თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა
Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ ორგანიზებული AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სულ 16 სტარტაპი შეარჩიეს, თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი მოხვდა.
HALF-CHAIN, FINA და GAIN საერთაშორისო ფინალისტთა ჯგუფში მოხვდნენ. ფინალისტი სტარტაპები მონაწილეობენ ექვსკვირიან ინტენსიურ აქსელერაციაში, რომელიც მოიცავს Microsoft-ისა და Nvidia-ს ტექნიკური და სტრატეგიული ექსპერტების მენტორობას. პროგრამის კულმინაციაა 13 ივნისს, ვარშავაში დაგეგმილი დემო დღე, სადაც სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ გლობალური, ტექნოლოგიური და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მათ შორის: Mastercard, Microsoft, Nvidia და სხვა საერთაშორისო საბანკო და სადაზღვევო კორპორაციებს.
პროგრამის მხარდამჭერ პარტნიორთა შორის, წელს პირველად გამოჩნდა თიბისი — რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ტექ ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარებას და მათ საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას.
13 ივნისს, დემო დღეზე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი- გიორგი ყანჩაველი მიწვეულია ჟიურის წევრად, რაც ხაზს უსვამს კომპანიის რეპუტაციასა და ტექნოლოგიური ლიდერობის სტატუსს რეგიონში. ჟიურის წევრობა ნიშნავს უშუალო ჩართულობას სტარტაპების შეფასების პროცესში და ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ თიბისის ხედვის გაზიარებას ფინანსურ სექტორში.
თიბისი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიურ ინიციატივებში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, და მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების გლობალურ წარმატებაში თანამონაწილეობას.
სხვა სიახლეები
05.06.2025.19:28
„ამბასადორი აილენდ ბათუმსა” და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ძირითად მიზნებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.
„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.
„ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის ხელშეწყობისკენ.