თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი გვთავაზობს მნიშვნელოვან დასკვნებს როგორც მიმდინარე, ასევე ფინანსური ანგარიშის ნაწილში. რიგ შემთხვევებში ბოლოდროინდელი დინამიკა ისტორიული ტენდენციებისგან მკვეთრ გადახვევასაც წარმოადგენს.
კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის მხრივ:
• ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი ზრდის პარალელურად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) და ბიზნეს სერვისების ექსპორტი სწრაფ ზრდას განაგრძობს, რაც დიდწილად ცვლის მომსახურების ექსპორტის სტრუქტურას;
• მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რეინვესტიციის გარეშე, ისტორიულ საშუალოსთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რჩება;
• მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში საგარეო ბალანსი საკმაოდ გაუარესდა, თუმცა, ამავდროულად, უახლესი ინდიკატორები მეორე კვარტალში გაუმჯობესებაზე მიუთითებს;
ფინანსური ანგარიშის მხრივ:
•პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტიციის გამოკლებით, კვლავ დაბალ ნიშნულზეა;
•პორტფელური ინვესტიციების კუთხით, 2022 წლიდან გააქტიურებულია საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენა, რაც ძირითადად უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შესყიდვას უკავშირდება;
•ბოლო პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა სესხებსაც, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში;
•დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სავალუტო რეზერვებიც, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ აშშ დოლარის მოცულობითი შესყიდვის პარალელურად, მეორე კვარტალში ეს ტენდენცია შეიცვლება.
უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.7% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან (5.1%) შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით მეტია. დეფიციტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი რეზიდენტების მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული შრომის ანაზღაურების, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბალანსისა და ფულადი გზავნილების გაუარესებამ შეიტანა. საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ICT სექტორის ექსპორტი, რამაც მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტიც გაზარდა.
ამავდროულად, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, აღნიშნული ფაქტორების მხრივ მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იკვეთება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წლიურად 10.5%-ით არის შემცირებული (პირველ კვარტალში 16.2%-ით ზრდა), ხოლო, სებ-ის მონაცემებით, სწრაფი ფულადი გზავნილების ზრდა 10%-ია (პირველ კვარტალში 3.2%-ით კლება).
რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, პირველ კვარტალში გამოსაყოფია სავალუტო რეზერვებისა და ნაღდი ფულის და დეპოზიტების დინამიკა, რომლებზეც დეფიციტის დაფინანსების სამ მეოთხედზე მეტი მოდიოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე კვარტალში სავალუტო რეზერვები, წინა კვარტალთან შედარებით, $377 მილიონითაა გაზრდილი, რაც სავალუტო ბაზარზე სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვასთან არის დაკავშირებული, ლარის მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების ფონზე. მარტიდან მაისის ჩათვლით პერიოდში სებ-მა ბაზარზე $613 მილიონი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, ინტერვენციები ივნისსა და ივლისშიც გრძელდება.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ბოლო პერიოდების მსგავსად, წამყვან როლს კვლავ რეინვესტირებული მოგება ასრულებდა, რომელზეც პირველ კვარტალში წმინდა პირდაპირი ინვესტიციების 67% მოდიოდა. საყურადღებოა პორტფელური ინვესტიციების დინამიკა, სადაც საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენა იკვეთება, რაც ისტორიულად საქართველოს საგადასახდელო ბალანსისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ ყოფილა. ამავდროულად, სახეზეა რეზიდენტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნაწილობრივი გამოსყიდვაც. სესხების კუთხით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მიერ მოზიდული სახსრები, დაახლოებით, თანაბარი იყო, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა პირველ კვარტალში სესხების მოცულობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006986-macro-update-georgia
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა როგორც ბიზნესის სავალდებულო მოთხოვნა - ინტერვიუ Green steps - ის აღმასრულებელ დირექტორთან
12.02.2026.16:00
Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განიხილავს გარემოსდაცვით სფეროში ბიზნესის მხრიდან სააგენტოსთვის ყოველწლიური ანგარიშგებების წარდგენის საკითხს.
- თქვენი გამოცდილებით, როგორ განვითარდა გარემოსდაცვითი მართვის კულტურა კომპანიებში ბოლო წლებში?
