თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - Fruit Attraction 2025 - მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. გამოფენაში ქართველ მწარმოებლებთან ერთად ჩართული იყო 2 200-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნიდან.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები და მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდნენ და სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპასა და აზიას შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.
საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 6,900 ტონა კენკროვანი გაიყიდა საზღვარგარეთ, რაც წლიურად 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება შემოსავლებშიც: საქართველომ მოცვის ექსპორტიდან 46 მილიონი აშშ. დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით მეტია.
თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მოცვის კულტურის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. მხოლოდ კორპორატიულ სექტორში ბანკის მიერ 300 ჰექტარზე მეტი მოცვის პლანტაციებია დაფინანსებული. საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობით კი თიბისი ხელს უწყობს, ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას, ბაზრების გაფართოებასა და საქართველოს აგრარული პროდუქციის აღიარებას გლობალურ დონეზე.
სხვა სიახლეები
22.10.2025.12:08
ჟინი მამოძრავებელი ძალაა, მიაღწიო დასახულ მიზანს. ჟინი სწრაფვაა, დაძლიო ყველა გამოწვევა. ჟინი არ გაჩერებაა.
ჟინი ყველგანაა, განათლებაში, ხელოვნებაში, ბიზნესში. თუმცა, განსაკუთრებით, ყველაზე მეტად სტარტაპერებში. ეს ის ძალაა, რომელიც იდეას პროდუქტად გაქცევინებს და მის განსავითარებლად ინვესტიციებს მოგაზიდვინებს.
ანტეპრენერებში ჟინის მნიშვნელობის შესახებ 500 Global in Eurasia-ს ერთ-ერთი მონაწილე, Awork-ის დამფუძნებელი გიორგი რაზმაძე გვესაუბრება.
რა მნიშვნელობა აქვს ჟინს სტარტაპერებისთვის?
მეწარმე ვერ იქნები, თუ ჟინი არ გაქვს, რადგან ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შენს ყოველდღიურობას წარმართავს და, ამასთან, გაძლევს მუხტს, მისცე მოტივაცია შენი გუნდის წევრებს, ერთად აკეთოთ საქმე საერთო მიზნის მისაღწევად.
თუმცა, სტარტაპერების გარემო ისეთი განუსაზღვრელი და მოულოდნელობებით სავსეა, რთულია მუდმივად შეინარჩუნო არ გაჩერების მოტივაცია.
ზოგჯერ გგონია, რომ კარგად მიდის საქმე - 500 Global-შიც მოხვდები, აქსელერაციას გაივლი, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება ისეთი ინვესტორისგან მიიღო უარი, რომ შენთვის ძალიან დიდი დემოტივატორი გახდეს. თუმცა, ჟინმა შესაძლებლობა უნდა მოგცეს, რომ მესამე დღეს იპოვო მოტივაცია, წინსვლა გააგრძელო.
აქედან გამომდინარე, თუ, წარმატებისკენ სვლის ჟინი არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება იყო სტარტაპერი თუ ანტეპრენერი.
როგორ შეიქმნა Awork-ი და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში?
პირველი, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მაშინ, როდესაც ჩავუშვით Awork-ი. ყველას ეგონა, რომ ეს იყო მორიგი დასაქმების პლატფორმა და მისი მსგავსი ბაზარზე მრავლად იყო. თუმცა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა არა სტატიკური ვებგვერდი, არამედ ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
ჩვენ ვართ ერთადერთი დასაქმების პლატფორმა ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. ეს კი ძალიან ხელსაყრელია Gen Z თაობისთვის.
ჩვენმა ხედვამ და მიზანმა გაამართლა - 0 მარკეტინგული დანახარჯით, პირველ 24 საათში ჩვენს აპლიკაციას 5000-ზე მეტი ჩამოტვირთვა ჰქონდა.
შესაბამისად, ის, რომ ჩვენი პლატფორმის მიმართ თავდაპირველად სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, შევძელით და ჟინის დახმარებით გადავლახეთ. რადგან, ჟინი ხომ ის ძალაა, რომელიც ყველა დაბრკოლებას პოზიტიურ გამოწვევად აქცევს.
როგორ გეხმარებათ ჟინი, დაბრკოლებების გადალახვაში?
სტარტაპებში ხშირად არის უარი. შეიძლება 1000 უარის შემდეგ მიიღო ერთი კი.მაგალითად, ჩვენ 500 Global in Eurasia-ში მოსახვედრად ორჯერ მივიღეთ უარი. მხოლოდ მესამე ცდაზე მივიღეთ კი.
ამ ორი უარის შემდეგ, ჩვენ გვქონდა არჩევანი - ან აღარ გვეცადა ბედი, ან კიდევ ერთხელ შეგვევსო აპლიკაცია. სწორედ არ გაჩერება და ჟინი გახდა ის ძალა, რომლის გამოც ჩვენ 500-ებში მოვხვდით.
