.
„პროდუქცია არ გაგვიძვირებია. თუმცა ეს თავად კომპანიისთვის მძიმეა, რადგან კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის 200%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად შოკოლადის ნაწარმის ფასიც იზრდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება ნუგების წარმოებაა. შოკოლადს რაც შეეხება - ჩვენს შემთხვევაში - ეს არ არის მასიური წარმოება. ყველაფერი ხელით მუშავდება, ხელით იხატება - მცირე წარმოებაა, მაგრამ ლუქს ბრენდია. წარმოებაში შოკოლადს ბევრს არ ვიყენებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფასები იგივე დაგვეტოვებინა. ნუგების ფასიც 2 წელია არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი გაზრდილია. ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი - ნედლეულის მაღალი თვითღირებულების გამო. ვეცადეთ, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა შეგვენარჩუნებინა. მირჩევნია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ნაკლები შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი მუდმივი მომხმარებლებისთვის ფასები იგივე დარჩეს. თუმცა, არ ვიცი, ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ. თუ ნედლეულის ფასი ისევ გაიზრდება, ცხადია, კომპანიის გაკოტრებაზე ვერ წავალ,“ - განმარტავს თეა ედიშერაშვილი.