ბოლო წლებში კომპანიებში გარემოსდაცვითი მართვის კულტურა მნიშვნელოვნად განვითარდა და უფრო სისტემური გახდა. თუ წარსულში გარემოსდაცვითი საკითხები ხშირად აღიქმებოდა როგორც ერთჯერადი მოთხოვნა — მაგალითად, ნებართვის ან გზშ-ის ანგარიშის მომზადება — დღეს კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ გარემოსდაცვითი მართვა უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ეს გულისხმობს საქმიანობის დაგეგმვას, გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგს, მონაცემების შეგროვებას და რისკების დროულ იდენტიფიცირებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც რეგულაციების გამკაცრებამ, ისე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კონტროლის პრაქტიკის გაძლიერებამ. შედეგად, კომპანიებისთვის უფრო ცხადი გახდა, რომ გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ მთავრდება პროექტის დაწყებით ან ნებართვის მიღებით. სწორედ ამ კონტექსტში, ყოველწლიური ანგარიშგებები სულ უფრო მეტად იქცა არა ფორმალურ ვალდებულებად, არამედ გარემოსდაცვითი მართვის სისტემის განუყოფელ ნაწილად, რომელიც კომპანიებს ეხმარება საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალედ წარმოჩენასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შენარჩუნებაში.
- რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვით სფეროში, ბიზნესის მხრიდან სააგენტოსთვის ყოველწლიური ანგარიშგებების წარდგენა?
გარემოსდაცვით სფეროში ყოველწლიური ანგარიშგებები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სახელმწიფოს აძლევს საშუალებას რეალურ დროში აკონტროლოს, რამდენად შეესაბამება ბიზნესის საქმიანობა გარემოსდაცვით ნებართვებსა და კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. სააგენტოსთვის ეს არის ძირითადი ინსტრუმენტი გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და რისკების დროული იდენტიფიცირებისთვის, ხოლო ბიზნესისთვის — შესაძლებლობა, დაადასტუროს პასუხისმგებლიანი საქმიანობა, თავიდან აიცილოს სამართლებრივი რისკები და უზრუნველყოს საქმიანობის უწყვეტობა.
ძირითადად ყოველწლიური ანგარიშები მომდევნო წლის დასაწყისში წარედგინება ხოლმე სამინისტროს, ყველაზე ახლო პერიოდში ასეთი გახლავთ ატმოსფერული ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის (ანგარიშგების) ვალდებულება.
- ვის ეხება ატმოსფერული ჰაერის ანგარიშგების ვალდებულება და რა ვადაში უნდა წარედგინოს ატმოსფერული ჰაერის ანგარიში სახელმწიფოს?
ბოლო წლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხები სულ უფრო აქტუალური გახდა როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ბიზნესისთვის. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირად ვხედავთ, რომ ბევრმა საწარმომ არ იცის ან ბოლომდე არ აქვს გააზრებული, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა კანონით სავალდებულოა და მას მკაფიო ვადაც აქვს.
ანგარიშგების ვალდებულება ეხება ყველა საწარმოს, რომელსაც გააჩნია დაბინძურების სტაციონარული წყარო — იქნება ეს საწარმოო დანადგარი, ქვაბი, გენერატორი თუ სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა. ეს მოთხოვნა განსაზღვრულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონითა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
ანგარიშგება წარედგინება ყოველი საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, მკაცრად განსაზღვრულ ვადაში — არაუგვიანეს 15 თებერვლისა. აქვე გეტყვით, რომ ანგარიშის შევსება ხდება ელექრონულად https://emoe.gov.ge/, სამინისტროს პორტალზე.
- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საწარმო არ აწარმოებს ანგარიშგებას?
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ექვემდებარება სანქციებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ამ კონრეტულ შემთხვევაში ჯარიმა გახლავთ 150 ლარის ოდენობით.
მართალია, აღნიშნული ჯარიმა ფინანსური თვალსაზრისით მაღალი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება კომპანიის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება. მსგავსი დარღვევები შესაძლოა გახდეს როგორც კონტროლის ორგანოების მხრიდან მომატებული ყურადღების საფუძველიც.
- როგორია თვქენი როლი ამ პროცესში?
გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიის როლი ბევრად ფართოა, ვიდრე უბრალოდ დოკუმენტების შევსება. ჩვენი ამოცანაა, ბიზნესს დავეხმაროთ კანონმდებლობის შესრულებაში ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რისკები.
ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე სერვისი, რასაც ჩვენი ექსპერტების დახმარებით ვთავაზობთ ბიზნესს, ეს გახლავთ: ზდგ-ის დოკუმენტის მომზადება, ე.წ „პად“-ების მომზადება, ყოველწლიური ანგარიშგება და ა.შ. ყველა ზემოაღნიშნულის შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ, რომ ანგარიშები დროულად და კორექტულად იყოს წარდგენილი.