თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს.
„ბანი 2007“ 18 წელია თიბისის პარტნიორია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების მენეჯმენტს; Hilton Garden Inn კი, ჯგუფის მეორე ობიექტია სტუმარმასპინძლობის სექტორში.
“მოხარული ვარ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ეს ნიშნავს რეგიონის ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციას, რაც ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას. სწორედ ესაა მთავარი პრიორიტეტები, რომლებსაც თიბისი პროექტების დაფინანსებისას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორს მთელს საქართველოში. სასტუმრობისა და ტურიზმის სექტორში თიბისის პორტფელი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ბანკმა ინდუსტრიის დაფინანსება 210 მილიონი ლარით, 22%-ით, გაზარდა“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
“მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქისა და რეგიონის წინაშე. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტით ბორჯომში მდგრად ეკოსისტემას ვქმნით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია და დასაქმდება არანაკლებ 80 ადამიანი, ექსპლოატაციის შემდეგ კი დაახლოებით 100 ადგილობრივი მიიღებს სტაბილურ სამუშაო ადგილს. განსაკუთრებულად გვიხარია თიბისისთან პარტნიორობა - ბანკთან, რომელიც რეგიონების გრძელვადიან განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს; პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს დაფინასებას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის“,- ვაკო საღირაშვილი, პროექტის აღამასრულებელი მენეჯერი.
„Hilton Garden Inn-ის პროექტის განხორციელება ბორჯომში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას ქვეყნის ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის და მოხარული ვართ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმით თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში“ - კომპანია სარგებლობს სააგენტოს პროგრამით „ბიზნეს უნივერსალი“. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქვეყანაში ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურებას“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.