თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
24 მარტს, თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კაპიტალის ბაზრების პირველი საერთაშორისო კონფერენციის მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესის შემდეგ, წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული რეგიონული ფორმატით ბრუნდება. კონფერენციის ცენტრალურ თემას წარმოადგენს საქართველო და ქვეყნის მზარდი როლი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე. ამასთან ერთად, კონფერენცია მოიცავს ფართო რეგიონულ კონტექსტს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უზბეკეთზე - როგორც გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზარზე.
ღონისძიება 400-ზე მეტ მოქმედ და პოტენციურ ბაზრის მონაწილეს გააერთიანებს საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Bank of America, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Latham & Watkins; აგრეთვე რეგიონის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და სახელმწიფო უწყებებისა და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებსა და ინსტიტუციურ ინვესტორებთან გამართონ პირისპირ შეხვედრები.
“საქართველოში საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა უკვე 3 მლრდ. ლარს უახლოვდება. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს სხვადასხვა პროფილის ემიტენტებისგან. ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზარზეც. თიბისი კაპიტალი, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის უპირობო ლიდერი, მზარდ ინტერესს საერთაშორისო პლატფორმის შექმნით პასუხობს. უკვე მეორედ ვატარებთ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც რეგიონის მთავარი დარგობრივი ღონისძიებაა. კონფერენცია ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ახალი კავშირების დამყარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბებას კაპიტალის ბაზარზე” - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„JP Morgan-ში დიდი ინტერესით ველით კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც თიბისი კაპიტალი უკვე მეორედ აორგანიზებს. 2024 წლის ღონისძიებაზე წარმატებულად ვითანამშრომლეთ და წელს თბილისში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციით ვიქნებით წარმოდგენილი. ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია ინფორმაციის გაცვლის ძალიან ეფექტური გზაა: ეს არის პლატფორმა ინვესტორებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე; მათ, ასევე, აქვთ შანსი, შეხვდნენ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ემიტენტებს. ეს კი საუკეთესო გზაა ქვეყნის, რეგიონისა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად”,- სტეფან ვაილერი, JP Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი.
“საქართველოს კაპიტალის ბაზარი საკმაოდ აქტიურად და სწრაფად ვითარდება, რაც ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია. გამორჩეული იყო ამ მხრივ გასული, 2025 წელიც, როდესაც გამოშვებული საჯარო კორპორატიული ობლიგაციების მოცულობამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი ხდება ქართული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სტრუქტურა და ვხედავთ დაინტერესებას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდანაც. საქართველოსადმი გაზრდილ ნდობაზე ნათლად მიუთითებს, წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების წარმატებული ემისია. მოხარული ვარ, რომ ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია. თიბისი კაპიტალისა და ჩვენი მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ J.P. Morgan, Aberdeen, Vontobel, Ashmore და სხვა კომპანიები, რომლებთანაც არაერთი შეხვედრა გვექნება“, - ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
დღის ტოპ 10 სიახლე
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
სხვა სიახლეები
ნებისმიერი ინვესტორისთვის და განსაკუთრებით დარგობრივი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები - GWP-ის ტექნიკური დირექტორი
19.02.2026.13:37
საქართველოს აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო, ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს ევროპელების შეფასებაა, - აცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია GWP-ის კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძე. მისი თქმით, ევროპული კომპანია „აქვალია“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს და საკუთარი რეპუტაციის დაცვის მიზნით აქ უნიკალურ სრულ წყალმომარაგების ციკლს მართავს თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
არის ასე ვთქვათ სტანდარტული კონკურენტული უპირატესობები და არის კიდევ ცოტა არასტანდარტულიც. სტანდარტული არის ის, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ იყოს საინტერესო ქვეყანა და ყოფილიყო ის ასე ვთქვათ ამ ფორუმის სამშობლოც. არის ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო. ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროპელების შეფასება. ის რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მარეგულირებელი სისტემა, გამორჩეულად კარგი და ამასაც ყოველთვის აღნიშნავს "აქვალიას" მენეჯმენტი. ეს არის ასე ვთქვათ ობიექტური კრიტერიუმები.
სუბიექტური კრიტერიუმი არის ის, რომ "აქვალიას" ნამდვილად აქვს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ასე ვთქვათ თავიანთ რეპუტაციას ამ ქვეყანაში, ყველგან უფრთხილდებიან მაგრამ საქართველო მათთვის არის სავიზიტო ბარათიც, სადაც მათ აქვთ სრული წყალმომარაგების ციკლი - დაწყებული მოპოვებით დამთავრებული ონკანამდე მიტანით - თბილისში, რუსთავში და მცხეთაში. ამიტომ მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა და ყველაფერმა ამან ერთად განაპირობა, რომ ფორუმი ჩატარდა სწორედ საქართველოში და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ისიც, რომ ეს იყო ჩვენი, ანუ ქართული გუნდის იდეა და ამანაც რა თქმა უნდა თავისი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ეკა ბერიძემ.
კომპანია GWP-ის ტექნიკური დირექტორის გიგა ნადირაძის განცხადებით, დარგობრივი ინვესტორისთვის საქართველოში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები.
„ნებისმიერი ინვესტორისთვის და განსაკუთრებით დარგობრივი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები. როდესაც წყალმომარაგების სექტორზე ვსაუბრობთ, ძირითადი საკითხები ინვესტიციებს ეხება, რადგან დარგი ამას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ინვესტიციების შეფასება, შეთანხმება, მათი შემდგომი ასახვა ტარიფში და მეორე, როგორ ხდება, რა პრინციპზე დაყრდნობით ხდება ტარიფების დადგენა, გადახედვა, შეფასება და ასე შემდეგ.
დამოუკიდებელი მარეგულირებლის ინსტიტუტი ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტი მოწესრიგებული იყოს დადგენილებებით, კანონმდებლობით, რომელიც გამჭვირვალობას ქმნის ამ ბიზნესში.
ასევე, აუცილებელია ვიცოდეთ სახელმწიფოს პოლიტიკა როგორია ინვესტორთან მიმართებაში და ასე შემდეგ და დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ინვესტორების მაქსიმალურ ხელშეწყობას, დახმარებას, მოზიდვას უცხოური ინვესტიციების საქართველოში, ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთი დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ბიზნესის განხორციელება საქართველოში და მესამე, როდესაც "აქვალია" შემოდიოდა საქართველოში, თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში წინსწრებით იყო შესწავლილი ის გამოწვევები რაც უშუალოდ სისტემას გააჩნდა. შესაბამისად, სისტემა თვითონ დარგობრივი ინვესტორისთვის იძლევა იმ საშუალებას, რომ აქ ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შეგვიძლია ძალიან კარგი წარმატებული მაგალითი ვაჩვენოთ სხვა დანარჩენ ქვეყნებს და მათ შორის რეგიონში და არა მარტო. ამიტომ ეს სამი სხვადასხვა მიზეზი იყო რა თქმა უნდა სხვა საკითხებთან ერთად ძირითადი“, - აცხადებს გიგა ნადირაძე.