შესაბამისად, დღემდე ამ მაინდსეტით მოვდივართ და ვცდილობთ, რომ ნებისმიერი სახის გამოწვევა, რომელიც ჩვენთან არის და იქნება, საერთო ძალისხმევით გადავჭრათ და ამ ნაწილში, თითოეული გუნდის წევრის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ამ მაინდსეტის და გუნდის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
500 Global in Eurasia-ში მიღებული გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ...
ალბათ, აქსელერაციის პროგრამაში მიღებულ გამოცდილებას ორ ნაწილად დავყოფდი:
პირველი, ეს არის ჩვენი სტარტაპის, Awork-ის განვითარების გზა - იქ მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ, ძალიან ააჩქარა ჩვენი მუშაობის პრინციპი. რაც მენტორების მიერ გაზიარებული გზების, ხერხების და ოპერაციული ჩარჩოების დამსახურებაა. ერთი შეხედვით, თითქოს ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, მაგრამ ძალიან კარგი გადამეორება გამოდგა.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფართო რესურსებზე წვდომის გახსნაა, რომელსაც 500 Global in Eurasia საკუთარი ქსელის წევრებს სთავაზობს. სწორედ ამ რესურსებზე წვდომის შედეგად დავნერგეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი CRM ხელსაწყო, რასაც ჩვენ მარტო ვერ შევძლებდით, რადგან ძალიან დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ იმიტომ, რომ 500-ების ქსელის წევრები ვართ, დიდი ფასდაკლებით ვსარგებლობთ. ეს კი ძალიან დაეხმარა ჩვენს ბიზნესს ზრდაში.
ამასთან, მოგვეცა წვდომა 500 Global-ის ქსელში შემავალ სტარტაპებთან - შეგვიძლია დავუკავშირდეთ მათ, ვთხოვოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და სხვა.
მეორე ნაწილი კი უფრო მეტად პერსონალურია - 500-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი განვითარება არ მომხდარა მხოლოდ ბიზნესის კუთხით, არამედ განვვითარდით პერსონალურადაც.
განვივითარეთ მოლაპარაკების წარმოების, უკეთესი ლიდერობის თვისებები, რაც პირდაპირ კავშირში მოდის ინვესტორების მოზიდვასა და ბიზნესის მასშტაბირებასთან.
დღეს განვითარების რა ეტაპზეა Awork-ი?
Awork-ის პლატფორმა უკვე სამი წელია რაც ბაზარზეა, ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი ორიენტირი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა გადაწყვეტების შეთავაზება იყო, მათ შორის შეიქმნა აპლიკანტების სამართავი სისტემა - ცალკე მდგომი სოფტი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე და ბიზნესებს ეხმარება, გააციფრულონ აპლიკაციების შევსების პროცესი.
დღეს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბაზარზე გვაქვს ჩვენი ნიშა - ჩვენ Awork-ს ვხედავთ როგორც უფრო მეტად GEN Z პლატფორმას, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, პირველი ნაბიჯები გადადგან სხვადასხვა მიმართულებით და იპოვონ პირველი სამსახური.
ჩვენი პლატფორმა ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და ეხმარება სამუშაოს მაძიებელს, მარტივად მიაწვდინოს ხმა მისთვის საინტერესო კომპანიას და გაუზიაროს მას საკუთარი აპლიკაცია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენ ხშირად ვაწყობთ კარიერულ ბუთქემფებს, კვირეულებს, ვმუშაობთ, რათა უფრო გავუმარტივოთ სამუშაოს მაძიებლებს რეზიუმეს შექმნის პროცესი და შევთავაზოთ მათ ისეთი პატარ-პატარა გადაწყვეტები, რომლებიც მათთვის სარგებლის მომტანი იქნება.
ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ვებგვერდზე შევქმნათ სტუდენტური სივრცე, სადაც მათ წვდომა ექნებათ მათთვის საინტერესო პროფესიებზე, ამ მიმართულებით კარიერულ ნაბიჯებზე, მიიღებენ ინფორმაციას რეზიუმეს შექმნის შესახებ, გაიგებენ როგორ მოემზადონ გასაუბრებისთვის და სხვა.
ასევე, რა თქმა უნდა, გვსურს საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაც. ამ ეტაპზე, მოკვლევის პროცესში ვართ, თუმცა, ამ გეგმის განხორციელებას მომავალი წლიდან ვგეგმავთ.
საბოლოოდ, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტეპრენერებს?
პირველ რიგში, ვურჩევდი მათ, რომ განივითარონ უარის მიმღებლობა - ყველა ანტეპრენერს საკუთარი სტარტაპი შვილივით უყვარს და საუკეთესო ჰგონია. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გჯეროდეს, რომ საუკეთესო პროდუქტს ქმნი და კონკურენტუნარიანი ხარ, მაგრამ ასევე უნდა გესმოდეს, რომ განვითარების გზაზე უამრავ უარს მიიღებ და ეს არ უნდა გახდეს დემოტივატორი. ჟინი არ უნდა დაკარგო.
მეორე რჩევა კი ჟინს ეხება - თუ ხვდები, რომ შენი სტარტაპი ისე აღარ გავსებს ენერგიით, როგორც ადრე, თუ ვეღარ გრძნობ ჟინს, მაშინ დროა, რომ წამოხვიდე, შენი სტარტაპი გაყიდო ან გაუშვა, და დაიწყო ახალ იდეაზე მუშაობა, რომელიც ისევ ჟინით აგავსებს.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.