თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესგამოფენა „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება და მასში მონაწილეობას 55-მდე ქართული ბიზნესი და 3000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს.
ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება. ბიზნესგამოფენის მიზანია, მონაწილე კომპანიებს მისცენ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პოტენციურ მომხმარებლებს, შეხვდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაუყარონ ერთობლივ თანამშრომლობას.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, ადგილზე მოეწყობა სივრცე B2B შეხვედრებისთვის. გამოფენის მიმდინარეობისას, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშებენ სპეციალურ პრიზებსაც.
ბიზნესგამოფენაში მონაწილეობა უფასოა და ამისათვის მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/27ASHPoxB1w5VUM78 .
გამოფენა თბილისში უკვე სამი წელია იმართება და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.
სხვა სიახლეები
„შოკოჰოლიკმა“ საახალწლო შეკვეთების მიღება დაიწყო და ასორტიმენტს ახალი პროდუქტიც დაამატა
20.11.2025.16:00
არტიზანული შოკოლადის საწარმო Chocoholic - შოკოჰოლიკმა, რომელიც 6 სახეობის ნუგასა და სხვადასხვა სახის შოკოლადს აწარმოებს, საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, სეზონურობის გათვალისწინებით საახალწლოდ „შოკოჰოლიკმა“ ასორტიმენტს შტოლენი დაამატა. „ნუგებთან დაკავშირებით ასორტიმენტი იგივე გვაქვს და ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია, რომ 2 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა სახეობის ნუგა გვაქვს. რაც შეეხება შოკოლადებს - ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლების გემოვნებას და შოკოლადს წინასწარი შეკვეთების საფუძველზე ვამზადებთ. ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს. დამატებით პროდუქტებში კი ყოველთვის ვითვალისწინებთ სეზონურობას. მაგალითად, სააღდგომოდ გვაქვს პასკა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად - შტოლენი. წელს პირველად ავიღეთ შტოლენზე შეკვეთები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და წლევანდელი შტოლენი, სხვა შოკოლატერიებისა და საცხობებისგან განსხვავებით, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, ნარჩევი ინგრედიენტებით. ჩვენ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე, ამიტომაც რაოდენობა ყოველთვის შეზღუდულია,“ - განმარტავს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
„შოკოჰოლიკის“ საახალწლო შეთავაზება საახალწლო თემატიკით მორთულ ბოქსებს მოიცავს.
„საახალწლოდ ყოველთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები. კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს ვუგზავნით პრეზენტაციებს, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და დასურათებული. გვაქვს საახალწლო თემატიკის ნუგების ბოქსები. თავად ფილები ძალიან პრეზენტაბელური და ლამაზია. საახალწლო სიახლეა ასევე შტოლენიც, რომელიც ისეთი უნდა იყოს, რომ მასზე მთელი თბილისი ლაპარაკობდეს,“ - ამბობს თეა ედიშერაშვილი.
„შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი შეკვეთების კუთხით გასული წლისგან განსხვავებული იქნება და კომპანია მეტ შეკვეთას მიიღებს.
„შარშანდელი წინასაახალწლო პერიოდი ქვეყანაში აქციების პერიოდს დაემთხვა და პრაქტიკულად 2024 წლის სეზონი ჩავარდა. ჩავარდა კორპორატიული შეკვეთებიც, რადგან სამსახურებში კორპორატიული წვეულებები გაუქმდა. წელს, წინასაახალწლო პერიოდის შესაფასებლად ჯერ ადრეა და სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2025 წლის სეზონი გასულის მსგავსი არ იქნება და უფრო მეტი შეკვეთა შემოვა,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
დღეისათვის „შოკოჰოლიკის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე „სმარტის“ ფილიალებში.
„ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგ კომპანიასთან. მცირე მეწარმეებსა და დიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ხშირად დამოკიდებულია მარჟასა და პროცენტებზე, და ამ მხრივ ძალიან გვჭირდება ხელშეწყობა. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, და ამ შემთხვევაში ბევრ ჩვენნაირ მცირე ბიზნესს წარმოვადგენ. საჭიროა არსებობდეს სტანდარტი, რომ ყველა კომპანიასთან ერთიდაიგივე მიდგომა არ ჰქონდეთ და გარკვეული შეღავათები იყოს. სამწუხაროდ, ეს შეღავათები არ არის. „სმარტს“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობით დავიწყეთ თანამშრომლობა და დღემდე ასე გრძელდება. კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ „სმარტს“ და უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება პატარა მეწარმეებს,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში შოკოლადის და ზოგადად სხვადასხვა ინგრედიენტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა „შოკოჰოლიკმა“ მოახერხა, რომ ფასები დღემდე შენარჩუნებული აქვს.
„პროდუქცია არ გაგვიძვირებია. თუმცა ეს თავად კომპანიისთვის მძიმეა, რადგან კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის 200%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად შოკოლადის ნაწარმის ფასიც იზრდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება ნუგების წარმოებაა. შოკოლადს რაც შეეხება - ჩვენს შემთხვევაში - ეს არ არის მასიური წარმოება. ყველაფერი ხელით მუშავდება, ხელით იხატება - მცირე წარმოებაა, მაგრამ ლუქს ბრენდია. წარმოებაში შოკოლადს ბევრს არ ვიყენებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფასები იგივე დაგვეტოვებინა. ნუგების ფასიც 2 წელია არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი გაზრდილია. ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი - ნედლეულის მაღალი თვითღირებულების გამო. ვეცადეთ, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა შეგვენარჩუნებინა. მირჩევნია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ნაკლები შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი მუდმივი მომხმარებლებისთვის ფასები იგივე დარჩეს. თუმცა, არ ვიცი, ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ. თუ ნედლეულის ფასი ისევ გაიზრდება, ცხადია, კომპანიის გაკოტრებაზე ვერ წავალ,“ - განმარტავს თეა ედიშერაშვილი.