თიბისი კამპუსის განათლების პროგრამებზე 3500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.
თიბისი კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 3562 ახალგაზრდა დარეგისტრირდა, ონლაინ სწავლება კი მაისიდან დაიწყება.
კამპუსის სტუდენტები 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარებას, IT ბიზნეს ანალიზსა და ბაზრის კვლევას, ციფრულ მარკეტინგს, სარეკლამო კონტენტის შექმნასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO.
თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.
თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. გასულ წელს, კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს.
მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ევროპული ბაზრების გარდა ინტენსიურად ვმუშაობდით ჩინურ და ინდურ ბაზრებთან - გორგია
02.01.2026.14:00
„გორგიასთვის“ 2025 წელი საერთაშორისო გაფართოებისა და მასშტაბური ზრდის წელი აღმოჩნდა - კომპანია სომხეთში დიდი ობიექტის გახსნითა და აზერბაიჯანში საქმიანობის დაწყებით ახალ საქმიანობის ეტაპზე გადავიდა.
ადგილობრივ ბაზარზეც სტაბილური ზრდა დაფიქსირდა. 2026 წელს „გორგია“ კიდევ უფრო გააძლიერებს გაფართოებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
უფრო დეტალურად „გორგიას“ გეგმებზე Business Insider Georgia „გორგიას“ გენერალურ დირექტორს თორნიკე გურულს გაესაუბრა:
- როგორ აფასებ „გორგიას“ ოპერირებას 2025 წელს? რა მიმართულებებში დაფიქსირდა ყველაზე დიდი ზრდა და სად დაინახეთ ყველაზე მეტი პოტენციალი, რაზეც მუშაობა 2026 წელს კიდევ უფრო გაღრმავდება?
- 2025 წელი „გორგიასთვის“ იყო ისტორიული, რადგან ჩვენ საცალო მიმართულებით 3 000 კვ/მ ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება. სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც და ეს ორი მიმართულება „გორგიასთვის“ 2025 წელს ყველაზე პრიორიტეტული იყო.
2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტული ზრდა გვქონდა. ჯერ საბოლოო მაჩვენებლები ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ მიმდინარე წელს ზრდით დავასრულებთ. ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 15-დან 20%-მდე ზრდა გვექნება 2025 წელს, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია.
2026 წლისთვის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ობიექტს დავამატებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თბილისში კიდევ ერთი ობიექტის დამატებაზე. ასევე უახლოეს პერიოდში გავხსნით ჩვენს ჰიპერმარკეტს ფოთში. თბილისში მალე გვექნება - გლდანში „სითი მოლის“ რემონტის გამო დაკეტილი იყო ჩვენი ობიექტი და ამ ობიექტს ახლიდან გავხსნით. შესაბამისად 2026 წელს თბილისში 2 ობიექტი დაგვემატება. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ორ სხვადასხვა ქალაქში ობიექტის გახსნაზე, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ.
- წლის დასაწყისში თიბისი კაპიტალიც და Galt & Taggart-იც აცხადებდნენ, რომ 2024 წლისგან განსხვავებით 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა შედარებით დასტაბილურდებოდა. როგორ აისახა ბაზრის განვითარების ტენდენციები „გორგიას“ გაყიდვებსა და მიწოდებაზე?
- ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, არა მხოლოდ სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით ვმუშაობთ - გვაქვს ასევე დიდი ასორტიმენტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, სახლის დეკორაციის და სხვა მრავალი მიმართულების. გვაქვს მრავალფეროვანი ავეჯიც. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის დივერსიფიცირება ჩვენს ბიზნესში გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად გვქონდეს ზრდა. თუ რომელიმე სექტორი სტაბილურად ვითარდება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ ერთ სექტორზე ვართ ორიენტირებულები - მრავალი სექტორის გააქტიურება გვაძლევს ზრდის შესაძლებლობას.
ასევე ჩვენ ვართ ფასზე ორიენტირებული ქსელი და ვცდილობთ, რომ ისეთი ტიპის შეთავაზებები გავუკეთოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი „გორგიაზე“ გააკეთონ, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავიზარდოთ.
- წლის განმავლობაში რამდენიმე აქცია ჩაგიტარებიათ, მათ შორის 60%-ზე მეტი ფასდაკლებით. გარდა გაყიდვების სტიმულირებისა, გეხმარებათ თუ არა ეს აქციები ბაზრის წილის ზრდაში და დღეს თუ გაქვთ დათვლილი, „გორგიას“ წილი რამდენ პროცენტს შეადგენს?
- მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ეს მაჩვენებლები ზუსტად დათვლილი გვაქვს, თუმცა ყოველთვის გვაქვს დიდი და გრანდიოზული აქციები. წლის განმავლობაში სამი განსაკუთრებული პერიოდი გვაქვს: დაბადების დღის აქციები ივლისში, „შავი პარასკევის“ აქციები ნოემბერში და გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები, რომლებიც ყველაზე მეტ ფინანსურ შემოსავალს გვაძლევს. პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზებები შევქმნათ.
- საინტერესოა, „გორგიაში“ დღეისთვის პროდუქციის რა პროცენტი მოდის ადგილობრივ წარმოებაზე და აწარმოებთ თუ არა გარკვეულ წახალისებებს ქართველი მეწარმეებისთვის?
- ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ადგილობრივ წარმოებას, თუმცა ჩვენს სექტორში ზოგადად ძალიან მცირე წილი უკავია ადგილობრივ პროდუქციას. რაც შეეხება ხელსაწყოების, ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებას - ეს მიმართულებაც მცირეა, რომ აღარაფერი ვთქვათ აბაზანის, ფილებისა და მსგავს კატეგორიებზე. თუმცა „გორგია“ მაქსიმალურად ხელს უწყობს საქართველოში არსებულ საწარმოებს: მაგალითად, ბაღის მიმართულებით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანიებთან, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ავეჯის მიმართულებით. სამშენებლო მასალებშიც არიან ადგილობრივი მწარმოებლები, თუმცა მათი წილი კვლავ ძალიან დაბალია.
- როგორია „გორგიას“ ურთიერთობა საერთაშორისო ბრენდებთან და 2026 წელს იგეგმება თუ არა ახალი ბრენდების დამატება?
- 2025 წელს ჩვენ დავიმატეთ და გავაფართოვეთ თანამშრომლობა ბევრ ევროპულ ბრენდთან. ევროპული ბაზრების გარდა ინტენსიურად ვმუშაობდით ჩინურ და ინდურ ბაზრებთან, ასევე თურქულ ბაზართან. თუმცა არსებული ვითარების გამო თურქეთიდან პროდუქტის შემოტანა თანდათან ძვირდება, რის შედეგადაც თურქეთის წილი მცირდება და მას აზიური ბაზრები ანაცვლებს, სადაც წარმოება გაცილებით იაფია.
- რატომ „გორგია“? რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?
- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მომხმარებელზე ორიენტირებულობა, რაც ორ მთავარ პარამეტრში ჩანს: ეს არის საბაზროზე დაბალი ფასები. ფასები ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და მეორე, ფართო ასორტიმენტი და გეოგრაფიული დაფარვა, რომელიც გვაქვს დილერების სახით.