თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ცნობილია, რომ საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაციის გრძელვადიანი ტენდენცია გრძელდება. ამასთან, სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, ხშირად ადგილი აქვს მერყეობებს. საკუთრივ, ლარის გაუფასურების მოლოდინებისას, იზრდება დეპოზიტებში ვალუტის წილი და სესხებში, ტენდენციასთან შედარებითაც კი, ლარის წილი. ამასთან, ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სენტიმენტები იცვლება და უკვე, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებით ქცევას აქვს ადგილი.
სწორედ მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში. თუმცა ამჯერად, ორივე მიმართლებით საკმაოდ მასშტაბურ კონვერტაციებს ლარის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა არ გამოუწვევია, რაც სებ-ის ინტერვენციებმა განაპირობა. კერძოდ, თუ შარშან, მაისი-ოქტომბრის პერიოდში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვამ 875 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნოემბერ-თებერვალში უკვე 153 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა დაფიქსირდა, ხოლო მარტიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ჩვენი შეფასებით წმინდა შესყიდვა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ბოლოდროინდელ შესყიდვებში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების წვლილი მნიშვნელოვანი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ივლისის წინასწარი ინდიკატორი კვლავ უკეთესია. ასევე, ლარი/დოლარის წყვილის კუთხით, თავისთავად, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, დეპოზიტებისა და სესხების სხვადასხვა ანალიტიკური მაჩვენებლის გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ როგორც გაყიდვებში, ასევე შესყიდვებში, არსებით როლს სწორედ სავალუტო კონვერტაციები ასრულებს.
მთლიანობაში, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, რაც, გაცვლითი კურსის მხრივ, სადღეისოდ არსებული სენტიმენტების/მოლოდინების გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007057-macro-update-georgia
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.08.2025.16:47
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პარტნიორია, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ სუბურბანულ პროექტს ახორიცელებს. პროექტი 70 000 მ² ფართობზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 9 150 000 ლარზე მეტია.
მეტროპოლ ლისის კონცეფცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და სრულად განვითარებულ ინფრასტრუქტურას ემყარება. ახალ უბანში 70-მდე ვილა აშენდება, რომელთა ნაკვეთის ფართობი 600 მ²-დან 1,500 მ²-მდეა. მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლის ხუთი განსხვავებული არქიტექტურული დიზაინიდან სასურველი აირჩიონ, რომლის აშენებასაც კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს.
დასახლება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, მათ შორისაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ველობილიკები და მოსასვენებელი ზონები, დეკორაციული გამწვანება და შადრევნები. პროექტი ასევე ჭკვიან სისტემებს მოიცავს.
„მეტროპოლი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მათ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტებს – უკეთესი ცხოვრებისთვის. მეტროპოლ ლისი კი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. იგი ლისის ტბის მიმდებარედ, თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ უბანში მდებარეობს, მისი მაცხოვრებლები კი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“, - აღნიშნავს გიორგი მხეიძე, დეველოპერული კომპანია მეტროპოლის გენერალური დირექტორი.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ მეტროპოლ ლისი სწორედ ასეთი პროექტია და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეს პროექტი მობინადრეებს გამორჩეულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ბუნებასთან სიახლოვეს შესთავაზებს, ჩვენ კი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინტიტუტი არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეტროპოლი საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ წელს დასრულდა მეტროპოლ ბაგების მშენებლობა, რომელიც ასევე ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეტროპოლი ამჟამად 2,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ კი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებასა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას გეგმავს.